კანცონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კანცონა (იტალ. Canzone — სიმღერა) — ლირიკული ლექსი რაინდულ სიყვარულზე შუა საუკუნეების პოეზიაში. თავდაპირველად წარმოიქმნა პროვანსში, შემდეგ გავრცელდა მთელ საფრანგეთსა და იტალიაში (XIII-XVII სს.), სადაც დადგინდა მისი საბოლოო სახელწოდება. კანონას ფორმა სტროფულია (5—7 სტროფი). მისი კლასიკური ნიმუშები შექმნეს დანტემ და პეტრარკამ, აგრეთვე ბოკაჩომ, გ. კავალკანტიმ, ჩინო დე პისტოიამ. კანცონა თავიდანვე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკასთან. XVI-XVII სს. იტალიაში გაჩნდა საკრავიერი კანცონები. კანცონებს წერდნენ კომპოზიტორები ა. გაბრიელი, კ. მერულო, ჯ. ფრესკობალდი, დ. ბუქსტეჰუდე და იოჰან სებასტიან ბახი. კანცონას განვითარებამ გამოიწვია საანსამბლო ჟანრის — კონჩერტო გროსოს — წარმოშობა. კლავიშიანი საკრავების კანცონები თანდათანობით გადაიზარდა ფუგაში, ხოლო თანხლებიანი სოლო საკრავის კანცონამ განაპირობა სონატის წარმოშობა. XVIII-XIX სს–ში სახელწოდება „კანცონა“ იხმარება ვოკალური მუსიკალური პიესების აღსანიშნავად. XX საუკუნეში გვხვდება როგორც პოეტური სტილიზაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კანცონა — მოკლე ლიტერატურული ენციკლოპედია