კოლექტიური მეხსიერება

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლექტიური მეხსიერება (Collective memory) - საერთო მეხსიერებაა, რომელიც გადაიცემა და კონსტრუირდება ჯგუფის მიერ. ტერმინი „კოლექტიური მეხსიერება“ ეკუთვნის ფრანგ სოციოლოგს მორის ჰალბვაქსს, რომელმაც ის ინდივიდუალური მეხსიერებისგან განასხვავა.

კოლექტიური მეხსიერება ემყარება რეპრეზენტაციული ფორმების მუდმივ წარმოებას. კონკრეტული ნარატივები და ხატები მუდამ განიცდის კვლავწარმოებას და ფორმირებას.

ჰალბვაქსის შემდეგ კოლექტიური მეხსიერების ცნება სხვადასხვა კუთხით იქნა დამუშავებული და გავრცობილი. მაგალითად, ჯეიმს იანგმა კოლექტიური მეხსიერების ნაცვლად შემოიტანა დაგროვილი მეხსიერების (Collected memory) ცნება. ამით მან ხაზი გაუსვა მეხსიერების ფრაგმენტულ, დაგროვილ და ინდივიდუალურ არსს. იან ასმანმა განავითარა კომუნიკაციური მეხსიერების ცნება, როგორც კოლექტიური მეხსიერების ერთ-ერთი სახე, რომელიც ყოველდღიურ კომუნიკაციას ეფუძნება. მეხსიერების ეს ფორმა კოლექტიურ ხასიათს ზეპირი ურთიერთგაცვლის (ორალური ისტორიის) პროცესში იღებს. ასმანის მიერ გამოყოფილი კოლექტიური მეხსიერების მეორე ფორმა არის ყოველდღიურობიდან გამოყოფილი კონკრეტული, მატერიალიზებული და ფიქსირებული ობიექტივები, მაგალითად, ტექსტები და მონუმენტები. იან ასმანმა განავითარა ასევე ტერმინი კულტურული მეხსიერება.

ამერიკელი სოციოლოგის ევიათარ ზერუბაველის აზრით, კოლექტიური მეხსიერება საერთოა ოჯახებისათვის, ეთნიკური ჯგუფებისათვის, ნაციებისათვის და სხვა მნემონიკური ერთობებისათვის. კოლექტიური მეხსიერება არ არის რომელიმე ერთობის წევრთა პირადი მოგონებების უბრალო ერთობლიობა. ის მოიცავს იმ მოგონებებს, რომლებიც საერთოა ერთობის, როგორც ჯგუფის, ყველა წევრისათვის.

ჯ. ვერჩის თანახმად, კოლექტიური მეხსიერება არის მეხსიერება, რომელიც განპირობებულია სხვადსხვა, პირველ რიგში, ისტორიული ხასიათის მოთხრობებით, ნარატივებით. შესაბამისი ტექსტები (ანალები, ქრონიკები, სკოლის სახელმძღვანელოები და ა.შ.) განიხილება, როგორც ინსტრუმენტები კოლექტიური დამახსოვრებისათვის.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე