კლდის მხატვრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლდის მხატვრობა, პეტროგლიფი — გამოქვაბულთა კედლებზე, ჭერზე, კლდეებზე თუ ცალკეულ ქვებზე შესრულებული უძველესი გამოსახულებანი. გვხვდება დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში და მიეკუთვნება სხვადასხვა ეპოქას — პალეოლითიდან შუა საუკუნეებამდე. პალეოლითის ხანის, კლდის მხატვრობის ნიმუშები დიდი რაოდენობით გვხვდება სამხრეთ საფრანგეთის გამოქვაბულებსა და გროტებში (კომბარელი, მონტესპანი, ლასკო და სხვა). ჭარბობს ბიზონების, ცხენების, მამონტების, მარტორქების ფიგურები, იშვიათია დათვის, გამოქვაბულის ლომის და სხვა გამოსახულებანი. პალეოლითური კლდის მხატვრობის ნიმუშები ნაპოვნია კაპოვის მღვიმეში (ურალზე), სოფ. შიშკინოს კლდეებზე (ციმბირში მდინარე ლენაზე). მკვლევართა აზრით, კლდის მხატვრობის მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. მისი შესრულების სტილი და ტექნიკა მრავალფეროვანია — გვხვდება კონტურული, ამოკაწრული, პოლიქრომული ნახარი (იყენებდნენ მინერალურ საღებავებს), ბარელიეფი. სკანდინავიის, (ალტას კლდის მხატვრობა), აღმოსავლეთ ესპანეთის,[1][2] სამხრეთ იტალიის, ჩრდილოეთ აფრიკის (ტალისინ-აჯერი), ცენტრალური და აღმოსავლეთი საჰარის მხატვრობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ნადირობის, ბრძოლების, რიტუალების ამსახველ რთულ კომპოზიციებს. კლდის მხატვრობა ფართოდ გავრცელდა ბრინჯაოს, განსაკუთრებით ადრინდელი რკინის ეპოქაში.

საქართველოში აღსანიშნავია მღვიმევის (ზედა პალეოლითი) კლდის მხატვრობა. კლდის მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუშები ნაპოვნია წალკის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, სოფ. თაქ-ქილისას ამავე სახელწოდების მდინარის მარჯვენა ნაპირზე, 1976 წელს აქ თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ. გაბუნია) ამოკაწრულ, ხაზოვან-გეომეტრიულ პეტროგლიფებს მიაკვლია, რომლებზეც გამოსახულია ცხოველები — ცხენი, ირემი, ჯიხვი, მელია, შველი, აქლემი, ლომი და სხვა. აგრეთვე ფანტასტიკის არსებანი, სხვადასხვა ხასიათის სცენები, ადამიანთა, მზის, ჯვრების გამოსახულებები, გეომეტრიული ფიგურები. აღნიშნული ნახატები სხვადასხვა პერიოდისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ker Than. (14 June 2012)World's Oldest Cave Art Found—Made by Neanderthals?. National Geographic.
  2. Clottes, Jean (2003). Chauvet Cave: The Art of Earliest Times, Paul G. Bahn (translator), University of Utah Press. ISBN 0-87480-758-1.  Jonathan Amos. (June 14, 2012)Red dot becomes 'oldest cave art'. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-06-15-ში. წაკითხვის თარიღი: 15 June 2012.:Translation of La Grotte Chauvet, l'art des origins, Éditions du Seuil, 2001, p. 214.