ირლანდიის რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირლანდიის რესპუბლიკა
Republic of Ireland
Poblacht na hÉireann
ირლანდია
ირლანდიის
დროშა გერბი
ჰიმნი: 
„Amhran na bhFiann“
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დუბლინი
53°20′ ჩ. გ. 6°16′ ა. გ. / 53.333° ჩ. გ. 6.267° ა. გ. / 53.333; 6.267
ოფიციალური ენა(ები) ირლანდიური, ინგლისური
რელიგია კათოლიციზმი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი
 -  პრ.-მინისტრი ენდა კენი
 -  მთავრობის ხელმძღვანელი იმონ გილმორი
ფართობი
 -  სულ 70 273 კმ2 (120-ე)
 -  წყალი (%) 2.00
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 4 588 252[1] (119-ე)
 -  სიმჭიდროვე 60.3 კაცი/კმ2 (139-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $181.595 მილიარდი[2] (56-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $39 638[2] (მე-15)
აგი (2011) 0.908[3] (ძალიან მაღალი) (მე-7)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი WET (UTC+0)
 -  ზაფხულის (DST) WET (UTC+1) (UTC)
ქვეყნის კოდი IRL
Internet TLD .ie1
სატელეფონო კოდი +353

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

ირლანდია (ინგლ. Ireland, ირლ. Éire), ოფიციალურად ირლანდიის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of Ireland, ირლ. Poblacht na hÉireann) — ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი — 70 273 კმ². დედაქალაქია დუბლინი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გააჩნია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია. დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, სამხრეთით კელტების ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წმინდა გიორგის სრუტე და ირლანდიის ზღვა აღმოსავლეთიდან.

ამჯამინდელმა ირლანდიის რესპუბლიკამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან 1922 წელს მიიღო, დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოლსტერის პროვინციის დიდი ნაწილი კი სამეფოს შემადგენლობაში დარჩა.

სახელწოდება[რედაქტირება]

ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად - Eire; Poblacht na h'Eirean; ინგლისურად - Republic of Ireland. სახელი “ირლანდია” უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური - Iwerddon, ბრეტონული - Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან - იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გელურ ენაზე “ქვეყნის” შესატყვისია.

ისტორია[რედაქტირება]

7 საუკუნის განმავლობაში იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. გაერთიანების აქტის დადებიდან, 1801 წლის 1 იანვარს, 1922 წლის 6 დეკემბრამდე კუნძული ირლანდია იყო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი. 1921 წელს მიიღო დომინიონის სტატუსი, ხოლო 1949 წელს აქ რესპუბლიკა გამოცხადდა (ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიის გარეშე). 1985 წელს ხელი მოეწერა ანგლო-ირლანდიურ შეთანხმებას.

გეოგრაფია[რედაქტირება]

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქვეყანა განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის, სამხრეთ ალასკისა და სამხრეთ კამჩატკის განედზე, თუმცა კუნძულოვანი მდებარეობისა და გოლფსტრიმის თბილი დინების გავლენით ზღვიური ტიპის კლიმატია ჩამოყალიბებული.წლიური ტემპერატურული ამპლიტუდა არაა მაღალი და 15°-ს შეადგენს. ზაფხული გრილია, ნალექიანი. საშუალო ტემპერატურა +18 - +20 °C. ზამთარი ნაკლებად ყინვიანია, საშუალო ტემპერატურა - +8 °C. დაფიქსირებული აბსოლუტური ტემპერატურული მაქსიმუმი აღინიშნა 1887 წლის ივნისში, +33.3 °C.[4]მსგავსად მეზობელი დიდი ბრიტანეთისა, ირლანდიაში ხშირია ატმოსფერული ნალექები, ძირითადად - წვიმის სახით. ნალექების საშუალო რაოდენობა 750-1000 მმ შორის მერყეობს.

კუნძული ირლანდია. ხედი კოსმოსიდან

ირლანდია არ წარმოადგენს მაღალმთიან ქვეყანას. მისი უმაღლესი მწვერველი - კარანტუოჰილი ზღვის დონიდან სულ რაღაც 1041 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს ვაკე-დაბლობები, რომელიც გარშემორტყმულია სხვადასხვა მთიანი სისტემებით: მაკგილიკადი, უიკლოუ, მორნი, ბლუსტეკი და ა.შ. ირლანდიის გეოლოგიურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამყინვარებამ, რომლის ნარჩენი გეომორფოლოგიური ერთეულები ახლაც უხვად გვხვდება კუნძულის ტერიტორიაზე[5].

ქვეყნის შიდა წყლების ქსელი კარგადაა განვითარებული. მდინარეები განეკუთვნებიან ატლანტის ოკეანისა და ირლანდიის ზღვის აუზებს. უდიდესი მდინარეა შენონი, რომლის სიგრძე 360 კმ - ს შეადგენს. იგი გაედინება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მდინარე თავის გასწვრივ წარმოშობს რამდენიმე ტბას (ლოხ-ალენი, ლოხ-რი, ლოხ-დერგი). სხვა მდინარეებიდან აღსანისნავია ლიფლი, ბლექუოთერი, ბენი, ბოინი და ა.შ. ირლანდია მდიდარია ტბებითაც, რომელთაც აქ ”ლოჰებს” (lough) უწოდებენ. უდიდესი ტბაა ლოხ-კორიბი (სარკის ფართობი176 კვ.კმ),ასევე - ლოხ-დერგი. ირლანდიისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით დაჭაობებული ტერიტორიების არსებობა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 1/6-ს იკავებენ[6].

ირლანდიის სანაპირო ხაზი საკმაოდ დანაწევრებულია, შედეგად გვაქვს დიდი რაოდენობით ყურეები, სანაპირო კუნძულები, მცირე ნახევარკუნძულები. ყურეებში მდებარეობს მნიშვნელოვანი პორტები, მაგ. დუბლინი - დუბლინის ყურეში, კორკი - ანალოგიური სახელწოდების უბეში და ა.შ. მიმდებარე მცირე კუნძულებიდან აღსანიშნავია აჩილი, არანი, ვალენსია.

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება თუთია, ტყვია, ბუნებრივი აირი, ბარიტი, სპილენძი, თაბაშირი, კირქვა, დოლომიტი, ტორფი, ვერცხლი.

სახელმწიფო[რედაქტირება]

მერი მაკელისი

ირლანდია 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი (ირლ. Uachtarán na hÉireann). პრეზიედნტს ირჩევენ საერთო არჩევნების შედეგად, 7 წლის ვადით. კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს 20 წევრს ან არანაკლებ 4 საგრაფს წარმომადგენლებს. პრეზიდენტი წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარდალს, ასევე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს (ირლ. Taoiseach). 2011 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამჟამინდელი პრეზიდენტი მერი მაკელისი (Mary McAleese, 1997 წლიდან) შეცვალა მაიკლ ჰიგინსმა. პრემიერ-მინისტრი ინიშნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული პარლამენტის (Oireachtas) წარდგენით. ძირითადად წარმოადგენს მმართველი პარტიის ლიდერს. პრემიერი ასევე აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს. დღესდღეობით პრემიერ-მინისტრია ენდა კენი.

ლენსტერ ჰაუსი, ირლანდიის პარლამენტის რეზიდენცია
მთავრობის ნაგებობები

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული პარლამენტია (Oireachtas), რომელიც ორი პალატისგან შედგება. ზედა პალატაში (Seanad Éireann) წარმოდგენილია შერეული მეთოდით არჩეული სამოცი წევრი, რომელთაგან ნაწილს ნიშნავს პრემიერი, ნაწილს - ზოგიერთი ირლანდიური უნივერსიტეტი და ნაწილს - ქვედა პალატის წევრებისგან შერჩეული სპეციალური კომისია[7]. ქვედა პალატას (Dáil Éireann) გაცილებით მეტი ძალაუფლება გააჩნია. მის 166-ვე წევრს პროპორციული წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

ირლანდიის რესპუბლიკა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თვალსაზრისით იყოფა 4 რეგიონად (მუნსტერი, კონოტი, ლენსტერი, ოლსტერი), რომელბიც ამავე დროს ქვეყნის ტრადიციულ პროვინციებს წარმოადგენენ და 26 საგრაფოდ (counties).

პოლიტიკური პარტიები[რედაქტირება]

ამჟამად ქვეყნის უმსხვილეს და მმართველ პარტია ფიანა-ფეილია (ირლანდიის რესპუბლიკური პარტია), რომლის წევრებსაც წარმოადგენენ ირლანდიის ბოლო ორი პრემიერ-მინისტრი - ბრაიან კოუენი და ბერტი აჰერანი. ფიანა-ფეილი იდეოლოგიური თვალსაზრისით ლიბერალური კონსერვატიზმის მიმართულებისაა, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს კონკრეტულ საკითხებზე (მაგ. ირლანდიური ენის სტატუსი, ქვეყნის ერთიანობა და ნეიტრალიტეტი). ამასთან, ბოლო პერიოდში ითვალისწინებს მსხვილი ეკონომიკური ინტერესთა ჯგუფების აზრსაც.[8] დღესდღეობით, ფიანა-ფეილი ირლანდიის მწვანეებთან და პროგრესულ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ქმნის სამთავრობო კოალიციას. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია ფინა-გაილი, ირლანდიის ლეიბორისტული პარტია, შინ-ფეინი (ეს უკანასკნელი წარმოადგენს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) პოლიტიკურ ფრთას და ძირითადად ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედებს) და ა.შ. [9]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება]

ირლანდიის მოსახლეობა 2009 წლის შეფასებით შეადგენდა 4,2 მლნ. კაცს

კუნძული ირლანდია. მოსახლეობის სიმჭიდროვე

[10]. შედარებით მჭიდროდ დასახლებულია დუბლინის აგლომერაცია, ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი საგრაფოები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 50-100 კაცს შეადგენს კვადრატულ კილომეტრზე. ირლანდიის ცენტრალურ და დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეობა შედარებით მეჩხერადაა განლაგებული. ირლანდია შეიძლება ჩაითვალოს მონოეთნიკურ ქვეყნად, სადაც მოსახლეობის 88,8%-ს ირლანდიელები შეადგენენ. ეთნიკური უმცირესობებიდან 2% გაერთიანებული სამეფოს, 3% ევროკავშირის მკვიდრია.(2006) [11]ირლანდიის დიდი შიმშილობის განმავლობაში, 1845-დან 1849 წლამდე, კუნძულის 8 მილიონიანმა მოსახლეობამ დაახლოებით 30 %-ით იკლო. 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილით ან ავადმყოფობით, ხოლო 1.5 მილიონი ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან მოყოლებული ქვეყნის მოსახლეობა იკლებდა 1960-იან წლებამდე. [12], თუმცა ბოლო წლებში გააქტიურდა საპირისპირო ტენდენცია, როდესაც ირლანდიაში ბრუნდებიან როგორც ადრე წასული ემიგრანტების შთამომავლები, ასევე ჩამოდიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები (განსაკუთრებით, პოლონელები, ლიტველები, სხვ.)[13]

თემები, სადაც ირლანდიური ყოველდღიური სალაპარაკო ენაა

დღესდღეობით, ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის 68,8% (დაახლ. 2,9 მლნ. კაცი) მსხვილი ქალაქებია დუბლინი (529 ათ. კაცი); კორკი (119 ათ. კაცი), ლიმერიკი(52,5 ათ. კაცი)[14].


მორწმუნე მოსახლეობის 93% კათოლიკეა, მნიშვნელოვანი რელიგიური საზოგადოებაა ირლანდიის ეკლესია (Church of Ireland),რომლის მრევლი მორწმუნეთა 7,3 %-ს შეადგენს. ასევე ცხოვრობენ სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების, ისლამის, მართლმადიდებლობის მიმდევრები.[15]

ირლანდიური ენის სტატუსი[რედაქტირება]

ოფიციალური ენებია ირლანდიური და ინგლისური. საუკუნეთა მანძილზე ირლანდიური, როგორც კოლონიზებული მოსახლეობის ენა, ინგლისელების მხრიდან დევნას განიცდიდა. ირლანდიურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ე.წ. ”კარტოფილის შიმშილობის” პერიოდში, ხოლო 1871 წლამდე ირლანდიური ენის სწავლება დაწყებით სკოლებშიც კი აკრძალული იყო. ამჟამად ირლანდიური ენა რესპუბლიკის, ხოლო 2007 წლის 1 იანვრიდან კი - ევროკავშირის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ამჟამად მას ფლობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%, თუმცა ყოველდღიურ სალაპარაკო ენად მხოლოდ ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, გელტახტებშია შემორჩენილი. [16]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ირლანდია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (65 მლრდ $) მსოფლიოში 44-ე ადგილი უკავია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • დუბლინი - ეროვნული მუზეუმი, ციხე-კოშკი (XVI ს.), წმ. პატრიკის ტაძარი (XII ს.).

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Census of Population 2011: Preliminary Results (PDF) (30 June 2011). წაკითხვის თარიღი: 29 August 2010.
  2. 2.0 2.1 Ireland. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 18 April 2012.
  3. Human Development Report 2011. United Nations. წაკითხვის თარიღი: 2 November 2011.
  4. ირლანდიის მეტეროლოგიური სამსახური http://www.met.ie/climate/climate-of-ireland.asp
  5. http://www.spiritus-temporis.com/geography-of-ireland/physical-geography.html
  6. http://www.wesleyjohnston.com/users/ireland/geography/bogs.html
  7. http://www.nationsencyclopedia.com/Europe/Ireland-GOVERNMENT.html
  8. ენციკლოპედია ”ბრიტანიკა”, სტ. ”ფიანა-ფეილი”(ინგ.ენაზე)|http://www.britannica.com/EBchecked/topic/205756/Fianna-Fail
  9. http://www.nationsencyclopedia.com/Europe/Ireland-POLITICAL-PARTIES.html
  10. https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/rankorder/2119rank.html
  11. ირლანდიის სტატისტიკური სამსახური http://www.cso.ie/statistics/popnclassbyreligionandnationality2006.htm
  12. http://www.cobhheritage.com/emigration.html
  13. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/10/23/AR2007102302162_pf.html
  14. http://beyond2020.cso.ie/Census/TableViewer/tableView.aspx?ReportId=75478
  15. იქვე;http://www.cso.ie/statistics/popnclassbyreligionandnationality2006.htm
  16. http://www.gaeltachttravel.com/gaeltacht-regions/statistics-on-the-gaeltacht-and-the-irish-language/