ინტერვალი (მუსიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინტერვალი.

ინტერვალი (ლათ. intervallum — მანძილი, შუალედი) — მუსიკასა და აკუსტიკაში ორი ბგერის თანაფარდობა სიმაღლის, ანუ ბგერათა რხევის სიხშირის მიხედვით (მუსიკალური ბგერა). დაბალი ბგერა მისი საფუძველია, ხოლო მაღალი – მწვერვალი. თანამიმდევრობით აღებული ბგერები ქმნიან მელოდიურ ინტერვალს, ხოლო ერთდროულად აღებული – ჰარმონიულს. ინტერვალი განისაზღვრება ტონებისა და ნახევარტონების რაოდენობით.[1]

ინტერვალების აღნიშვნისას მითითებულია როგორც რაოდენობრივი (საფეხურობრივი) სიდიდე (ლათინური რიგობითი რიცხვითი სახელები ან ციფრები), ისე ხარისხობრივი (განსაზღვრებები „წმინდა“, „პატარა“, „დიდი“, „შემცირებული“, „გადიდებული“, „ორჯერ შემცირებული“, „ორჯერ გადიდებული“). ერთი ოქტავის ფარგლებში წარმოქმნილი ინტერვალი მარტივია, ერთ ოქტავაზე მეტი – შედგენილი. უბრალო ინტერვალებია:[2]

  • სუფთა პრიმა — 0 ტონი
  • პატარა სეკუნდა — ½ ტონი
  • დიდი სეკუნდა — 1 ტონი
  • პატარა ტერცია – 1½ ტონი
  • დიდი ტერცია – 2 ტონი
  • წმინდა კვარტა – 2½ ტონი
  • გადიდებული კვარტა – 3 ტონი
  • შემცირებული კვინტა – 3 ტონი
  • წმინდა კვინტა – 3½ ტონი
  • პატარა სექსტა – 4 ტონი
  • დიდი სექსტა – 4½ ტონი
  • პატარა სეპტიმა – 5 ტონი
  • დიდი სეპტიმა – 5½ ტონი
  • წმინდა ოქტავა – 6 ტონი

საწყისი საზომი ერთეულების — ტონებისა და ნახევარტონების — სიდიდე განისაზღვრება მუსიკალური წყობით. მოცული საფეხურების რაოდენობით ერთნაირი ინტერვალები შესაძლოა განსხვავებული იყოს ტონებითა და ნახევარტონებით. მაგალითად, პატარა სეკუნდა და დიდი სეკუნდა. ტემპერირებულ წყობაში ერთნაირად მჟღერი ინტერვალები შესაძლოა შეიცავდეს საფეხურთა განსხვავებულ რაოდენობას (იხ. ენჰარმონიზმი). ასეთები, მაგ., გადიდებული კვარტა და შემცირებული კვინტა, რომლებიც შეიცავენ სამ ტონს, გაერთიანებული არიან ტერმინით „ტრიტონი“.[2]

შედგენილი ინტერვალი წარმოიქმნება ოქტავაზე მარტივი ინტერვალის მიმატებით.[1] შედგენილი ინტერვალებია:[2]

  • ნონა (პატარა და დიდი)
  • დეციმა (პატარა და დიდი)
  • უნდეციმა (წმინდა და გადიდებული)
  • დუოდეციმა (შემცირებული და წმინდა)
  • ტერცდეციმა (პატარა და დიდი)
  • კვარტდეციმა (პატარა და დიდი),
  • კვინტდეციმა (წმინდა).

უფრო ფართო ინტერვალებს ეწოდება: სეკუნდა ორი ოქტავის შემდეგ, ტერცია ორი ოქტავის შემდეგ და ა. შ. ჩამოთვლილ ინტერვალებს ძირითად ანუ დიატონურ ინტერვალებსაც უწოდებენ, ხოლო ალტერაციის მეშვეობით შეცვლილ ინტერვალებს – ქრომატულს.[1] ჰარმონიული ინტერვალი სასმენად განსაკუთრებულად გამოკვეთილი ელფერით ხასიათდება. ხმოვანების თვისებების მიხედვით ჰარმონიული ინტერვალები იყოფა კონსონირებულ და დისონირებულ ინტერვალებად. ბგერათა გადანაცვლებას, რომლის დროსაც ინტერვალის საფუძველი იქცევა მაღალ ბგერად, ხოლო მწვერვალი — დაბლ ბგერად, ეწოდება შებრუნება.[1] ნახევარტონზე მცირე ინტერვალები გამოიყენებოდა ძველბერძნულ მუსიკაში, გვხვდება მსოფლიოს მრავალ ტრადიციულ მუსიკალურ კულტურაში, XX–XXI საუკუნეების რიგ მუსიკალურ მიმართულებებში (იხ. დიესა, მიკროინტერვალი, მიკროქრომატიკა, სონორიკა).[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ინტერვალი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 175.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Назайкинский Е. В. Интервал // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 435.