ინფუზორიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Paramecium aurelia, ერთ-ერთი ინფუზორია
ქალამანას (Paramecium caudatum) აგებულება

ინფუზორიები (ლათ. Infusoria) — უმარტივესთა კლასი. აქვთ ორი, განსხვავებული სტრუქტურისა და ფუნქციის მქონე ბირთვი, მრავალრიცხოვანი წამწამებით დაფარული სხეული. ზომა მერყეობს 12 მკმ-იდან 3 მმ-მდე. განასხვავებენ მოძრავ, ფსკერულ, წყლის წყალმცენარეებზე მცხოვრებ, ცალად, კოლონიურ, კუმშვად, დატოტვილ, დაუტოტავ და ჯავშნიან ინფუზორიებს. ზოგ ინფუზორიას აქვს ნიჟარა. ინფუზორიების სხეული შედგება ექტოპლაზმისა და ენდოპლაზმისაგან, დაფარულია თხელი და ელასტიკური გარსით (პელიკულით). ექტოპლაზმა შეიცავს საწამწამე აპარატს, ტრიქოცისტებს, მიონემებს, ნეიროფანებს და საყრდენ ბოჭკოებს, ენდოპლაზმას ბირთვებით, ვაკუოლებს და სხვადასხვა ტიპის გრანულებს. საჭმელი პირის ხვრელით (ციტოსტომით) გადადოს ხახაში. საკვების გადასამუშავებლად ენდოპლაზმაში წარმოიქმნება მონელებული საკვები შეიწოვება ენდოპლაზმაში, მოუნელებელი კი — სპეციალური ხვრელით გამოიდევნება. ზოგი ოსმოსურად იკვებება, უმეტესობა კი — ბაქტერიებით, წვრილი წყალმცენარეებით და სოკოებით, ზოგიერთი მათგანი მტაცებელია.

ინფუზორიების უმეტესობას აქვს უჯრედის ოსმოსური წნევის მარეგულირებელი ერთი ან რამდენიმე მფეთქი ვაკუოლი. ინფუზორიები მრავლდებიან უსქესოდ — ორად, განმეორებითი გაყოფით, ერთდროულად მრავალგზის გაყოფით, დაკვირტვით. სქესობრივი პროცესი სახეცვლილია და გამრავლებასთან არ არის დაკავშირებული, ზოგიერთი ინფუზორიის ბირთვი იშლება ინდივიდების კონტაქტის გარეშე, ავტოგამიისა და ენდომიქსიის გზით. ინფუზორიების კლასის 6 ათასამდე სახეობა გაერთიანებულია 5 ქვეკლასში. ინფუზორიები ბინადრობენ მტკნარ წყალსა და ზღვაში, შედის ბენთოსისა და პლანქტონის შემადგენლობაში, გვხვდება ნიადაგში, ხავსში და სხვაგან. მჯდომარე ინფუზორიები უმეტესად შეგუებული არიან ექტო-, ენდოკომენსალიზმსა და პარაზიტიზმს. პარაზიტობენ პრაქტიკულად წყლის ყველა და ხმელეთის მრავალ ცხოველზე (გარდა ფრინველებისა). ზოგიერთი პარაზიტული ინფუზორიები პათოგენურია: ტრიქოდინები, იქთიოპთირიუსი, ქილოდონელა თევზებისათვის, ბალანტიდიუმი — შინაური ცხოველებისა (ღორი) და ადამიანისათვის. ინფუზორიების გავრცელებას ხელს უწყობს ინცისტირების უნარი. ვარაუდობენ, რომ ინფუზორიები წარმოიშვნენ უფერული ჰეტეროტროფული შოლტოსნებისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყურაშვილი ბ., უხერხემლოთა ზოოლოგია, თბ., 1973;
  • Догель В. А., Полянский Ю. И., Хейсин Е. М., Общая протозоология, М.—Л., 1962;