ინდიქტიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინდიქტიონი (ბერძნ. indiktion, ლათ. indictio - გამოცხადება, განცხადება), ქრისტიანულ ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. პაპიროლოგიის მონაცემებით, ინდიქტიონით წელთაღრიცხვა რომის პერიოდის ეგვიპტეში ჩამოყალიბებულა. ბიზანტიაში იმპერატორ კონსტანტინე დიდს შემოუღია (312/313 - I ინდიქტიონი). ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი: ბიზანტიაში - 23 სექტემბერი, ხოლო V საუკუნის შუა წლებიდან 1 სექტემბერი; რომში 1087 წლამდე - 1 სექტემბერი, შემდეგ კი - 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი); ინგლისსა და გერმანიაში XIV საუკუნის ბოლომდე - 24 სექტემბერი, რუსეთში XVIII საუკუნამდე - 1 სექტემბერი XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.

ქართულ წყაროებში ინდიქტიონით აღინიშნებოდა აგრეთვე მეფეთა ტახტზე ასვლიდან I, II, III და ა. შ. წლები.

ლიტერატურა[რედაქტირება]