კაცხის ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაცხის ტაძარი
Church of Katskhi, Georgia.jpg

კაცხის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
რაიონი ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა კაცხი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი
თარიღდება XI საუკუნე

მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი — მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარე კაცხურას ხეობაში.

ისტორია[რედაქტირება]

ხატი კაცხის ეკლესიიდან

კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.

არქიტექტურა[რედაქტირება]

კაცხის ტაძრის გეგმა

ტაძარი აგებულია XI საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი ნაწილი 1010—1014 წლებშია აშენებული, 30 წლით გვიან სამი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი.

ნაგებობას გარს აკრავს ხუთკუთხა გალავანი (აღადგინეს 1937). ტაძარს აქვს ძველი სამრეკლო, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს. კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.

ნაგებობა მთლიანად შემკული იყო მდიდრული ჩუქურთმებით, მაგრამ 1854 წელს ტაძარს საფუძვლიანი „რესტავრაცია“ ჩაუტარეს, რის შედეგადაც ძირითად კორპუსს მოხნეს ძველი პერანგი (რომელსაც ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებდა) და თავიდან მოაპირკეთეს. დღეისათვის პირვანდელი სახე მხოლოდ გარშემოსავლელის ნაწილს აქვს შენარჩუნებული. კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. სამწუხაროდ, ამ ხელოვნების ნიმუშსაც არ აქვს შენარჩუნებული პირვანდელი იერი, რადგან გაუგებარი მიზეზების გამო თეთრი საღებავი აქვს გადასმული. ტაძრის ეზოში გვხვდება ლომის მონუმენტური ბარელიეფი, რომელიც სავარაუდოდ ნაგებობის კედელზე იყო განთავსებული, მაგრამ 1854 წლის „რესტავრაციის“ შემდეგ ჩამოხსენეს. ეკლესიის ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ვ. წერეთელი, ჟამი შენებისა, ქუთაისი 2010 წ.