კანოსაში წასვლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ IV და პაპი გრიგოლ VII კანოსაში

კანოსაში წასვლა1077 წლით დათარიღებული ეპიზოდი შუა საუკუნეების ევროპის ისტორიიდან, დაკავშირებული რომის პაპის გრიგოლ VII–ის და გერმანიის საღვთო რომის იმპერატორის ჰაინრიხ IV-ის ბრძოლასთან.

ისტორია[რედაქტირება]

1073 წელს გრიგოლ ჰილდებრანდმა რომის პაპად არჩევის შემდეგ ახალი წესრიგის დამყარება და ცხოვრებაში გატარება დაიწყო, რომელიც ჩამოყალიბდა მის მიერ შედგენილ პაპების დიქტატში – Dictatus Papae, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყველა მეფე პაპს უნდა დამორჩილებოდა. გრიგოლ VII-მ ისარგებლა ჰაინრიხის მცირეწლოვანებითა და საქსონიის აჯანყებით (1073–1075), აღასრულა ცელიბატის დაკანონება მთელი სასულიერო წოდებისათვის – ეპისკოპოსების ჩათვლით, 1075 წელს კი მან საერო ინვესტიტურის გაუქმების შესახებ დადგენილება გამოიტანა და გერმანიის იმპერატორი საბოლოოდ გადაიმტერა.

ჰაინრიხ IV-მ პაპის საწინააღმდეგოდ, რამდენიმე პირი ეპისკოპოსად დანიშნა, რასაც გრიგოლ VII-ის მუქარით სავსე ეპისტოლე მოჰყვა. მაგრამ ჰაინრიხმა უკან არ დაიხია, მან ვორმსის საეკლესიო კრებაზე გრიგოლ VII გადაყენებულად გამოაცხადა, პაპს კი რომში შეურაცხმყოფელი წერილი გაუგზავნა – „ჰილდებრანდს, ახლა უკვე არა პაპს, არამედ ცრუ ბერს“. ბოლოს კი აღნიშნული იყო: „ჩვენ, ჰაინრიხი, მეფე ღვთის წყალობითა (და არა პაპისა), ყველა ჩვენ ეპისკოპოსებთან ერთად გეუბნებით შენ – გაეცალე, გაეცალე“.

გრიგოლ VII-მ საპასუხოდ მოიწვია ლატერანის კრება და ჰაინრიხ IV ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა, თუმცა, ყველაზე დიდი დარტყმა გერმანიის იმპერატორისთვის ის იყო, რომ პაპმა ჰაინრიხი გერმანიის იმპერატორის ფიცისაგან გაათავისუფლა, რაც საქსონიის აჯანყების შემდეგ დაშოშმინებული ძლიერი ოპოზიციის ახალ გამოსვლას ნიშნავდა. ამასთან ერთად, თუ იმპერატორი განკვეთას ერთი წლის და ერთი დღის განმავლობაში არ მოიხსნიდა, ოპოზიციას ახალი მეფის არჩევა შეეძლო.

ჰაინრიხ IV კანოსას ციხესიმაგრესთან

ჰაინრიხ IV დათმობაზე წავიდა და გადაწყვიტა პაპისთვის პატიება ეთხოვა. ის მცირე ამალასთან ერთად იტალიაში ჩავიდა. პაპი ჩაიკეტა ციხესიმაგრე კანოსაში. 1077 წლის იანვარში, სამი დღის განმავლობაში, ფეხშიშველი, მშიერ–მწყურვალი და მომნანიე ბერის სამოსში გამოწყობილი გერმანიის ამაყი იმპერატორი პაპის აუდიენციას ელოდებოდა. ბოლოს, პაპმა ჰაინრიხი მიიღო, ამ უკანასკნელმა მოინანია, თუმცა, ეს მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი იყო, რამაც მას ამოსუნთქვის საშუალება მისცა გერმანელი მთავრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • „კანოსაში წასვლა“ დამამცირებელი კაპიტულაციის აღმნიშვნელ ფრთიან გამოთქმად იქცა ოტო ფონ ბისმარკის რეპლიკის წყალობით, რომელმაც 1872 წელს რაიხსტაგში წარმოთქვა: „ჩვენ არ წავალთ კანოსაში“. ამით მან მიანიშნა, რომ გერმანია თავის პოლიტიკას გაატარებდა და არ დაუშვებდა სხვა სახელმწიფოს მხრიდან მის პოლიტიკაში ჩარევას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შუა საუკუნეების ისტორია (გურამ კუტალიას რედაქციით), თბ., 2004, გვ. 119–120
  • მარჩელო მიდის კანოსაში, „ჩვენი მწერლობა“, 11 მაისი, 2007, № 10 (36), გვ. 63