კირუშ დიდი
ვიკიპედიიდან
კირუშ ან კურუშ ან კუროშ დიდი (ძვ. სპარს.: 𐎤𐎢𐎽𐎢𐏁[1], Kūruš,[2] თან. სპარს.: کوروش بزرگ, Kurosh-e Bozorg) (დ. დაახ. ძვ. წ. 590 ან 576 — გ. აგვისტო, ძვ. წ. 530), ასევე ცნობილი როგორც კირუშ II და კირუშ უფროსი — სპარსეთის იმპერიის დამფუძნებელი აქამენიდთა დინასტიის პერიოდში. დაიპყრო მიდია და ორი ირანული სამეფო გააერთიანა. მეფობდა ძვ. წ. 559 წლიდან გარდაცვალებამდე. მისი მმართველობის პერიოდში იმპერიამ მოიცვა მთელი სამხრეთდასავლეთი აზია და ცენტრალური აზიის დიდი ნაწილი, ეგვიპტიდან და ჰელესპონტიდან დასავლეთით მდინარე ინდუსამდე აღმოსავლეთით, შექმნა რა უდიდესი სახელმწიფო ისტორიაში.

