იოგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოგა (სანსკ.योग) — ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტიანი და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტებისა და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმერტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნას ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფნის საზღვრის გადალახვის შესახებ.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ეტიმოლოგიურად სიტყვა „იოგა“ (სანსკ.योग) უკავშირდება ზმნურ ფუძეს „იუჯ“, რაც სანსკრიტიდან ასე შეგვიძლია ვთარგმნოთ: „გაერთიანება“, „კავშირის აღდგენა“, „მიღწევა“ (მირჩა ელიადესეული თარგმანი),ასევე „ვარჯიში“, „განსწავლა“ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ზმნური ფუძე „იუჯ“ (სხვა წაკითხვით „იოჯ“) „გაერთიანებას“, „შეერთებას“ აღნიშნავს, თარგმნისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ძალზე დიდია, რადგან თვით იოგას მოძღვრებაა ძლზე მრავალფეროვანი და მრავალწახნაგიანი.

ისტორია[რედაქტირება]

იოგა ინდოეთის სულიერი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და ღრმა მოვლენაა. შეიძლება ითქვას, იოგას ანალოგი არ მოეპოვება სხვა ხალხთა შორის. უძველეს არიელთა ეს ბრწყინვალე დანატოვარი ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად ვედური კულტურა. არსებობს ინდური კულტურის დათარიღების ორი განსხვავებული ტრადიცია: ერთია დასავლური სამეცნიერო ძიების შედეგად დადგენილი, ხოლო მეორეა თვით ინდური გადმოცემა, ადგილობრივი ტრადიცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოძღვარიდან შეგირდს უცვლელად გადაეცემოდა (სანსკ. ”პარამპარა” მოძღვარ-შეგირდობის უწყვეტობას აღნიშნავს). აქ ჯერ მხოლოდ ევროპული დათარიღების შესახებ ვთქვათ.

უკვე ძვ.წ.აღ.700 წლის ადრეული უპანიშადები მოიხსენიებს იოგას და მას აზრის(სანსკ.ჩიტა) კონცენტრირების (სანსკ. დჰარანა) საშუალებად განიხილავს. ძვ.წ.აღ. 400 წლის პერიოდის უპანიშადები ბევრად უფრო დაწვრილებით ეხება იოგას მნიშვნელობას. ძვ.წ.აღ. 300 წლის დიადი ეპოსი, მაჰაბჰარატა კი იოგას განხილვასა და გადმოცემას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს. მაჰაბჰარატას ერთ-ერთი მარგალიტია ბჰაგავატგიტა. ეპოსის ეს ნაწილი მთლიანად იოგას სახელმძღვანელოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ. სიუჟეტი ეფუძნება ნათელმხილველ სანჯაიას მონათხრობს, რომელიც მეფე დრითარაშთრას ბრძოლის ველზე უამბობს, თუ როგორ განსწავლა უფალმა კრშნამ ომის წინ გულდაძაბუნებული არჯუნა,ბჰარატების გვარის უდიდესი გმირი. აქ იოგა ასკეზას უახლოვდება (ბერძ. განსწავლა, აქედან ”ასკეტიკა”) და მსმენელის სულიერ ამაღლებას ისახავს მიზნად. ბჰაგავატგიტაში ”იოგა” ძალზე ფართო და ზოგადი მნიშვნელობის მქონეა. აქ ვერ შეხვდებით კლასიკური იოგას სისტემის ან ვთქვათ ასანების(იოგური პოზების) ჩამონათვალს. უფალი კრიშნას შეგონება შემმეცნებელის(ამ შემთხვევაში, არჯუნას) წინაშე სამყაროსთან და ღმერთთან მიმართების სხვადასხვა ასპექტს წარმოაჩენს. ბჰაგავატგიტას თავები ესევეა დასათაურებული: მოქმედების, ანუ კარმა-იოგა,მოქმედებისაგან განდგომის იოგა,მეფური საიდუმლოს იოგა,ძალთგამოვლინების იოგა და სხვა(”ბჰაგავატგიტას” პირველი თარგმანი ქართულ ენაზე თამაზ ჩხენკელს ეკუთვნის. 1963 წლის ქართულ თარგმანს საფუძვლად დაედო 1956 წ. ბორის სმირნოვის მიერ უშუალოდ სანსკრიტიდან თარგნილი აკადემიური გამოცემა)

კლასიკური იოგას სისტემატიზატორად დაახლოებით ძვ.წ.აღ. მე-2 ან მე-4 საკუნის მოღვაწე პატანჯალი ითვლება. მისი ნაშრომი ”იოგა-სუტრა” იოგის ყველა ძირითად ასპექტს ეხება. ”იოგა-სუტრა” ოთხი ნაწილისა (”იოგას სულიერი მნიშვნელობა”, ”იოგა და იოგაში წვრთნა”,”იოგურ ძალთა შესახებ”, ”თავისუფლება”) და 193 სუტრასაგან შედგება. პატანჯალი მეორე სუტრაშივე განმარტავს იოგას რაობას. მისი თქმით, იოგა არის ”ჩვენს გონებაში წარმოქმნილ აზრთა ტალღების მართვის საშუალება”(”იოგა სუტრის” ქართული თარგმანი ქართველ ინდოლოგს, ნიკოლოზ კენჭოშვილს ეკუთვნის). ის ასევე მიუთითებს, რომ იოგას მიმდევარი ”თავისი ჭეშმარიტი ბუნების(პურუშას) ერთგული ხდება”(მესამე სუტრა). ”იოგა სuტრაში” იოგა გადმოცე,ულია, როგორც ინდუიზმის ერთ-ერთი დარშანა.ამ უკანასკნელს, მოგვიანებით რაჯა-იოგა ეწოდა, რათა განსხვავებულყო შემდგომში ჩამოყალიბებულ იოგას სკოლათაგან.

იოგას სისტემა[რედაქტირება]

იოგას კლასიკური სისტემა შემდეგი საფეხურებისგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა,პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა,დჰიანა, სამადჰი. ფაქტობრივად აქ ჩამოთვლილია ის საფეხურები, რომელთა გვლა აუცილებელია იოგური განსწავლის მსურველისათვის. უმაღლესი მიზნისაკენ მიმავალლი გზა თითოეული საფეხურის გავლას მოითხოვს. ასევე ყოველი მათგანი თავის თავში მოიცავს სულიერი თუ მორალური დანაწესების დაცვის აუცილებლობას.

იამა- ეს არის იოგას მიმდევარის თავისებური ეთიკა. თუმცა, იამა არა უბრალოდ ”ქცევის წესები” და ”თავის დაჭერის ნორმებია”, არამედ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიებტან ურთიერთობისას საჭირო ერთგვარი უსაფრთების მექანიზმია.

იამა 5 ძირითად საფეხურს მოიცავს:

აჰიმსა - არ ავნო;

სატია - სიმართლე, სიმართლის დაცვა, სიცრუისაგან განრიდება;

ასტეია - არ იქურდო;

ბრაჰმა-ჩარია - სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება, სხვა განმარტებით, მოძღვრის პატივისცემა.

და 6 დამატებითი საფეხური:

კარუნა - თანაგრძნობის პრინციპი;

აბჰაია - უსაფრთხოება;

აკროდჰა - მძვინვარებისაგან განყენება;

მაიტრი - კეთილგანწყობა;

ატმიატა - ერთობის პრინციპი;

მუდიტა - აღტაცების პრინციპი.

ნიიამა- არის არა თვისებები, რომელიც უნდა განავითაროს იოგინმა, არამედ თავისებური გზაა, სათნოებები, რომელთაც ის თანდათანოიბით ეუფლება.

ნიიამა მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:

შაუჩა - სისუფთავე, სიწმინდე;

სანტოშა - კმაყოფილება;

ტაპასია - თვითშეზღუდვა;

სვადჰაია - საკუთარი თავის შესწავლა, თვითშესწავლა;

იშვარა პრატიახარა - ღმერთის, პირადი იშვარას თაყვანცემა.

და ზოგი წყაროს მიხედვით, 7 დამატებით საფეხურს:

სამუმანასია - კეთილმოსურნეობა;

მან-დჰატარ - დაკვირვებულობა;

ნირაგა - ვნებათაგან განყენება;

ავაშა - დამოუკიდებლობა, სხვაზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება;

მანტრა-ვიდ - მანტრების ცოდნა;

დამსანავატ - ზეძალის ფლობა;

ნიშპრატიდვანდა – მტრის, მოწინააღმდეგის, მოქიშპეს არყოლა.

ასანა-სხეულის სტატიკური მდგომარეობა. ასანა იოგის ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია. მედიტირება შეუძლბელია მაშინ, როდესაც სხეული მოუხერხებელ მდგომარეობაშია და ძნელდება აზრის მოკრება. ასანებში გავარჯიშება სასარგებლოა ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოოლოგიური სიჯანსაღისათვისაც.

პრანაიამა - სუნთქვის კონტროლი. პატანჯალის თქმით, პრანაიამაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძება, როდესაც ასანები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვაზე კონტროლით იწყება კოსმოსური ენერგიის, პრანას ათვისება.

პრატიაჰარა - განყენება და გრძნობათა კონტროლი, საგნებიდან გრძობათა მოწყვეტა, შეგრძნებათა თავის თავში მჩაბრუნება.

დჰარანა - კონცენტრაცია. ამ საფეხურზე გონება სრულ კონცენტრირებას ახდენს ერთ ნივთზე, აზრზე ან შეიძლება ღმერთზე.

დჰიანა - მედიტაცია. როდესაც იოგას მიმდევარი დაეუფლება სრულ და ღრმა კონცენტრაციას, მას შეუძლია დაინთქას მედიტაციაში, რაც თავის მხრივ, შემდეგი საფეხურის კარს ხსნის.

სამადჰი - ეს არის იოგას კულმინაცია, ცნობიერების უმაღლესი საფეხური, სამყაროსთან მიმართებისა და სამყაროს შემეცნების პრინციპულად განსხვავებული ფორმა.

იოგას სკოლები და მიმდინარებები[რედაქტირება]

კლასიკური იოგა, ანუ პატანჯალის იოგა, სინონიმებია ”რვასაფეხურიანი იოგა” და ”აშტანგა იოგა”;

ბჰაკტი იოგა - სიყვარულისა და ერთგულების იოგა;

ჯნანა-იოგა- შემეცნების იოგა. მისით ნათელი ხდება, რომ შემეცნება, შემმეცნე და სამეცნავი ერთიდაიგივეა;

კარმა-იოგა - მოქმედების შედეგთა იოგა;

კრიია-იოგა - მოქმედების იოგა;

კუნდალინი იოგა- ადამიანის ორგანიზმში მთვლემარე ძალთა გაღვიძებისა და მართვის იოგა;

ლაია-იოგა- ახლოს დგას კუნდალინი იოგასთან. მისი ამოსავალი ასევე არის სპეციფიური ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიების გაღვიძება;

რაჯა-იოგა- ყველა ადამიანურ შეგრძნებაზე, ფსიქიკაზე, ფიზიოლოგიაზე, ასევე მთელ სამყაროზე გაბატონების იოგა;

საჰაჯა-იოგა-მედიტაციური პრაქტიკაა, რისი საშუალებითაც ადამიანის ევოლუციური და სახეობრივი ამაღლება ხორციელდება;

ხატჰა-იოგა - სხეულის ვარჯიშის და გაჯანსაღების იოგა;

ტანტრა - ტანტრები ძველ ინდური ტექსტებია, სადაც გადმოცემულია თავისებური მაგიური რიტუალები.

ფიტნეს-იოგა-თანამედროვე დასავლეთში პოპულარული გამაჯანსაღებელი იოგა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იოგა&oldid=2692134“-დან