ირანის მთიანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირანის მთიენეთი, რომელიც გაწოლილია არაბეთის ნახევარკუნძულსა და ინდოეთის სუბკონტინენტს შორის

ირანის მთიანეთი (სპარს. فلات ایران) — მთიანეთი დასავლეთ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება თურანისა და სამხრეთ კასპიის დაბლობები, აღმოსავლეთით მდინარე ინდის აუზში მდებარე ვაკე, სამხრეთით გარმსირის ზღვისპირა უდაბნო, სამხრეთ-დასავლეთით მესოპოტამიის დაბლობი, დასავლეთით გადადის სომხეთის მთიანეთში. ფართობი 2,7 მლნ. კვ.კმ. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დაახლ. 2500 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დააახლ. 1500 კმ-ზე. ტერიტორიის 2/3 ირანს ეკუთვნის, დანარჩენი — ავღანეთსა და პაკისტანს, ჩრდილოეთ განაპირა კიდე თურქმენეთშია, დასავლეთ ნაწილი კი ერაყში.

ირანის მთიანეთი წარმოადგენს ნაოჭა და ნაოჭა-ლოდა მთების, ზეგნებისა და ქვაბულების ერთობლიობას. განაპირა მთები ალპური ოროგენეზის სარტყელშია მოქცეული და ახასიათებს მაღალი სეისმურობა. ესენია: ჩრდილოეთ ნაწილში — ელბურსი, თურქმენეთ-ხორასანის მთები, ფაროფამიზი, ჰინდუქუში; სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში — ზაგროსი, მაქრანი; აღმოსავლეთ ნაწილში კირთარის, სულეიმანის მთები, სფინგარისა და ჰინდურაჯის ქედები. მთიანეთის შიგა ნაწილში აღმართულიია ქუჰრუდის, ქუჰბანანის, შუა ავღანეთისა და სხვა მთათა სისტემები. ზეგნებიდან აღსანიშნავია სარჰადი, ღაზნი-ყანდაარის ზეგანი; მთათაშორისი დახშული ქვაბულებიდან — დაშთექევირი, დაშთე-ლუთი და სხვ.

ამომშრალი ტბების ფსკერზე მარილი და თაბაშირია გამოლექეილი. ირანის მთიანეთის ჰავა ჩრდილოეთით მშრალი კონტინენტური, სუბტროპიკულია. სამხრეთით ტროპიკული. ნალექები მცირეა (50-150 მმ წელიწადში). ნალექიანია ელბურსის მთების ჩრდილოეთ კალთები (2000 მმ-მდე) და სულეიმანის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთები (1000 მმ-მდე). ირანის მთიანეთის მდინარეთა უმრავლესობა წყალმცირეა. მთავარი მდინარეებია: ქარუნი, ჰილმენდი, ჰარირუდი. მდინარეებს იყენებენ სარწყავად.

ბევრია მლაშე ტბა. გავრცელებულია უდაბნოსა და მშრალი სტეპის მცენარეულობა. განვითარებულია მლაშობი, ქვიშიანი, ქვიშიან-კენჭნარი უდაბნოები. ელბურსის ჩრდილოეთ და ზაგროსის დასავლეთ კალთებზე გვხვდება ფართოფოთლოვანი ტყეები, სულეიმანისა და კირთარის აღმოსავლეთ კალთებზე — მთის სავანა და სუბტროპიკული ტყეები. ცხოველებიდან გავრცელებულია ქვეწარმავლები, მღრღნელები, ტბებზე მრავალი ფრინველი ზამთრობს.

ლიტერატურა[რედაქტირება]