კამილ პისარო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Impressionism pissaro.jpg

კამილ პისარო (ფრანგ. Camille Pissarro); (დ. 10 ივლისი, 1830 — გ. 13 ნოემბერი, 1903) იყო ფრანგი იმპრესიონისტი მხატვარი.

ბიოგრაფია და მოღვაწეობა[რედაქტირება]

ჯაკობ აბრაჰამ კამილ პისარო დაიბადა 1830 წლის 10 ივლის ფრანგი კომერსანტის ოჯახში. ბავშვობა და ახალგაზრდობა მან ანტილიის კუნძულებზე, სენ ტომასში გაატარა. 1841 წელს ის გააგზავნეს პარიზში, პანსეონში სასწავლებლად. აქ ის დაუმეგობრდა პანსიონის დირექტორს, რომელიც დილეტანტი მხატვარი იყო. 1847 წელს, 6 წლის შემდეგ, ის ბრუნდება სენ ტომასში და გატაცებულია ხატვით. 1852 წლამდე იგი, სწავლასთან ერთად, იძულებით მუშაობს მამისეულ სავაჭრო საწარმოში. 1855 წელს კამილ პისარო მიემგზავრება პარიზში მსოფლიო გამოფენის სანახავად. აქ ის მხატვრულმა ცხოვრებამ ისე ჩაითრია რომ პარიზში რჩება და იწყებს მუშაობას ლემანის სახელოსნოში. შემდეგ ის განაგრძობს სწავლას სიუსის აკადემიაში და ხელმძღვანელობს კოროს შენიშვნებით. ის ჟან ბატისტ კამილ კოროს გავლენით ქმნის მონაცისფრო-ვერცხლისფერ ტონებში პეიზაჟებს, ამ პეიზაჟებს მნიშვნელობას ანიჭებს ნათელი და მუქი ფერის კონტრასტები. სუისის აკადემიაში ის ხვდება კლოდ მონეს და პოლ სეზანს. მათთან მეგობრობამ და მოგვიანებით „გერბუა“ს კაფეში ედუარდ მანეს ხელმძღვანელობით მოსმენილმა „თეორიულმა ლექციებმა“ დიდი გავლენა მოახდინეს მის იმპრესიონისტად ჩამოყალიბებაში. მანამდე კი ფერწერული სტილი სხვადასხვა მხატვრული სტილის გავლენას განიცდიდა. მისი ადრეული რომანტიკული სტილი იცვლება კოროს ზეგავლენით, იგი ქმნის რეალისტურ პეიზაჟს და მისთვის ღია იყო ოფიციალური სალონის კარი. მასზე ასევე დიდი გავლენა მოახდინა გუსტავ კურბეს ფერწერამ, ის უპირატესობას ანიჭებს მუქ ნაცრისფერ და მწვანე ტონებს. ამ სტილშია მისი სურათები: „ქალბატონი პისარო ქარგვის დროს“, „პატარა ფაბრიკა“ და ა. შ.

კამილ პისარო 1863 წელს „განკიცხულთა სალონში“ იღებს მონაწილეობას. ის უფრო მეტად ეუფლება იმპრესიონისტულ სტილს. მონეს მაგვარად ისიც ინტერესდება წყლის ზედაპირის რეფლექსებით და მასთან დაკავშირებულ სინათლის მოძრაობით. ასევე ეუფლება ფუნჟის მოსხლეტილ მონასმებს. ამ სტილში შესრულებული ტილოებია: „დილიჟანი ლუვესიანში“ (1870), „ბულვარი პუანტუასში“ (1873), „აყვავებული ხეხილი“. ეს სურათები გამოირჩევიან ცოცხალი ფერადოვნებით.

კამილ პისარო და მისი ცოლი, ჟული ველეი, 1877

1863—1884 წლებში მას 7 შვილი ეყოლა, აქედან 5 ბიჭი, რომლებიც მხატვრები გახდნენ. მეუღლე ჟული ველეი მისი მოახლე იყო და ისინი 1870 წელს დაქორწინდნენ.

პისარო საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ცხოვრობდა ჯერ ბრიტანში, შემდეგ კი ლონდომში. იქ შეხვდა მონეს. გაიცნო ძურან რუელი, რომელმაც მისი რამდენიმე სურათი შეიძინა. მან ინგლისში 1871 წელის ივნისამდე დაჰყო. ის ნაკლებს მუშაობდა და ძირითადად მუზეუმებსა და გამოფენებს ათვალიერებდა.

კამილ პისაროს ყველაზე საყვარელი მოტივი გზები იყო. მუდამ „გზაგე მდგარ“ პისაროზე მისი საუკეთესო ტილოების სახელწოდებებიც გვეუბნევიან: „გზა გარე უბანში“, „გზა ლუვენსიენის უბანში“, „ტყის გზა გაზაფხულში“, „ეპისერის ქუჩა რუანსში“, „მონმარტის ბულვარი პარიზში“.

პისაროს უყვარდა ქალაქის ხატვა, რომელიც იზიდავდა მას მისი განუწყეტელი მოძრაობით. მაგ. მხატვარმა დახატა 30 სურათი მონმარტის ბულვარისა, რომელებიც შესრულებულია ერთსა და იმავე ფანჯრის ხედიდან. საგულისხმოა, რომ მის ტილოებზე გადმოცემული „გზების“ ანალოგიური აღმოჩნდა „გზებზე შემდგარი“ მთელი მისი 73 წლის ცხოვრება.

მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, იგი მეგობარ მხატვრებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარ თავზე. მას ხშირად ურჩევდნენ არ მიეღო მონაწილეობა ახალგაზრდა მეგობარი მხატვრების გამოფენაზე (1865 წ.) რადგან მათთან კარგი დამოკიდებულობა უკვე მოპოვებულ კარგ რეპუტაციას შეულახავდა. პისაროს ღალატად მიაჩნდა მეგობრების მხარდაჭერაზე უარის თქმა და ის ერთგულად მონაწილეობდა მათ 8-ვე გამოფენაზე.

პონტოისეს ბაღი, 1875 წ.

80-იანი წლების დასაწყისიდან მისი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობად უმჯობესებოდა. მას სურათებიდან გააჩნდა არც თუ დიდი, მაგრამ მუდმივი შემოსავალი. ეს „მუდმივ შემოსავლიანი“ წელიც არ იყო დამთავრებული, რომ კვლავ ეწვია გაჭირვება. მას ძალიან ეხმარებოდა ძურან რუელი, მაგრამ იმ პერიოდში თვითონ რუელიც გაკოტრების გზაზე იყო მისული. მან პისაროს ურჩია მარაოების გასაფორმებად კომპოზიციები შეექმნა გუაშით, რადგან ეს საქმე მაშინ უფრო სარფიანი იყო.

სხვა იმპრესიონისტებისგან განსხვავებით, პისარო განსაკუთრებით დაინტერესებულია სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათებით, მშრომელი გლეხის სახით. სოფლის თემაზე შექმნილი მისი ჟანრული ტილოები გამოირჩევიან მზიური ტონებით, ხალისიანი განწყობით, გულთბილი დამოკიდებულებით, აყვავებული გარემოს მომხიბლელობით. მაგ. სურათებში: „აყვავებული ხეხილის ბაღი“ (1872), „გლეხის ქალი“ (1880), „თიბვა ერანში“ (1880). ამ ხმრივ იგი ყურადღებას იპყრობს როგორ მილეს გამგრძელებელი.

მომნარტის ბულვარი, 1897 წ.

1883 წელს ძურან რუელი მის პერსონალ გამოფენას აწყობს. ხოლო 1884 წელს იგი გადადის საცხოვრებლად ერანიე სიურ ეპტში, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობს.

1885 წელს მის ცხოვრებაში ერთგვარი გარდატეხა მოახდინა სინაკმა და სორამ, თავიანთი „დამტკიცებითი ტონების“ თეორიით. პისაროს ამ თეორიაში განსაკუთრებით მოსწონდა მეცნიერებისა და ხელოვნების ურთიერთშეთავსების შესაძლეობა (როგორც ცნობილია ამ ახალი თეორიით სიორამ, სინაკმა და სხვებმა საფუძველი ჩაუყარეს ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობას: დივიზიონიზმსა და პუანტელიზმს).

პისარომ მონაწილეობა მიიღო მათ გამოფენაში, მაგრამ 1890 წელს ის მკაცრად გამოეყო დივიზიონისტებს და დაუბრუნდა იმპრესიონისტებს.

პლენერზე მუდმივმა მუშაობამ მას მხედველობა დაუზიანა. მას უჭირს ეწუდებზე გასვლა და მუშაობას ამჯობინებს ქარებისგან დაცულ ქალაქურ პირობებში. მისი ცხოვრების უკანასკნელი წლები ის მუშაობს ჰავრში, რუანში, პარიზში და ქმნის „ბულვარების სერიას“, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ ისევე, როგორც მონეს „ტაძრები“, როგორც გვიანი იმპრესიონიზმის მიღწევები.

იგი თავის მეგობრებს შორის ყველაზე განსწავლული მხატვარი იყო. სიკვდილის შემდგომ მან დაგვიტოვა არაერთი ნახატი, აკვარელი და ლიტოგრაფიის ნიმუშები. ცნობილია მისი წერილები შვილისადმი, სადაც მისი ბრძენი და ადამიანური თვისებები ჩანს.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: