კარგარეთელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარგარეთელები — ქართველი კალიგრაფები. სვიმონი (XVI ს.) იღვწოდა სამხრეთ საქართველოს სავანეებში. მისი სახელი იხსენიება 1233-ით დათარიღებული ხელნაწერის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ხელნაწერთა ინსტიტუტი A-85) ერთ ანდერძში. როგორც ჩანს, მას აღუდგენია ეს ხელნაწერი. 1541 გადაუწერია პოლემიკურ-დოგმატიკური და სამეცნიერო კრებული (S-312). ეს 108-ფურცლიანი მცირე ზომის წიგნი (22,8x16,8 სმ) გადაწერილია ნუსხურით, შავი მელნით, ერთ სვეტად, არაჩვეულებრივად წვრილი ასოებით. წიგნი მაღალი კალიგრაფიული ოსტატობის ნიმუშია. ასევე მაღალმხატვრულ დონეზე დგას სვიმონის მიერ გადაწერილი დიდი ფორმატის (2 ტომად შეკრული) გულანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-197).

იესეს (XVII ს.) გადაწერილია სადღესასწაულო (ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1018). ეს მოზრდილი წიგნია (28x19,7 სმ, 364 ფურცელი), ხელნაწერი ორსვეტოვანია, შესრულებულია ნუსხურით, შავი მელნით. სინგური ტრადიციულადაა გამოყენებული, თავსამკაულები ვერ არის მაღალ დონეზე შესრულებული, მაგრამ ნწერი ბრწყინვალე კალიგრაფიული ოსტატობით გამოირჩევა. ხელისა და თავსამკაულის მიხედვით ნამუშევარს XVII საუკუნით ათარიღებენ.

ამბროსე გაბრიელის ძე მონაწილეობდა ბედიის გულანის (A-187) გადაწერაში გაბრიელ ლომსიანისძესა და საბა ნაჭოფაძესთან ერთად. ამბროსეს ხელითაა ნაწერი 130-194 და 582-610 ფურცლები. იგი შესანიშნავი ოსტატი ყოფილა, ნუსხურით მწერალთაგან ერთ-ერთი საუკეთესო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ქსე, ტ. 5, გვ. 398, თბ., 1980