ირაკლი ლაბაძე
ირაკლი ლაბაძე (დ. 9 ივნისი, 1981, თბილისი) — ქართველი ჩოგბურთელი. საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში 1981 წლის 9 ივნისს.
პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1998 წელს. საუკეთესო შედეგი აჩვენა 2004, როცა ATP მსოფლიო ჩოგბურთელთა რეიტინგში დაიკავა 42-ე ადგილი (5 ივლისის მდგომარეობით). 2006 წელი დაასრულა მსოფლიოს რეიტინგში 164-ე პოზიციაზე. 2007 წლის მეორე ნახევარში და 2008 წლის დასაწყისში ტრავმის გამო ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. 2008 წელი ATP-ს რეიტინგში დაასრულა 531-ე ადგილზე, 2009 წლის 25 მაისისთვის კი 499-ე პოზიციას იკავებს. წყვილთა თანრიგში საუკეთესო პოზიცია რეიტინგში (მე-100) ჰქონდა 2001 წლის 29 ოქტომბერს. 2009 წლის 25 მაისისთვის კი ლაბაძე წყვილთა კლასიფიკაციაში 342-ეა.
კარიერაში პროფესიონალურ ტურნირებზე მოიგო 50 და წააგო 83 მატჩი, წყვილთა თანრიგში მოიგო 27 და დამარცხდა 34 შეხვედრაში. საპრიზო თანხის სახით მოიპოვა 1 234 443 აშშ დოლარი.
[რედაქტირება] იუნიორები
ერთეულთა თანრიგში მოიგო 2 ტურნირი, ხოლო წყვილებში - ერთი. 1998 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალში დამარცხდა მსოფლიოს მომავალ პირველ ჩოგანთან როჯერ ფედერერთან 4-6 4-6.
[რედაქტირება] მიღწევები ერთეულთა თანრიგში
2000 წელი, იანვარი - მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი აშშ-ში, ფლორიდას შტატში.
2000 წელი, ივნისი - მოიგო ფიუჩერსის სერიის ტურნირი ქალაქ ფიურტში (გერმანია).
2001 წელი, მაისი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბირმინგემში (დიდი ბრიტანეთი), ფინალში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმს ბლეიკი. მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბუქარესტში (რუმინეთი), ფინალში დაამარცხა ემილიო ბენფელე-ალვარესი (ესპანეთი).
2001 წელი, სექტემბერი - ATP სერიის შანჰაის (ჩინეთი) ტუნრირის პირველ წრეში ანგარიშით 7-6 7-5 დაამარცხა ანდრე აგასი, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე მსოფლიოში მე-2 ადგილი ეკავა. დამარცხდა ტურნირის მესამე წრეში კენეთ კარლსენთან (დანია).
2002 წელი, თებერვალი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბრესტში (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა პარადორნ შრიჩაპანი (ტაილანდი).
2002 წელი, სექტემბერი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა გორკა ფრაილი (ესპანეთი).
2003 წელი, სექტემბერი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი კიევში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა პეტრ კრალერტი (ჩეხეთი). მოიგო "St. Jean de Luz"-ის ჩელენჯერის სერიის ტურნირი (საფრანგეთი), ფინალში დაამარცხა ფრანგი ფაბრის სანტორო.
2003 წელი, ნოემბერი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი დნეპროპეტროვსკში (უკრაინა), ფინალში დაამარცხა ჰარელ ლევი (ისრაელი).
2004 წელი, მარტი - მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას პროფესიონალურ დონეზე, ATP Masters-ის სერიის ტურნირზე ინდიან-უელსში (აშშ) გავიდა ნახევარფინალში. დაამარცხა პირველ წრეში ტიერი ასკიონე (საფრანგეთი), მეორეში - კარლოს მოია (ესპანეთი), მესამეში - ხიშამ არაზი (მაროკო), 1/8-ფინალში - აუგუსტინ კალიერი (არგენტინა), 1/4-ფინალში - ჯეიმს ბლეიკი (აშშ), 1/2-ფინალში დამარცხდა ტიმ ჰენმანთან (დიდი ბრიტანეთი) ანგარიშით 3-6 2-6.
2004 წელი, აპრილი - ATP სერიის ეშტორილის (პორტუგალია) ტურნირში გავიდა 1/2-ფინალში[1], სადაც პირველ სეტში 2-3 ანგარიშის შემდეგ დანებდა რუს მარატ საფინთან.
2005 წელი, ივნისი - მოიგო ჩელენჯერის სერიის ტურნირი ბიელაში (იტალია), ფინალში დაამარცხა კარლოს ბერლოკი (არგენტინა).
2006 წელი, ივნისი - უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე გაიარა საკვალიფიკაციო ბადის 3 და ძირითადი ბადის 3 წრე. ძირითადი ბადის მეორე წრეში დაამარცხა მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფი გილიერმო კორია (არგენტინა) 6-4 6-2 6-3, მესამე წრეში - ამერიკელი მერდი ფიში (2-6, ტრავმა), მერვედფინალში კი მსოფლიოს მეორე ჩოგანთან რაფაელ ნადალთან (ესპანეთი) დამარცხდა ანგარიშით 3-6 6-7 3-6.
[რედაქტირება] მიღწევები წყვილებში
2000 წელი - ფრანსისკო კოსტასთან (ესპანეთი) წყვილში მოიგო კიტოს (ეკვადორი) ჩელენჯერის სერიის ტურნირი. დუშან ვემიჩთან (იუგოსლავია) წყვილში მოიგო სანტიაგოს (ჩილე) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.
2003 წელი - როჯერ ვასენთან (ნიდერლანდები) წყვილში მოიგო მიუნჰენგლადბახის (გერმანია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.
2005 წელი - იური შჩიუკინთან (რუსეთი) წყვილში მოიგო რეჯიო-ემილიის (იტალია) ჩელენჯერის სერიის ტურნირი.
2006 წელი - უიმბლდონის (დიდი ბრიტანეთი) დიდი მუზარადის ტურნირზე დუშან ვემიჩთან (სერბია) წყვილში გაიარა საკვალიფიკაციო ბადე და ძირითადი ბადის 2 წრე, რის შემდეგაც 1/8-ფინალში დამარცხდა 5-სეტიან შეხვედრაში.
სამჯერ დამარცხდა ATP სერიის ტურნირების ფინალში - 2001 წელს ატილა სავოლტთან (უნგრეთი) წყვილში სოპოტის (პოლონეთი) ტურნირზე, 2001 და 2002 წლებში მარატ საფინთან (რუსეთი) წყვილში სანქტ-პეტერბურგის (რუსეთი) ტურნირზე.
[რედაქტირება] დევისის თასი
საქართველოს კაცთა საჩოგბურთო ნაკრების შემადგენლობაში დევისის თასზე ჩაატარა 32 შეხვედრა, საიდანაც 24 მოიგო და 8 წააგო. ერთეულთა თანრიგში მოიგო 15 და წააგო 4 მატჩი, წყვილთა თანგირში გაიმარჯვა 9 შეხვედრაში, 4-ში კი დამარცხდა. პირველი შეხვედრა დევისის თასზე საქართველოს სახელით ჩაატარა 2003 წლის 11 ივნისს, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წარმომადგენლის იგორ რაჩიჩის წინააღმდეგ (6-2, 6-3). 2006 წლის 22-24 სექტემბერს, ბუდაპეშტში, ლადო ჩიხლაძესთან ერთად შეძლო მასპინძელთა ნაკრების დამარცხება (3-2), რის შემდეგაც საქართველო დევისის თასის ევროპა/აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში გადაინაცვლა. 2009 წელს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში, წააგო გადამწყვეტი შეხვედრა ერთეულთა თანრიგში.