იგნაც ტრებიჩ-ლინკოლნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იგნაც ტრებიჩ-ლინკოლნი

იგნაც ტრებიჩ-ლინკოლნი (Ignacz Trebitsch-Lincoln, 4 აპრილი, 18794 ოქტომბერი, 1943) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ავანტიურისტი.

დაიბადა უნგრეთის ქალაქ პაკშში, ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში. ბუდაპეშტში სამსახიობო ხელოვნების სწავლის პერიოდში, რამდენიმეჯერ გამოიჭირეს მცირე ქურდობაზე. 18 წლისა, გაემგზავრა ლონდონში, სადაც 1899 წლის შობის დღესასწაულზე ლუთერანული აღმსარებლობა მიიღო. ბერკლუმის სემინარიის (გერმანია) დამთავრების შემდეგ, გაემართა კანადაში, სადაც მის მიზანს მონრეალელი ებრაელების პრესბიტერიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა შეადგენდა.

კანადელ პრესბიტერიანელებთან უთანხმოების გამო (რაც დაკავშირებული იყო მის ჯამაგირთან), ტრებიჩი 1903 წელს ლონდონში დაბრუნდა, სადაც მან გაიცნო კენტერბერის არქიეპისკოპოსი. მან შეძლო მისი ნდობის მოპოვება, რის შედეგადაც ტრებიჩი კენტის საგრაფოში ვიკარად დანიშნა. აქ მისი მფარველი გახდა გავლენიანი ბიზნესმენი სიბომ რაუნტრი, რომელმაც შეძლო ტრებიჩის დარწმუნება დაეტოვებინა ანგლიკანური ეკლესია და პოლიტიკური კარიერა დაეწყო. რაუნტრის პირადი მოადგილისა და სანდო პირის რანგში (რომელიც ლიბერალური პარტიის სპონსორი იყო), ტრებიჩმა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა და გაიმარჯვა კიდეც 1909 წელს. ამის მიუხედავად, 30 წლის ავანტიურისტს ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერა არ ხიბლავდა. მის დღის წესრიგში პირველ რიგში გამდიდრება იდგა. თემთა პალატის სხდომებზე დასწრების ნაცვლად, ტრებიჩი ბუქარესტში გაფრინდა, სადაც რუმინეთის ნავთობწარმოებაში ფულის დაბანდებით საკუთარის კაპიტალის გაზრდას გეგმავდა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, არშემდგარმა ნავთობმაგნატმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა, ლონდონში დაბრუნდა და ბრიტანულ დაზვერვას საკუთარი სამსახური შესთავაზა. მას შემდეგ, რაც ტრებიჩმა ბრიტანელებისგან უარი მიიღო, ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც გერმანიის დაზვერვასთან სცადა ბედი, რაც წინაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, საჭიროების დროს აშშ-ში ყოფნისას ტრებიჩმა ვერ მოახერხა გერმანიის სამხედრო ატაშესთან, ფრანც ფონ პაპენთან, თანამშრომლობაზე შეთანხმება, რადგანაც ამ უკანასკნელმა არ ისურვა ავანტიურისტთან საქმის დაჭერა. უფულოდ დარჩენილმა ტრებიჩმა ნიუ-იორკულ გაზეთში სკანდალური მასალა გამოაქვეყნა სათაურით: "ბრიტანეთის პარლამენტის წევრის აღსარება, რომელიც ჯაშუში გახდა".

ბრიტანეთის მთავრობამ სკანადლის მისაჩქმალად პინკერტონის სააგენტოს დეტექტივები დაიქირავა და თაღლითობის ბრალდების საფუძველზე აშშ-ს ტრებიჩის ექსტრადიცია მოსთხოვა. შედეგად, თემთა პალატის ყოფილმა წევრმა შემდეგი სამი წელი ბრიტანეთში, კუნძულ უაიტზე მდებარე ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, ტრებიჩმა გადაწყვიტა ანგლო-საქსებთან საქმე აღარასოდეს დაეჭირა და ვაიმარის რესპუბლიკაში გადაბარგდა, სადაც 1920 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაპის პუტჩის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამავე პერიოდში, მან გან გაიცნო ულტრამემრჯვენე პოლიტიკოსები - ერიხ ლუდენდორფი და ადოლფ ჰიტლერი. პუტჩის ჩახშობის შემდეგ, ის ჯერ მიუნხენში, ხოლო შემდეგ ვენაში გაემგზავრა. ათასგვარი ინტრიგების მეშვეობით, მან მოახერხა მონარქისტებისა და რეაქციონერების საერთაშორისო ორგანიზაცია "თეთრ ინტერნაციონალში" გაწევრიანება. როგორც კი ორგანიზაციის საიდუმლო საარქივო მასალები მის ხელთ აღმოჩნდა, მან ისინი სხვადასხვა ქვეყნის სადაზვევრო სამსახურებს მიყიდა. ღალატში დადანაშაულებული ტრებიჩი ავსტრიიდან იქნა დეპორტირებული და მანაც ბედის ცდა აღმოსავლეთში გადაწყვიტა.

1920-იან წლებში ტრებიჩი ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც მონაცვლეობით მუშაობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანამ, სანამ ერთ დღეს ასტრალური ხილვის შედეგად ის ბუდისტად მოექცა და ბერი გახდა. 1931 წელს მან საკუთარი მონასტერი დააარსა შანხაიში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები მორჩილებისგან ქონების გამოძალვასა და ახალგაზრდა შანხაელი გოგონების შეცდენაში გაატარა. 1937 წელს იაპონელების მიერ ჩინეთის დაპყრობის შემდეგ, ჟაო კუნი (ტრებიჩის ბუდისტური სახელი) მზად იყო დახმარებოდა ჰიმლერსა და ჰესს ტიბეტში ანტი-ბრიტანული ამბოხების მოწყობაში, მაგრამ ის მისიის დაწყებამდე დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Wasserstein, Bernard (1988). The Secret Lives of Trebitsch Lincoln. Yale University Press. ISBN 0-300-04076-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]