ირენა სენდლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირენა სენდლერი
მშობლიური სახელი Irena Sendlerowa
დაბადების თარიღი 15 თებერვალი 1910
ვარშავა, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 12 მაისი 2008
ვარშავა, პოლონეთი
ეროვნება პოლონელი
პროფესია სოციალური მუშაკი
ჰუმანისტი
მშობლები მამა: სტანისლავ კრჟიჟანოვსკი

ირენა სენდლერი (ირენა სენდლეროვა; მეტსახელი: იოლანტა; პოლ. Irena Stanisława Sendlerowa; დ. 15 თებერვალი, 1910, ვარშავა — გ. 12 მაისი, 2008, ვარშავა) — წინააღმდეგობის მოძრაობის პოლონელი აქტივისტი. იყო კათოლიკე სოციალური მუშაკი, რომელიც მსახურობდა პოლონეთის იატაკქვეშეთსა და ჟეგოტაში. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას სენდლერი, როგორც ვარშავის ჯანდაცვის ზედამხედველობის თანამშრომელი და პოლონეთის იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი, ხშირად სტუმრობდა ვარშავის გეტოს, სადაც ზრუნველობას უწევდა ავადმყოფ ბავშვებს. სწორედ ამ მფარველობით სენდლერმა და მისმა ამხანაგებმა გეტოდან საიდუმლოდ 2500 ბავშვი დაიხსნეს, რომლებიც შემდგომ გადასცეს პოლონეთის ბავშვთა სახლებს, კერძო ოჯახებსა და ეკლესია-მონასტრებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირენა სენდლერი დაიბადა 1910 წლის 15 თებერვალს ქალაქ ვარშავაში. მამამისი სტანისლავ კრჟიჟანოვსკი პროფესიით ექიმი იყო, რომელიც გარდაიცვალა ტიფით 1917 წელს. სენდლერი ბავშვობიდან თანაუგრძნობდა ებრაელებს. გერმანელების მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ, ირენა ვარშავაში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ 1939 წელს, როდესაც ფაშისტები თავს დაესხნენ პოლონეთს სენდლერი დახმარებას უწევდა ებრაელებს. თანამშრომლებთან ერთად შექმნა 3000-მდე ყალბი დოკუმენტი, რათა დახმარებოდა ებრაელ ოჯახებს. 1943 წლის აგვისტოში სენდლერმა ჩაიბარა ჟეგოტას ბავშვთა სექცია. სენდლერს როგორც სოციალური უზრუნველყოფის წარმომადგენელს ვარშავის გეტოში შესვლის სპეციალური უფლება ჰქონდა, სადაც ავადმყოფებს ტიფის სიმპტომებზე სინჯავდა. ამ ვიზიტების დროს სენდლერი ებრაელების მიმართ სოლიდარობის ნიშნით თან ატარებდა დავითის ვარსკვლავს.

კოლეგებთან ერთად ფარული გზით გეტოდან დაიხსნა ებრაელი ბავშვები. როდესაც ფართოდ გავრცელდა ტიფი სენდლერი სანიტარული გარემოებების საბაბით გეტოში პაციენტებზე დაკვირვებებს ატარებდა, სადაც ამხანაგებთან ერთად ჩვილი და პატარა ბავშვები გადაჰყავდა სასწრაფო დახმარების მანქანებითა და ტრამვაით, ზოგჯერ მათ ფუთავდა პაკეტების სახით.

ნაცისტებმა საბოლოოდ გამოავლინეს მისი საიდუმლო საქმიანობა და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, თუმცა სენდლერმა მოახერხა და დააღწია თავი განაჩენს და მეორე მსოფლიო ომში გადარჩენა მოახერხა. სიცოცხლის ბოლოს ირენა სენდლერი დაჯილდოვდა პოლონეთის უმაღლესი ჯილდოთი — თეთრი არწივის ორდენით. 2007 წელს იგი ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე.

1943 წელს სენდლერი გესტაპომ დააპატიმრა. აწამებდნენ. მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. ჟეგოტამ მოისყიდა გერმანელი ყარაულები და სენდლერიც გადარჩა. ომის დასრულებამდე ცხოვრობდა იატაკქვეშეთში. პოლონეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სენდლერს დევნიდა პოლონეთის კომუნისტური სახალხო რესპუბლიკა. სწორედ ამ პერიოდში ფეხმძიმე სენდლერს მუცელი მოეშალა.

2003 წელს რომის პაპმა იოანე პავლე II-მ წერილი გაუგზავნა სენდლერს, სადაც აქებდა მის სამხედრო დამსახურებებს. 2003 წლის 10 ოქტომბერს დაჯილდოვდა თეთრი არწივის ორდენითა და იან კარსკის პრემიით. 2007 წლის 11 აპრილს მიენიჭა „ღიმილის ორდენი“, ხოლო 2009 წლის მაისში სიკვდილის შემდგომ ოდრი ჰეპბერნის ჰუმანიტარული ჯილდო.

2009 წელს მისი გმირობის შესახებ დაიდგა სატელევიზიო ფილმი სახელწოდებით: „ირენა სენდლერის მამაცი გული“ (პოლ. Dzieci Ireny Sendlerowej).[1][2][3] რეჟისორი ჯონ კენტ ჰარისონი. ირენა სენდლერის სახე განასახიერა კანადელმა მსახიობმა ანა პაქუინმა.

ირენა სენდლერი გარდაიცვალა 2008 წლის 12 მაისს ქალაქ ვარშავაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.cbs.com/specials/courageous_heart/ დაარქივებული 2009-04-12 საიტზე Wayback Machine. The Courageous Heart of Irena Sendler at CBS.com
  2. http://newsroom.hallmark.com/Current-News/Hallmark-Hall-of-Fame-Presents-The-Courageous-Heart-of-Irena-Sendler დაარქივებული 2012-02-19 საიტზე Wayback Machine. Hallmark Hall of Fame news release
  3. http://www.imdb.com/title/tt1010278/ "The Courageous Heart of Irena Sendler" on IMDB