იტალიური ლიტერატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოკაჩოს ნაწარმოების ილუსტრაცია.

საუკუნეების განმავლობაში ევროპის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში და მათ შორის დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ლათინურ ენას იყენებდნენ. 813 წლიდან კი ტურსის შეთანხმება უფლებას იძლევა დაბალი წრის ხალხისათვის გასაგებ, ვულგარულ ენაზე წარიმართოს ქადაგებები. თუმცა ამ ენას ძირითადად ზეპირმეტყველებაში იყენებდნენ, ამიტომ ამ ეპოქიდან მხოლოდ რამდენიმე იურიდიული სახის ტექსტი და ხელშეკრულებაა შემორჩენილი. ამ პერიოდში იტალია ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული საზღვრების მქონე ქვეყანა, ეს არის დანაწევრებული, სხვადასხვა სამეფოსგან შექმნილი ტერიტორია.

XIII საუკუნიდან ჩნდება პირველი სახალხო ლექსები, რასაც მფარველობენ შეძლებული სასახლის კარები და რელიგიური ორდენები. თავიდან ახალი პოეტური ფორმები ძირითადად ფლორენციასა და ტოსკანიაში ვითარდებოდა და წმინდა სიყვარულს, ქალის მშვენიერებასა და სათნოებას ეძღვნებოდა.


პირველი დიდი ფიგურები: დანტე, პეტრარკა, ბოკაჩო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიური პოეზიისა და ლიტერატურის ფუძემდებლად დანტე ალიგიერია მიჩნეული. თავის ნაწარმოებში ვულგარულ ენაზე მჭერმეტყველების შესახებ, იგი იკვლევს იტალიური ენის შესაძლებლობებს.

დანტე ალიგიერი

1304 წელს წერს ბანკეტს, რაც ვულგარულ იტალიურზე დაწერილი პირველი ფილოსოფიური ნაწარმოებია. ღვთაებრივ კომედიაში კი, რომელიც დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, დანტე ადამიანის თავისუფლებასა და ღვთაებრივ სამართალს ეხება.

ამ პერიოდში კიდევ ორ ტოსკანელს შეაქვს ფასდაუდებელი წვლილი იტალიური ლიტერატურის განვითარებაში, პეტრარკასა და ბოკაჩოს.

პეტრარკა ანტიკურ ტრადიციებსა და ლათინურ ენას ეტრფის. მისი შემოქმედება დიდი გავლენას ახდენს იტალიურ რენესანსზე. თავის კანცონიერებში, რომლებიც ლირიკული პოეზიის ჭეშმარიტ ნიმუშებად იქცა, პეტრარკა იყენებს დახვეწილ და მდიდარ ლათინურს.

ბოკაჩო კი ზოგჯერ იტალიურად წერს, ზოგჯერ კი ლათინურად. დეკამერონში იგი ხოტბას ასხამს ბურჟუაზიის ცხოვრების წესს. ამასთან, პირველად იტალიურ ლიტერატურაში, იყენებს პროზაულ თხრობას, რომელზეც იგრძნობა პოპულარული ზღაპრების თხრობის მანერის გავლენა. ზეპირმეტყველებიდან წარმოშობილი თხრობის ამგვარი ტიპი შემდგომში მთელს ევროპაში ვრცელდება.