კლოდ ბერნარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლოდ ბერნარი

კლოდ ბერნარი (ფრანგ. Claude Bernard; დ. 12 ივლისი, 1813, სენ-ჟულიენი — გ. 10 თებერვალი, 1878, პარიზი) — ფრანგი ფიზიოლოგი და პათოლოგი, თანამედროვე ფიზიოლოგიის და ექსპერიმენტული პათოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1854). 1839 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ფრანსუა მაჟანდის ლაბორატორიაში. 1854 წელს პარიზის უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიოლოგიური კათედრის, ხოლო 1868 წლიდან ბუნებისმეტყველების მუზეუმის შედარებითი ფიზიოლოგიური კათედრის ხელმძღვანელი. 1843 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი სანერწყვე ჯირკვლის სეკრეტორული ნერვის ანატომიასა და ფიზიოლოგიაზე, შემდეგ კი მთელი რიგი გამოკვლევები კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის, ღვიძლის მიერ გლიკოგენის წარმომქმნელი ფუნქციის, კუჭის წვენისა და კვებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ. ბერნარმა შეისწავლა ნახშირწყლების ცვლა და დაადგინა, რომ მის რეგულაციაში მონაწილეობს ღვიძლი და ცენტრალური ნერვული სისტემა. 1853 წელს აღმოაჩინა სიმპათიკური ნერვული სისტემის ფუნქცია, რაც სისხლძარღვთა მოძრაობისა და სხეულის ცალკეული ნაწილების სისხლით მომარაგების რეგულაციაში მდგომარეობს. ბერნარის გამოკვლევებს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ფიზიოლოგიაში, არამედ ფარმაკოლოგიაში, ტოქსიკოლოგიის, პათოლოგიებში და სხვა სამედიცინო დისციპლინებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ბერნარის აზრით, სიცოცხლის ყველა მოვლენა განპირობებულია მატერიალური მიზეზებით, რომელთა საფუძვლები ფიზიკურ-ქიმიური კანონზომიერებებია, იგი მაინც ფიქრობდა, თითქოს არსებობს რაღაც შეუცნობელი მიზეზები, რომლებიც ქმნიან სიცოცხლეს და ადგენენ მის კანონებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]