კოლუმბამდელი ამერიკის კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რელიეფური სკულპტურა პალენკედან

კოლუმბამდელი ამერიკის კულტურა ესაა იმ ხალხების კულტურა, რომლებიც ამერიკის კონტინენტზე, ევროპელი კოლონიზატორების მოსვლამდე ცხოვრობდნენ,თანამედროვე მექსიკის, ცენტრალური ამერიკის, კარიბებისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

როცა საჭიროა იმის განსაზღვრა, თუ საზოგადოების განვითარების რომელ სტადიას მიეკუთვნება ესა თუ ის უძველესი კულტურა, მეცნიერები პასუხობენ გარკვეულ კითხვებს:

  • ჰქონდათ თუ არა ამ ხალხებს დამწერლობა? იყო თუ არა ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალებები?
  • არსებობდა თუ არა კერამიკა? გამოიყენებოდა თუ არა მის დასამზადებლად სამეთუნეო დაზგა?
  • რისგან ამზადებდნენ შრომის იარაღებს?
  • გამოიყენებოდა თუ არა გამწევი ცხოველები? იყენებდნენ თუ არა ბორბალს?
  • იგებოდა თუ არა ქვისგან მონუმენტური ნაგებობები? ამკობდნენ თუ არა მათ ფასადებს ღმერთებისა და მეფეების სკულპტურული გამოსახულებებით?
  • იყო თუ არა ჩამოყალიბებული სახელმწიფო აპარატი: მოხელეები, არმია, პოლიცია? არსებობდა თუ არა კავშირები ცალკეულ ქალაქებსა და ოლქებს შორის?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას დავინახავთ, რომ ამერიკის ცივილიზაციებში დამწერლობა არსებობდა (იეროგლიფური, კიპუ). ამერიკის ხალხებმა არ იცოდნენ სამეთუნეო დაზგა, მაგრამ მათი კერამიკული ნაკეთობები მნახველის გაოცებას იწვევს თავისი სინატიფით, ორნამენტებითა და მოხატულობით. ზოგჯერ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლებმა ჩინელებზე უფრო ადრე ამოხსნეს ფაიფურის საიდუმლოება. ძველმა ამერიკელებმა არ იცოდნენ რკინა, მაგრამ იცოდნენ სპილენძი და ბრინჯაო (ძვ.წ. 1 ათასწლეულში).

გამწევი ცხოველები ამერიკის კონტინენტზე არ იყო. სამხრეთამერიკული ცხოველი ლამა, აქლემის სიმპათიური ნათესავი, არ გამოდგებოდა გამწევ ძალად, მაგრამ ტვირთმზიდავ ცხოველად მას იყენებდნენ და დღესაც იყენებენ.

კოლუმბამდელი ამერიკის ყველა ცივილიზაციაში იგებოდა მონუმენტური ნაგებობები, მაგრამ აქ ჩანს ერთი მეტად საინტერესო კანონზომიერება - ამ უზარმაზარ პირამიდებსა და ტაძრებში სასარგებლო ფართობი უაღრესად მცირე იყო. ნაგებობების შიგთავსი არ იყო გათვალისწინებული ხალხის დიდი მასებისთვის, ის იყო ნაგებობები რჩეულთათვის.

განვითარებული და ზოგჯერ უაღრესად რთული იყო სახელმწიფო სტრუქტურაც, ხელისუფლების ორგანოები. როგორც ჩანს, ამერიკის კომლუმბამდელ ცივილიზაციებში არმიაც არსებობდა, რადგან მათი ისტორია, როგორც ამას არქეოლოგიური გათხრები მოწმონებ, ომების ისტორიაა. ამ ცივილიზაციებში ასევე არსებობდა კავშირგაბმულობაც. ცნობილია, რომ ინკების სახელმწიფოში საფოსტო მომსახურებისათვის გამოიყენებოდა 400 მალემსრბოლი - ჩასკი, რომლებიც სპეციალური, შესანიშნავად მოკირწყლული გზებით დაატარებდნენ წერილებს, დაწერილს კიპუს ანბანით.

ყოველივე ეს მიუთითებს კულტურისა და განვითარების მაღალ დონეზე, რომელიც არსებობდა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის უძველეს ცივილიზაციებში და რომლებიც ბევრად არ ჩამორჩებოდნენ ძველი ეგვიპტის, შუამდინარეთისა და ჩინეთის ცივილიზაციებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გივი ბოლოთაშვილი, მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია. თბ. 2004