ივანე კვინიტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე კვინიტაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1825
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1897
გარდაცვალების ადგილი თბილისი
კუთვნილება კავკასიის სამხედრო ოლქი
წოდება პოლკოვნიკი
ბრძოლები/ომები კავკასიის ომი, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის
ჯილდოები
  • წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1873)
  • წმინდა ანას მე-3 და მე-4
  • წმინდა სტანისლავის მე-2 და მე-3
  • წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენები
  • და სხვა საბრძოლო ჯილდოები
კავშირი გიორგი კვინიტაძე

ივანე სიმონის ძე კვინიტაძე (დ. 1 თებერვალი, 1825 — გ. 14 იანვარი, 1897, თბილისი[1]) — რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1877), კავკასიის ომისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის აქტიური მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურების ოჯახში. გიორგი კვინიტაძის მოგონებების წინასიტყვაობის ავტორის, თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის ცნობით, ივანეს მამა — სიმონ ჩიქოვანი იმერეთის აჯანყების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ივანე კი საქართველოში დარჩა და თავად ციციშვილების ოჯახში იზრდებოდა. 13 წლის ასაკში მან ახალი გვარი — კვინიტაძე მიიღო და რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩადგა.[2] 1839 წელს ჩაირიცხა დაღესტნის მილიციაში და თავი გამოიჩინა შამილის სიმაგრის, ახულგოს იერიშში. მონაწილეობდა ღუნიბის აღებაში (1859). ფლობდა რამდენიმე ენას; ხშირად აგზავნიდნენ დაზვერვით დავალებებზე, მთიელებთან თარჯიმნის ფუნქციასთან ასრულებდა. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალითა და პირადი სიმამაცით.[3]

კავკასიაში მოგზაურობის დროს (1858-1859) თან ახლდა ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმას. მიიღო მაიორის (1864) და პოდპოლკოვნიკის (1869) წოდებები. 1873 წელს მონაწილეობდა ხივის ლაშქრობაში. ოსმალეთთან 1877-1878 წლების ომის დროს პოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა დაღესტნის მე-2 არარეგულარულ ცხენოსან პოლკს. 1880 წლიდან აქტიურ სამხედრო მოღვაწეობას ჩამოშორდა; სიცოცხლის ბოლომდე ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1881 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა 1897 წლის იანვარში. დაკრძალეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანში.[1][4]

მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1873), ასევე წმინდა ანას მე-3 და მე-4, წმინდა სტანისლავის მე-2 და მე-3, წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენები და სხვა საბრძოლო ჯილდოები. დაქორწინებული იყო პელაგია სულაძეზე. ჰყავდა 4 შვილი — ქალიშვილები: ბარბარე (დ. 1864), ელენე (დ. 1866), სოფიო (დ. 1871) და ვაჟიშვილი გიორგი კვინიტაძე (დ. 1874), შემდგომში გენერალი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Газета «Кавказъ». — № 16. — 18 января 1897 года.
  2. Квинитадзе Г. И. Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917-1921 / Г. И. Квинитадзе. — Paris : YMCA-press, 1985. — Об авторе / Теймураз Багратион-Myхранский.
  3. Эсадзе, Б.С. Летопись Грузии. Юбилейный сборник к 300-летию Царствования Дома Романовых Державных Покровителей грузинского народа. 1613-1913. Вып. 1 [и единств.]. [Тифлис]: Издание кн. П.И. Туманова, [1913]. XVI, 368 с., 13 л. ил.; ил., карт. 29,5×21,5 см. — გვ. 244-245.
  4. გაზეთი „ცნობილის ფურცელი“. — № 88. — 18 იანვარი, 1897. — გვ. 2-3.