იბერთა კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიბჭე და კაპელა ჩადგმულია მოსკოვის მერიასა და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის.

იბერთა კარიბჭე, ან ივერთა კარიბჭე, ასევე აღდგომის კარიბჭე (რუს. Иверские ворота, Воскресенские ворота) — კიტაი-გოროდის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი კარიბჭეა მოსკოვში. ის აერთებს წითელი მოედნის ჩრდილოეთ ბოლოს მანეჟის მოედანთან. კარიბჭე ჩადგმულია მოსკოვის მერიის შენობასა და მოსკოვის ისტორიულ მუზეუმს შორის. კაპელის წინ ბრინჯაოს ნიშნულია, რომლიდანაც რუსეთის გზატკეცილის კილომეტრების ათვლა იწყება.

პირველი ქვის ჭიშკარი ამ ადგილას წითელ მოედანზე 1535 წელს აღიმართა, ამავე დროს შენდებოდა კიტაი-გოროდის აგურის გალავანი. 1680 წელს ნაგებობის რეკონსტრუქციისას ორმაგ გასასვლელს ორსართულიანი შენობა დაამატეს ორი ოქტაგონური წვეტიანი სახურავით კრემლის კოშკების მსგავსად.

1731 წლამდე ჭიშკრის თავზე დამატებულ შენობას იყოფდა მეზობლად მდებარე ზარაფხანა და მოსკოვის ცენტრალური აფთიაქი. მიხეილ ლომონოსოვის მიერ მოსკოვის უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მასში უნივერსიტეტის სტამბა გადმოვიდა. ნიკოლაი ნოვიკოვმა, რომელიც სტამბას ხელმძღვანელობდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ნაგებობის მეორე სართული საკუთარ ბინად გადააკეთა. 1781 წელს ნაგებობას სამრეკლო დაემატა იბერთა ღვთისმშობლის ხატის დასასვენებლად, საიდანაც მომდინარეობს კარიბჭის სახელი.

1930-იან წლებში კარიბჭე სტალინმა დააშლევინა წითელ მოედანზე აღლუმებისთვის მძიმე ტექნიკის შემოსვლის გასაადვილებლად. 1994-96 წლებში მოსკოვის მთავრობის გადაწყვეტილებით კარიბჭე ადრინდელი სახით აღდგა[1][2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Gateway to Red Square
  2. The Resurrection Gate and the Iberian Chapel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-20. ციტირების თარიღი: 2014-10-11.