გერმანული კოლონიები კავკასიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კავკასიელი გერმანელები)
გერმანელთა განსახლების სქემა საქართველოში

კავკასიელი გერმანელებირუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის გერმანული უმცირესობის ნაწილი, რომელთა მიგრაცია კავკასიაში მეტწილად XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ეთნიკურ გერმანელთა დასახლებების ჩამოყალიბებით ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში გერმანიაში წარმოშობილმა სექტანტურმა მოძრაობამ, რომელიც იდევნებოდა მაშინდელ გერმანიაში, გამოიწვია გერმანელთა მიგრაცია რუსეთის იმპერიასა და ამერიკაში.

აღნიშნული მიგრაცია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ვირტემბერგსა, შვეიცარიასა და ბავარიაში, რადგანაც იქ მოღვაწე რელიგიური სექტის ლიდერები ბენგელი და შტილინგი წინასწარმეტყველებდნენ გერმანიაში ქვეყნის დასასრულს და მოუწოდებდნენ მათ მრევლს, წასულიყვნენ თავის გადასარჩენათ კავკასიაში, კერძოდ — არარატის მთაზე.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიენფელდი, პეტერსდორფი და ფრეიდენტალი ერთვერსიან რუკაზე
ალექსანდერსდორფი თბილისის რუკაზე

1816 წელს შტუტგარტში გავლით იმყოფებოდა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I, რომლის დროსაც გერმანულმა რელიგიურმა ჯგუფმა თხოვნით მიმართა იმპერატორს, რათა ნება დაერთო, რომ ჩასახლებულიყვნენ კავკასიაში, რაზედაც მათ თანხმობა მიიღეს. თუმცაღა, მან ასევე ჩათვალა აუცილებლად, რომ აღნიშნულისათვის აუცილებელი იყო მოემზადებინათ სათანადო ნიადაგი.

რელიგიური დაჯგუფების ნაწილი არ დაელოდა ნიადაგის შემზადებას და 1817 წელს 7000 ადამიანი გამოემართა რუსეთისაკენ. მათ გზად გაიარეს რეგენსბურგი, ვენა, ბელგრადი და ბოლოს ოდესაში გაჩერდნენ, სადაც დაელოდნენ რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებას, რომელთანაც მოსკოვში საბოლოო პასუხის მისაღებად მივლინებული იყო მათი ორი წარმომადგენელი - კოხი და ფრიკი. პასუხმა დაიგვიანა, ხოლო სუსხიანმა შემოდგომამ დაავადებისაგან ჯგუფის თითქმის ნახევარი შეიწირა. აღნიშნულის გამო, იმპერატორი იძულებული შეიქმნა, პასუხი დაეჩქარებინა და ნება დართო ჩასახლებულიყვნენ საქართველოში.

გენერალ ერმოლოვს დაევალა ჯგუფ-ჯგუფად გადაეყვანა გერმანული რელიგიური ჯგუფის წევრები საქართველოში და დაესახლებინა იქ, სადაც ისინი მოისურვებდნენ. რუსეთის იმპერატორის ბრძანების თანახმად, სახელმწიფო ხაზინიდან გერმანული რელიგიური ჯგუფის კოლონიზაციისათვის გამოიყო 100 ათასი მანეთი.

1818-1819 წლებში გერმანელმა კოლონისტებმა კავკასიაში დააარსეს ცხრა დასახლება. ესენი იყო:

ნოი ტიფლისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა კუკიაზე, იმ დროს ქალაქის გარეუბანში.

ალექსანდერსდორფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა მტკვრის მარცხენა ნაპირას, დიდუბეში.

ალექსანდერსჰილფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლანდელი დაბა თრიალეთის ძველი სახელწოდება.

მარიენფელდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა სართიჭალის მახლობლად.

პეტერსდორფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა სართიჭალის მახლობლად.

ფრეიდენტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობდა სართიჭალის მახლობლად.

ანნენფელდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი გერმანული კოლონია ალტ კათერინენფელდი აზერბაიჯანში 1818 წელს დაარსდა, თუმცა ერთ წელიწადში გაუკაცრიელდა. მცირე ხანში ქალაქი ანნენფელდი დაარსდა შამქორის მეორე მხარეს. 1842 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კოლონიებში მყოფმა ყოფილი ანნენფელდის მოსახლეობამ ითხოვა უკან ანნენფელდში დაბრუნება[1].

ელენენდორფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენენდორფი, ამჟამად ხანლარი, 1819 წელს დაფუძნდა.

ელიზაბეტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიპური ნახევრად ხის გერმანული სახლი ელიზაბეტალში (ახლანდელი ასურეთი)

ელიზაბეთთალი — ახლანდელი ს. ასურეთი 1819 წელს დაფუძნდა.

მე-19 საუკუნის დასასრულისათვის სოფელი ელიზაბეთთალი იყო პირველი კარგად განვითარებული სოფელი საქართველოში. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგები იყო მევენახეობა-მეღვინეობა.

ასურეთში მცხოვრებ გერმანელებს 1925-1926 წლიდან სასოფლო კლუბიც ჰქონდათ. რომელიც 200-მდე ადამიანს იტევდა. სოფლის ყველაზე ხმაურიან ადგილს დღევანდელი ასურეთელები „სასეირნო ბაღს“ უწოდებენ. შემორჩენილია კადრები, რომელიც 1939 წელს არის გადაღებული, სადაც აღბეჭდილია გერმანელთა ცხოვრება ასურეთში.

სოფლიდან შვიდი კილომეტრის მოშორებით, მდინარე ალგეთის ნაპირზე მოსახლეობის მიერ 1931 წელს გერმანული არქიტექტურის მარანი აშენდა, სადაც ღვინო მხოლოდ გერმანული ტექნოლოგიებით მზადდებოდა. მის ირგვლივ ვენახია გაშენებული, რომელიც ასურეთში „შალას“ სახელით არის გავრცელებული. ასურული შალა ძველი ქართული ვაზის ჯიშია , რომელიც გერმანელმა გლეხმა ოტო შალლმა, ვაზის ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოიყვანა. ვაზის ახალ ჯიშს მოგვიანებით მის პატივსაცემად, „შალლა“ (ასურული შავი) უწოდეს.

თავის დროზე მარანში 5000 ტონამდე ღვინოს აყენებდნენ. მთავარ მეღვინე იყო გერმანელი კოლონისტი ევგენი რეიტენბახი, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა სოფელ ასურეთში.

1871 წლიდან სოფელს უკვე ამშვენებდა გოთური სტილით ნაგები ეკლესია, სადაც ყოველკვირეულ წირვა-ლოცვას ეკლესიის იმდროინედლი პასტორი შრენკი აღავლენდა.

XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა მთავრობის ბრძანებით ეკლესია დაიხურა და შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. თავდაპირველად კულტურულ ცენტრად გადაკეთდა, დამონტაჟდა სცენა და გაკეთდა დარბაზი. ეკლესიას, ჯერ ჯვარი მოხსნეს და ვარსკვლავი დაადგეს. 1953-1954 წლებში საბჭოთა მთავრობის ინიციატივით შენობას რვა წახნაგა გუმბათი მოანგრიეს. 1981 წელს სოფლის კლუბი დაიწვა.

კატერინენფელდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულმა რელიგიურმა დაჯგუფებამ ამ ცხრა კოლონიიდან რელიგიურ ცენტრად აირჩია კატარინენფელდი (სახელი დაერქვა ვიურტემბერგის დედოფალი ეკატერინეს პატივსაცემად) — ახლანდელი ქალაქი ბოლნისი. იმ დროისათვის აღნიშნული რეგიონი თითქმის დაუსახლებელი იყო. აქა იქ თარეშობდნენ ირანული და თურქული ტომების მომხვდურები, რომელთაგან თავდასაცავადაც ეკატერინენფელდს გალავანი შემოარტყეს. მალევე მოაწყვეს დასახლება, დაამუშავეს მიწა, ააშენეს სამლოცველო. ფრიკი და კოხი აირჩიეს მთავარ რელიგიურ ლიდერებად, ხოლო კოლონიაში საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის სპეციალური უხუცესები - შულცები. ცხოვრება მშვიდად მიდიოდა, სანამ არ გარდაიცვალა ფრიკი. მალევე კოხს უთანხმოება მოუვიდა შულცებთან, რის გამოც მან დატოვა იქაურობა და გადავიდა საცხოვრებლად სარეპტში. მალე კოლონიაში უთანხმოებამ იმატა, რის გამოც გენერალ ველიამინოვის მიმართვით მთავრობამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სიტუაციის გასაკონტროლებლად კოლონიას დაუნიშნა ევანგელისტი პასტორი განი. ამან კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება, რადგანაც მათ არ სურდათ, უცხო ადამიანის დასმა ლიდერათ მათ კოლონიაში. ვითარება დასტაბილურდა მას შემდეგ, რაც საეჭვო ვითარებაში უდროოდ გარდაიცვალა განი.

ამ პერიოდში კოლონია იზრდებოდა და ვითარდებოდა. მოყავდათ ყურძენი, წურავდნენ ღვინოს. მაგრამ მალე, 1826 წლის 26 აგვისტოს, სპარსეთის ომის დროს მათ თავს დაესხათ 1000-მდე შეიაღებული პირი. მისიონერი ზალტეტის მოყოლით, აღნიშნული შემოსევების დროს მოიკლა 70 კოლონისტი, 140 ტყვედ აიყვანეს, ხოლო 240 დარჩა სახლ-კარის გარეშე. შემოსევის დროს კოლონია მიწასთან გასწორდა. დათრგუნული მოსახლეობა ბედის ანაბარა დარჩა, რომელთა ნაწილი ლუთერანობის მიმდევარი გახდა. აღნიშნულმა კვლავ წარმოშვა კოლონიაში უთანხმოება და მალე თბილისში გენერალ-გუბერნატორის თავჯდომარეობით დაარსდა კომიტეტი სპეციალურად კოლონიების სამართავად. გადაწყდა რომ კოლონიაში დანიშნულიყო პასტორად ყოფილი მისიონერი ზალტეტი, ხოლო კომიტეტის დადგენილებით მომავალში შიდა უთანხმოების დასარეგულირებლად შეიქმნა კოლონიის სინოდი. ზალტეტი გარდაიცვალა 1830 წელს. კომიტეტის დადგენილებით იქ რამდენიმე პასტორი დაინიშნა, რომლებმაც ვერ შესძლეს სიტუაციის გამართვა, რის გამოც კვლავ წარმოიშვა უთანხმოება.

კოლონია ნელ-ნელა მოძლიერდა და მათ თვიანთი წევრებიდან აირჩიეს სამი სასულიერო ლიდერი: მოხუცი კაცი კაუტერი (მამა ღმერთი), ახალგაზრდა მამაკაცი გრილენბორგერი (ძე ღმერთი) და მოხუცი ქალი ლეიბელე (სულიწმინდა). აღნიშნული რელიგიური დაჯგუფება ეკლესიას უწმინდურთა თავშესაყრელს უწოდებდა, არ აღიარებდა ნათლობას, ქორწინებას და ზიარებას.

1836 წელს გერმანული კოლონიები უკანასკნელი ჟამის განსაკუთრებულ მოლოდინში იყვნენ. 1843 წელს კი მათ საზოგადოებაში სულიერი წინამძღვარი ქალის შპონის მიერ ემცნო მათი წმინდა მიწაზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. შპონი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, დაარწმუნა ყველა კოლონია, რომ შეგროვებულიყვნენ ეკატერინოფელდში, საიდანაც დაიძვრებოდნენ იერუსალიმისაკენ. როგორც შემდგომი დაკითხვებიდან გაირკვა, აღნიშნულ გადაადგილების მთავარი მიზეზი იყო 1824 წელს კომიტეტის მიერ მიღებული წესდება, რომელიც უკიდურესად ურთულებდა ისედაც რთულ პირობებში მცხოვრებ რელიგიურ მიმდევრებს ცხოვრებას.

1841 წელს ძალაში შევიდა საერთო ლუთერანული წესდება, რომელიც მიესადაგებოდა კოლონისტების მოთხოვნებს. მიუხედავად მაშინდელი მთავრობის არაერთი მცდელობისა, ჯგუფს გადაწყვეტილი ჰქონდა გადასულიყო იერუსალიმში. თბილისში გაიგეს რა ჯგუფის სურვილის შესახებ დაიბარეს მათი ლიდერი შპონი მთავარმართებელთან, თუმცა არანაირმა შეგონებამ არ გაჭრა. მთავრობის წარმომადგენლებმა აუხსნეს მათ, რომ თუ მაინც წავიდოდნენ, მათი ქმედება აღქმული იქნებოდა ბუნტად, რომელის ჩასახშობად გატარდებოდა შესაბამისი ზომები. გერმანული კოლონიის რელიგიურმა დაჯგუფებამ თავისი საბოლოო უარი მთავარმართებელს გადასცა და დაიწყო კოლონიის დატოვება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკატერინეფელდში გაგზავნილი იქნა კაზაკთა რაზმი პოლკოვნიკ კოცებუს მეთაურობით. რაზმი ჯერ ქვეშში განლაგდა, ხოლო კოლონიის წარმომადგენლებთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, რაზმი ეკატერინენფელდის გამოსასვლელთან განლაგდა.

ორი დღის თათბირის შემდეგ, ჯგუფმა გადაწყვიტა დაეტოვათ კოლონია. პირველი მოდიოდა მოხუცი შპონი, მის უკან კი ათი ლიდერი, შემდეგ კი მოყვებოდა მთელი კოლონია. კოცებუ კაზაკების რაზმით წინ გადაეღობა მათ და გზა დაუბოკა, ხოლო მორწმუნე მიმდევრები თავჩახრილი, გულზე ხელებგადაჯვარედინებულები და ჩუმი ლოცვით გამოემართნენ. ყველა, ლუთერანიც და თათარიც გაფაციცებით ელოდებოდნენ მოვლენების განვითარებას. რაზმთან მიახლოვებულ მორწმუნეთა გუნდს კოცებუმ შეძახილით — „სდექ!“ — მოსთხოვა გაჩერებულიყვნენ. გუნდი მას მაინც არ დაემორჩილა, მაშინ გადაწყდა დაეპატიმრებინათ ბუნტის ლიდერი მოხუცი შპონი და ის ათი ლიდერი ვინც შპონს უკან მოყვებოდა. რაზმმა კოლონია დაშალა და გაგზავნეს თბილისში მათი სხვა კოლონიებში გადასანაწილებლად.

მოგვიანებით გერმანელ კოლონისტთა ჯგუფიდან შეირჩა ორი დეპუტატი, რომლებიც გაიგზავნა იერუსალიმსა და კონსტანტინოპოლში მათთვის შესაძლო საცხოვრებელი ადგილის შესარჩევად. 1843 წლის ბოლოს ისინი დაბრუნდნენ არამანუგეშებელი ინფორმაციით, რითაც საბოლოოდ გადაწყდა მათ მიერ კოლონიის არ დატოვების საკითხი. დროთა განმავლობაში რელიგიური ჯგუფის წევრებმა ლუთერანობა მიიღეს და დაწყნარდნენ. დაწყნარებული ეკატერინოფელდის კოლონია სულ უფრო ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა, აშენდა ახალი შენობები, გაიზარდა მეურნეობა.

1888-1914 წლებში ექვსი ახალი გერმანული დასახლება შეიქმნა სახელებით გრიუნფელდი, აიხენფელდი და ტრაუბენფელდი. ისინი ნაყოფიერ გავაკებებზე სახლდებოდნენ და ძირითადად ფერმერობასა და მეხილეობას მისდევდნენ.

1917 წელს სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ გერმანელი კოლონისტები შეიკრიბნენ ტრანსკავკასიური გერმანული ნაციონალური საბჭოს (Transkaukasischen Deutschen Nationalrat) შესაქმნელად, რომლის შტაბ-ბინა თბილისში იყო. საბჭო უშვებდა გერმანულენოვან გაზეთს „კავკაზიშე პოსტ“ (Kaukasische Post). 1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ოკუპირების შემდეგ კატერინენფელდს ლუქსემბურგი დაერქვა (1944 წელს ბოლნისი გახდა). ელიზაბეთთალი ასურეთი გახდა და ჰელენენდორფი კი ხანლარი, ალექსანდერდორფი თბილისს შეუერთდა.

1930-იან წლებში გერმანელ კოლონისტებს კავკასიაში სდევნიან და პოლიტიკურად ავიწროებენ. 1935 წელს 600 გერმანელი აზერბაიჯანიდან კარელიაში გადაასახლეს. საქართველოს ლუქსემბურგში 352 მცხოვრები დააპატიმრეს, გადაასახლეს ან მოკლეს. 1941 წელს ყველა კავკასიელი გერმანელი, რომელიც ადგილობრივზე არ იყო დაქორწინებული, სტალინმა ყაზახეთში ან ციმბირში გადაასახლა ოპერაცია ბარბაროსას პერიოდში.

კავკასიელ გერმანელთა ძალიან მცირე ნაწილი დაბრუნდა კავკასიაში ომის დასრულების შემდეგ. 2002 წლისთვის გერმანული წარმოშობის დაახლოებით 30-მდე ხანშიშესული ქალი ცხოვრობდა ბოლნისში. სტალინის დროს განადგურებული ქალაქის გერმანულ სასაფლაოს ადგილზე ამჟამად მემორიალი დგას გერმანელ კოლონისტთა სახსოვრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]