კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაბერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი შიდა ქართლის მხარეში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბედან 1 კმ-ზე. ნასოფლარ კაბერის ტერიტორიაზე. ასომთავრული წარწერის თანახმად ეკლესია აგებულია 1014–1027 წლებში. შენობა დაზიანებულია: კამარა ჩანგრეულია, გადარჩენილია მხოლოდ კონქი და დასავლეთ კედელი, ლავგარდანი აღარ აქვს.

ეკლესია დარბაზულია (12,7 X 11,9 მ), ნაგებია არათანაბარი ზომის უხეში რუხი ფერის ქვით; ინტერიერის კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად დამუშავებული კვადრები, ხოლო კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით და შელესილია. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ოდნავ შემაღლებული ნალისებრი აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე — სწორკუთხა ნიშები. კამარა ეყრდნობოდა ქვემოთკენ მომრგვალებულ კონსოლებზე შეკიდულ საბჯენ თაღებს. გადარჩენილი სატრიუმფო და დასავლეთ კედლის თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. სამხრეთ კედელში გაჭრილია ორი სარკმელი. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სარკოფაგია. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

აღმოსავლეთ ფასადის კედელს განსაკუთრებულ მხატვრულ ელფერს ანიჭებს მოსაპირკეთებელი ქვების წყობა. აქ სარკმლის სათაურზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი. დასავლეთ ფასადის ცენტრში ჩადგმულია ღია ყვითელი ფერის ოთხკუთხა ქვა, რომელსაც შემოვლებული აქვს ამობურცული განიერი ლილვი. ქვაზე შვიდსტიქონიანი ასომთავრული სამშენებლო წარწერაა, რომელშიც გარდა ეკლესიის აშენების თარიღისა და აღმშენებლის ასად სანივაჯის ძისა ნახსენები არიან გიორგი მეფე და მელქისედეკ კათალიკოსი, სოფრონ ბედიელი მთავარეპისკოპოსი. წარწერიანი ქვის გასწვრივ, ვიწრო სწორკუთხა ყვითელ ქვაზე ამოკვეთილია შეღრმავებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფასადის ქვედა ნაწილის მარჯვენა კუთხეში, მოზრდილ ქვაზე. ლავგარდანი შედგენილი იყო ირიბად ჩაკვეთილი სიბრტყისა და ვიწრო თაროსაგან.

ეკლესიას ორი მინაშენი აქვს: ჩრდილოეთით — სამკვეთლო, სამხრეთით — ეგვტერი. სამკვეთლო ეკლესიას უკავშირდება სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით. ოდნავ შემაღლებულ ნალისებრ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. სარკმელს ვიწრო თავსართი აქვს. სამკვეთლოში იატაკი აყრილია და საფლავის ქვები ჩანს. ეგვტერი ეკლესიის სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიუშენებიათ. მას აღარ აქვს კამარა და კედლების ნაწილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, ეკლესიის კარის პირდაპირ. აფსიდი ნახევაწრიულია. ეგვტერის კამარის ქუსლს ქმნის ეკლესიის სამხრეთ კედლის გასწვრივ აგებული ქვიშაქვის დაბალი ხუთმალიანი თაღი.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 293.
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]