იური მალაშხია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური მალაშხია
დაბ. თარიღი 31 დეკემბერი, 1928(1928-12-31)
გარდ. თარიღი 22 ოქტომბერი, 2000(2000-10-22) (71 წლის)

იური მალაშხია (დ. 31 დეკემბერი, 1928 — გ. 22 ოქტომბერი, 2000) — ქართველი ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმულოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატი[1].

დაიბადა 1928 წლის 31 დეკემბერს. დაამთავრა თსსი საკმკურნალო ფაკულტეტი (1945-51). იყო გაგრის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი (1951—1953), საბჭოთა არმიის საჰაერო ძალების, ავიაპოლკის ლაზარეთის ექიმი (1954—1957), თბილისის I საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ორდინატორ-ნევროლოგი (1958—1962), 1986 წლიდან კათედრის პროფესორი და კლინიკური ნეიროიმუნოლოგიის განყოფილების უფროსია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „დიენცეფალურ-ვეგეტატიურ მოშლილობათა კლინიკის და მკურნალობის საკითხისათვის ქრონიკული ტონზილიტების დროს“ (1963); მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „T და B ლიმფოციტების დახასიათება ზურგის ტვინის სითხეში და პერიფერიულ სისხლში ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადების დროს“ რამაც საფუძველი დაუდო ნეიროიმუნოლოგიის განვითარებას (1978). ავტორია 150 სამეცნიერი ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნევროლოგიისა და ნეირო-იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ეკუთვნის ორი გამოგონება:ერთი მეცნიერული აღმოჩენა: „თავ-ზურგ-ტვინის სითხის თვისება განახორციელოს იმუნოლოგიური ზედამხედველობა ტვინის სუბარაქნოიდალურ სივრცეში“. თანაავტორია „კლინიკური ნევროლოგიის განმარტებითი ლექსიკონისა“, 1969; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები რუსულ ენაზე: „ტვინის იმუნური ბარიერი“ მოსკოვი, 1986; „ადამიანის თავ-ზურგ-ტვინის სითხის იმუნოკომპეტენტური უჯრედები ნორმაში და ნერვული სისტემის დაავადებების დროს“ თბილისი 1990; არის ორი სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი და 7 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. მინიჭებული აქვს გრანტები: 1992 წელს იაპონიაში, „სამეცნიერო ნაშრომისათვის“, აშშ-ში , 1994 წელს და ჯორჯ სოროსის „ტრეველ“ გრანტი, 1995წელს. 1993 წლიდან ითვლება ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის წევრად, არის ნეირო-იმუნოლოგიის საზოგადოების წევრი. 1976 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (აშშ, ინგლისი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, კანადა, ჰოლანდია, იტალია და სხვა. ) გამართულ სამეცნიერო კონგრესთა მუშაობაში. 2000 წელს წარდგენილი იყო ნეიროიმუნოლოგიის დარგში ნობელის პრემიაზე.[2][3].

გარდაიცვალა 2000 წლის 22 ოქტომბერს. [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/catalog.html?pft=biblio&from=2487&rnum=10&udc=61
  2. „მედინფო“ 2000 წლის მეშვიდე გამოცემა გვერდი 9 [MFN: 354055]
  3. http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/catalog.html?pft=biblio&from=2487&rnum=10&udc=61
  4. "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში" ISBN 99928-52-30-5