იონა ტუსკია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იონა ირაკლის ძე ტუსკია (დ. 24 დეკემბერი, 1901, ოზურგეთი — გ. 8 ოქტომბერი, 1963, პარიზი) — ქართველი კომპოზიტორი, პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია მ. იპოლიტოვ-ივანოვის საკომპოზიციო და მ. ვასილიევის სავიოლინო კლასებით. მოგვიანებით, 1931 წელს, ლენინგრადის კონსრევატორია. ი. ტუსკია, შ. თაქათაქიშვილთან და გრ. კილაძესთან ერთად, პირველი კომპოზიტორი იყო, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში კამერულ-ინსტრუმენტალურ ჟანრს.

ჯერ კიდევ 1922 წელს დაარსდა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასებში ეროვნული პროფესიული მუსიკის პროპაგანდას. ამ საზოგადოებამ ჩამოაყალიბა სიმებიანი ორკესტრი, რომლის ინიციატორები იყვნენ ახალგაზრდა კომპოზიტორები, ჯერ კიდევ კონსერვატორიის სტუდენტები: გრიგოლ კილაძე, შალვა თაქთაქიშვილი და მასთან ერთად იონა ტუსკაია. თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ორკესტრში, შემდგომ დირიჟორობდნენ. სწორედ ამ ორკესტრისათვის შექმნა ახალგაზრდა კომპოზიტორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები „ჩელა“. მისივე „გველისმჭამელი“ და „მარშ-გროტესკი“, ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელოვანის დიდი ღვაწლი თეატრსა და კინოში. მან მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ლამარა“, „არსენა“, „ოტელო“, „დიდი ხელმწიფე“ და სხვა. ასევე კინოფილმები: „დარიკო“, „ნარინჯის ველი“ და სხვა.

წლების განმავლობაში იონა ტუსკაია იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. მან აღზარდა დღეს საყოველთაოდ ცნობილი კომპოზიტორები: რევაზ გაბიჩვაძე, გრიგოლ კოკელაძე, სულხან ნასიძე, ოთარ გორდელი და სხვები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დაკრძალულია მისი მეუღლე ირინე ნიკოლოზის ასული მდივანი (დ. 23 ნოემბერი, 1907, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1964, იქვე).

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 329, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]