ილორის ეკლესია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ილორის წმ. გიორგის ეკლესია, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ. ილორის (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) შუაგულში, შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი.

ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1736 წელს დაწვეს თურქებმა. აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება]

ილორის წმინდა გიორგის ტაძარში წირვა-ლოცვა 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა მაშინ, როდესაც იქ ქართული მღვდელთმსახურების შეწყვეტა კომუნისტებმაც ვერ მოახერხეს.

2010 წლის 18 ნოემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2 იტყობინებოდა, რომ სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა მე-11 საუკუნის ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს, ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად და შიდა კი ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, აღმოსავლეთის მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი, მთლიანად შელესილია. ეკლესიაზე ასევე დამონტაჟებულია კონდიციონერები. ტელეკომპანიის ცნობით, საფრთხე უნიკალურ ფრესკებსაც ემუქრება. გარდა ამისა, სატელევიზიო კადრებიდან ჩანდა, რომ აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრების მთავარ სალოცავთან რუსული მძიმე ტექნიკა დგას.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის ხელყოფისთვის, საქართველოს მთავრობა მსოფლიო სიძველეთა დაცვის ორგანიზაციებისთვის სპეციალური მიმართვის გაგზავნა გადაწყვიტა. ქართულმა მხარემ ასევე გადაწყვიტა, რომ იუნესკოსგან, ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანების გამო, ოკუპანტების ქმედებებზე დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვოს.[1][2][3]

საიუბილეო მონეტა[რედაქტირება]

ვერცხლის 10 ლარიანი, 2009 წელი. ავერსი
ვერცხლის 10 ლარიანი, 2009 წელი. რევერსი

2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო, საკოლექციო მონეტა.

ნომინალი: 10 ლარი

წონა: 28.28 გრ,დიამეტრი: 38.61მმ,

შემადგენლობა: Ag.925 ,

ხარისხი: უმაღლესი –„ფრუფი“,

რაოდენობა: 1500 ცალი.

მონეტები მოიჭრა 2009 წელს ფინეთის ზარაფხანაში.

გამოშვების ლიმიტი: 3000 ცალი

მონეტის დიზაინის ავტორები არიან: მამუკა გონგაძე (რევერსი) და თემურ აფხაძე (ავერსი).

ავერსი: დიზაინის კომპოზიციას წარმოადგენს იტალიელი ბერის კრისტოფორო დე კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები – ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. კომპოზიციას ფონად გასდევს კავკასიონის ქედი. მონეტის დიზაინის დაბალ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი „2009“.

რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ხოლო მის ქვედა ცენტრალურ ნაწილში კი ეკლესიის აშენების თარიღი რომაული ციფრით „XI–ს“. მონეტის წრის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “10” და წარწერა „ლარი“, ხოლო წრის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა „ილორი“.

წიბო: გლუვი წარწერებით (საქართველოს ეროვნული ბანკი National Bank of Georgia).[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 108, თბ., 1980
  • ისტორიული სამურზაყანოს წარწერები: ილორის წარწერები //ახალაძე ლ. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო: ლაპიდარული და ფრესკული წარწერები. I.-თბ.,2005.-გვ.96-108 (ილორის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, შემორჩენილი ლაპიდარული წარწერების ენობრივ-პალეოგრაფიული ანალიზი);
  • ილორის ეკლესია //მიბჩუანი თ. აფხაზეთი ნაწ.I.-გვ.215-217 (მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება);
  • მაკალათია ს. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია.-თბ.,1941.-გვ.348-349 (ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია-მხატვრულ-არქიტექტურული დახასიათება. ტექსტს ერთვის ფოტო);
  • კასტელი დონ კრისტოფორო დე. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ.-თბ.,1976.-გვ.450 (მოცემულია ილორის ტაძრის ერთი ნახატი და წარწერების თარგმანი, გვ.173-174);
  • ქართველთა უძველესი ეკლესია ილორში //სახალხო გაზეთი.-1912(25 ივლ.).-გვ.3 (მოკლე ცნობები);
  • ილორი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.).-თბ.,1980.-გვ.159-161 (ილორის ეკლესიის XI-XII საუკუნეების წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი);
  • ილორის ეკლესია //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აფხაზეთი .ტ.I.-თბ.,2007.-გვ.16-17 (წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესიის მდებარეობა, მოკლე არქიტექტურული დახასიათება. მოხსენიებულნი არიან: ოდიშის მთავარი ლევან II დადიანი (XVII ს.), ვახუშტი ბატონიშვილი, ფეოდალი გიორგი გურგენიძე, მთავარეპისკოპოსი გიორგი, მღვდელი გიორგი ქოჩოლავა, მშენებლები: გიორგი გ[კ]ალატოზი და მიქაელი. ტექსტს ერთვის ეკლესიის სამი ფოტო. მოცემულია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ხატის მოკლე აღწერილობა და ფოტო - გვ.52-53. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე);
  • წმიდა დიდმოწამე გიორგის მახვილი. ილორი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.ი.-თბ.,2005.-გვ.182-184 (გადმოცემები XI საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის შესახებ. მოკლე ხუროთმოძღვრული დახასითება. ტექსტი ართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხატისა და კარედის ხატის ფოტოები);
  • ილორი //როგავა გ. რელიგია და ეკლესია აფხაზებში.-თბ.,2007.-გვ.157-158 //როგავა გ. აფხაზეთის ისტორიის საკითხები.-თბ.,2009.-გვ.158 (მოკლე ცნობა ეკლესიის ხატების წარწერების შესახებ);
  • ილორის ეკლესია //მიბჩუანი თ. აფხაზეთი.ნაწ.I.-თბ.,2003.-გვ.215-216 (XI საუკუნით დათარიღებული, წმ. გიორგის სახ. ეკლესიის მოკლე აღწერილობა და ისტორია);
  • მივხედოთ ილორის წმ. გიორგის ეკლესიას //"კოლხური დიადემა".-1991(ოქტ.).-N8-9.-გვ.10 (XI საუკუნის ძეგლის მდგომარეობის გამო);
  • ქობალია ნ. "ყურესა მცირესა დაშთომილ ვართ..." //გაზ. "კომუნისტი".-1990(8 აგვ.).-გვ.4 (წმ. გიორგის სახ. ეკლესიაზე - მოკლე ცნობა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]