იაჰმესის პირამიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იაჰმესის პირამიდა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იაჰმესის პირამიდა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
იაჰმესის პირამიდა
იაჰმეს I
აშენდა XVIII დინასტია
ძვ. წ. 1550-1525 [1]
ტიპი პირამიდა
მასალა ქვა და ქვიშა, კირქვის მოპირკეთება
თავდაპირველი სიმაღლე 45 მეტრი
სიმაღლე დღეს 10 მეტრი
ცოკოლი 52,5
დახრილობა 60°
26° 10′ 33″ ჩ. გ., 31° 56′ 16″ ა. გ.

იაჰმესის პირამიდაკენოტაფი-პირამიდა ძველი ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში. აგებულია იაჰმეს I-ის მიერ, როგორც ტაძრის კომპლექსის ნაწილი, ძვ. წ. 1550-1525 წლებში[1]. იგი წარმოადგენს ეგვიპტის მმართველთათვის აგებულ უკანასკნელ დიდ პირამიდას. იაჰმესის პირამიდა ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომელიც თავიდანვე დაგეგმილი იყო არა როგორც საფლავი, არამედ როგორც კენოტაფი (ცარიელი სამარე). დღემდე მოღწეულია ძლიერ დაზიანებული ნანგრევის სახით — დღეს იგი უბრალოდ ქვების გროვას წარმოადგენს. იაჰმესის პირამიდაში სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად გულისხმობენ მთლიანად კომპლექსს, რომელიც უშუალოდ ფარაონის პირამიდის გარდა მოიცავს სხვა, დამატებით ნაგებობებსაც.

გამოკვლევა

ტაძრების კომპლექსი პირამიდასთან ერთად პირველად 1899-1902 წლებში ეგვიპტის შემსწავლელი საზოგადოების წევრებმა, ართურ მეისმა და ჩარლზ თრიქ ქიურელიმ გამოიკვლიეს; ამ გამოკვლევის დროს მოხდა პირამიდის იდენტიფიკაციაც. თუმცა, სამუშაოები ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიმდინარეობდა და მოიცავდა მხოლოდ უხეშ მიმოხილვას კომპლექსისა და მისი სტრუქტურის შესახებ. არქეოლოგიური გათხრები კონცენტრირებული იყო პირამიდაზე. ართურ მეისმა ასევე გათხარა გვირაბი უშუალოდ პირამიდის ქვეშ, რათა ნაგებობის სავარაუდოდ არსებული მიწისქვეშა ნაწილი (სარდაფი)ეპოვნა. ჩარლზ ქიურელიმ ადგილზე გამოკვლევები 1904 წლამდე განაგრძო[2].

1993 წელს სტივენ ჰარვიმ ხელახლა წამოიწყო არქეოლოგიური გათხრები კომპლექსის ტერიტორიაზე. სხვა აღმოჩენებთან ერთად მან გათხრების შედეგად არაერთი რელიეფური ფრაგმენტი იპოვა, რომელთა საშუალებითაც დადგინდა, რომ იაჰმესის პირამიდის კომპლექსში შემავალი „ტეტიშერის კაპელაც“ პირამიდას წარმოადგენდა. გარდა ამისა, ამ გათხრების დროს აღმოჩენილი და მიწისაგან გამოთავისუფლებული იქნა არაერთი ნაგებობა, რომლებიც იაჰმესის პირამიდის ტაძრების კომპლექსს ეკუთვნის[3][4].

მშენებლობა

იაჰმესის ერთ-ერთი ქანდაკების თავი

ჰიქსოსებზე გამარჯვების შემდეგ, რომლებიც ეგვიპტეში ერთ საუკუნეზე მეტ ხანს ბატონობდნენ, იაჰმეს I-მა საკუთარი მმართველობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაავრცელა (ზემო და ქვემო ეგვიპტე) და ამგვარად დააარსა ეგვიპტის ახალი სამეფო.

მიუხედავად იმისა, რომ აბიდოსი ადრეული ხანიდანვე ძველი ეგვიპტის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა სამარხებისა და საკულტო ნაგებობების მხრივ, იაჰმეს I-ის პირამიდა პირველი და უკანასკნელი დიდი პირამიდა იყო ამ ტერიტორიაზე. თუმცა, XVII დინასტიის ზოგიერთი მმართველს აქ აქვს საკუთარ სამარხიც. ეს სამარხები, როგორც წესი, პატარა პირამიდებს წარმოადგენენ და მათი ფუძის გვერდის სიგრძე 10 მეტრს არ აღემატება. იაჰმესის პირამიდა და იაჰმესის ტაძართა კომპლექსის ნაგებობები გეგმითა და აგებულებით ძირეულად განსხვავდება ყველა სხვა ადრეული ეგვიპტური პირამიდების კომპლექსისაგან, აქ არ გვხვდება ტიპური სქემა ტაძრების, პირამიდებისა და დამბებისა. ტერასებიანი ტაძრისა და ოსირისის სამარხის აგებით შემოღებული იქნა ახალი ელემენტები პირამიდის კომპლექსის მშენებლობაში.

პირამიდა გამორჩეულია იმით, რომ იგი სამარხი არაა, წარმოადგენს კენოტაფსფარაონ იაჰმესის ნამდვილი საფლავი სავარაუდოდ დრა აბუ ელ-ნაგაში მდებარეობს, მისი ლოკალიზაცია დღემდე არ მომხდარა. ვარაუდობენ, რომ იაჰმესის სამარხი შესაძლოა 1913 წელს ამერიკელი ეგვიპტოლოგის ჰერბერტ ოსტის ვინლიკის მიერ აღმოჩენილი პატარა პირამიდა იყოს. თუმცა, ეს სამარხიც ზოგჯერ სხვა მმართველებს მიეწერებათ — იაჰმესის წინაპარ კამოსს ან მის შესაძლო ვაჟიშვილს იაჰმეს-სიპაირს[5][6]. იაჰმეს I–ის მუმია, ისევე როგორც მისი ბებიის, ტეტიშერის ნეშთი XXII დინასტიის პერიოდში დეირ-ელ-ბაჰარის სამარხშია გადატანილი პირამიდების ქურდებისაგან დასაცავად[7].

იაჰმესის კულტი მისი პირამიდისა და ტაძრების კომპლექსიდან წარმოდგენილია ერთ-ერთი სტელის სახით, რომელიც რამზეს II-ის პერიოდამდე დაახლოებით სამი საუკუნით ადრეა შექმნილი. წარეწერები ადასტურებს, რომ იაჰმესის პროცესიის ნავი მოსახლეობას მიაჩნდა, როგორც ღვთაებრივი მეფის ორაკული[4].

პირამიდა

1. იაჰმესის პირამიდა
2. ქვების ყრილი დღეს
3. ალიზის სტრუქტურა, პლატფორმა
4. პირამიდის ტაძარი
5. ტაძარი A
6. ტაძარი B
7. ტაძარი C

პირამიდას ჰქონდა 52,5 მეტრის სიგრძის ცოკოლი, ფუძე. შიგნიდან მთლიანად შედგებოდა რიყის ქვებისა და ქვიშისაგან, გარედან კი მოპირკეთებული იყო ნაზად დამუშავებული კირქვისაგან. შიდა, თავისუფლად აგებულ ნაწილს არ გააჩნდა საკუთარი სტაბილურობა და მას მთლიანად გარე მოპირკეთება აკავებდა. ართურ მეისმა არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინა ორი ადგილი ჯერ კიდევ შემორჩენილი მოპირკეთებით, რის მიხედვითაც პირამიდის დახრის კუთხის განსაზღვრა გახდა შესაძლებელი — 60°. იაჰმესის პირამიდა უფრო მეტად ციცაბო აღმოჩნდა, ვიდრე ძველი და შუა სამეფოების პერიოდის პირამიდები. დახრის კუთხის მიხედვით დადგინდა პირამიდის თავდაპირველი სიმაღლეც — 45 მეტრი[2].

მოგვიანებით, როდესაც პირამიდის მოპირკეთებული ფენა ქვების ქურდების მსხვერპლი გახდა, პირამიდის შიდა ნაწილმა, რომელიც თავისუფლად, ყოველგვარი დუღაბის გარეშე იყო აგებული, დაკარგა ერთიანობა და ჩამოიშალა, რის შედეგადაც დღეს ნაგებობიდან მხოლოდ 10 მეტრის სიმაღლის ქვების ყრილია დარჩენილი. შიდა კორპუსის ეს მასალა შესაძლოა მშენებლობისას მოტანილი იყოს კომპლექსის სამხრეთ ნაწილში მდებარე ოსირისის მიწისქვეშა სამარხიდან — სავარაუდოდ პირამიდის მასალა წარმოადგენს ამ სამარხის ამოთხრისას გამოთავისუფლებულ ქვებსა და ქვიშას.

პირამიდის ჩრდილოეთ კედელსა და პირამიდის ტაძარს შორის მდებარე ნახევარმთვარის ფორმის გამოუწვავი აგურის, ალიზის სტრუქტურა (იხ. სურათი) სტივენ ჰარვის სამუშაოების შემდეგ მიჩნეულ იქნა ძველი პირამიდისწინა პლატფორმის ნაშთად[3].

იაჰმესის პირამიდა ერთადერთია დიდ პირამიდებს შორის, რომელსაც არანაირი სუბსტრუქტურა არ გააჩნია; ამის საფუძველზე შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირამიდას არ ჰქონდა სამარხის ფუნქცია. ართურ მეისი უშედეგოდ ცდილობდა ნანგრევის ჩრდილოეთ ნაწილში გვირაბს გაჰყოლოდა და დაფარული შესასვლელები გამოევლინა. პირამიდის ქვეშ ვერც შემდგომი გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა რაიმე სუბსტრუქტურა[2]. პირამიდის კორპუსში კი შიდა სავალი გზებისა და ოთახების არსებობას გამორიცხავს მისი ქვითა და ქვიშით თავისუფალი აგებულება.

კომპლექსი

კომპლექსის გეგმა.
წითელი: წარმოსახვითი ორიეტაციის ხაზი

გარდა უშუალოდ პირამიდისა, იაჰმესის კომპლექსი სხვა დამატებით ნაგებობებსაც მოიცავდა, თვითონ პირამიდა კი სრულიად უფუნქციო ნაგებობა იყო. პირამიდის კომპლექსი მოიცავს მის ახლოს მდებარე ტაძრებსა და მოშორებით მდგარ კიდევ ერთ კენოტაფ-პირამიდას. პირამიდა, თავისი ტაძრებითურთ, კომპლექსის ბოლოში (ჩრდილოეთით) ნილოსის დატბორვის საზღვართან მდებარეობს. კომპლექსის სამხრეთით, უფრო მოშორებით, არის ასევე ოსირისის სამარხი და ტერასებიანი ტაძარი. კომპლექსის ყველა ნაგებობა თუ კომპონენტი ერთი ხაზის გასწვრივ მდებარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ისინი პირდაპირი გზით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს გზა დღეს გამოვლენილი არაა. გალავანი, რომელიც უფრო ძველი პირამიდების კომპლექსებისათვის იყო დამახასიათებელი, იაჰმესის კომპლექსში აღმოჩენილი არაა.

ტაძრების კომპლექსი

პირამიდის დიდი ტაძარი მის ჩრდილოეთ მხარესაა აგებული, თუმცა უშუალოდ პირამიდას არ ესაზღვრება. ტაძარს ჰქონდა სქელი გალავნის ტიპის კედლები და ერთი შესასვლელი ცენტრალურ შიდა ეზოში, რომლის უკანა მხარესაც შესაძლოა სვეტების კოლონადა ყოფილიყო. შესასვლის გვერდით ორი ორმოა, რომლებშიც თავის დროზე სავარაუდოდ ხეები იქნებოდა ჩარგული. სტივენ ჰარვიმ ტაძრის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მოხატული რელიეფური გამოსახულება იპოვა, რომლებიც ტაძარს ამშვენებდნენ. მათი შინაარსი ძირითადად დაკავშირებულია იამსესის წარმატებულ ბრძოლებთან ჰიქსოსების წინააღმდეგ. მოხატულობებზე წარმოდგენილია დღეისათვის ცნობილი ყველაზე ძველი მხატვრული გამოსახულებები ცხენისა და საბრძოლო ეტლისა ეგვიპტეში.

მეორე, შედარებით მცირე ტაძარი („ტაძარი A“) ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. იგი განკუთვნილი იყო იაჰმესის, მისი მეუღლისა და დის — იაჰმეს-ნეფერტარის თაყვანსაცემად და განსადიდებლად. ეს ტაძარი ზოგიერთი მკვლევრის მიერ შეცდომით, მისი მდებარეობის გამო, მიჩნეული იყო საკულტო პირამიდად. სწორედ ამ ტაძრის აღმოსავლეთით კიდევ ერთი მცირე ტაძრის ნაშთია შემორჩენილი („ტაძარი B“), რომელიც იაჰმესს ეკუთვნის. ჩრდილოეთით კი შედარებით მოზრდილი ტაძარია („ტაძარი C“), რომელიც პირამიდის ტაძარს ესაზღვრება და რომელიც იაჰმეს-ნეფერტარის მიეწერება.

უფრო აღმოსავლეთით სამეურნეო ან ადმინისტრაციული დანიშნულების შენობის ნანგრევებია. თუმცა, ნაგებობათა კომპლექსის აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად დაფარულია ახალი დროის მუსულმანური სასაფლაოთი და, შესაბამისად, აქ გამოკვლევების ჩატარება ხელმისაწვდომი არაა[4].

ტეტიშერის პირამიდა

ტეტიშერის პირამიდის კაზემატი-ფუნდამენტი

კომპლექსის ცენტრში, იაჰმესის პირამიდიდან და ტერასებიანი ტაძრიდან თითქმის თანაბარ მანძილზე მდებარეობს აგურის სტრუქტურა, რომლის ფუძის ზომები შეადგენს 21 × 23 . აქ აღმოჩენილი წარწერების საფუძველზე, თავდაპირველად, იგი ჩაითვალა იაჰმესის ბებიის, ტეტიშერის აკლდამად (და არა პირამიდად). გარდა ამისა, 1902 წელს ნანგრევებში აღმოჩნდა სტელა (CG 34002), რომლის შინაარსიც ტეტიშერის პირამიდასა და ტაძარს ეხებოდა. მასზე არსებულ წარწერებში იაჰმესი თავის ცოლს აცნობებს აქ დაგეგმილი პირამიდის მშენებლობის გეგმას, რომელიც თებეში დაკრძალული ბებიისათვის უნდა აგებულიყო:[8]

მე ის ვარ, ვინც ფიქრობს თავის დედის დედაზე (აჰჰოტეპ I) და მამის დედაზე, დიდებულ ფარაონის ცოლზე და დიდებულ ფარაონის დედაზე, ბედნიერ (დალოცვილ) ტეტიშერიზე. მას თავისი სამარხი ჯერ კიდევ თებესა და აბიდოსის მიწაზე აქვს. ჩემს უდიდებულესობას სურს, რომ მისი პირამიდა და ტაძარი ჩემი ტაძრების მახლობლად, დიად მიწაზე ააშენონ. ამოითხრება და გაკეთდება ტბა, ხეები დაირგვება და მივიღებთ ძღვენს სხვადასხვა ხალხისაგან.

ტეტიშეტის სტელა (CG 34002)[9]

სტელის აღმოჩენისას ივარაუდეს, რომ წარწერაში პირამიდა მხოლოდ სიმბოლურად იყო ნახსენები, რადგანაც ნაგებობის ნანგრევები იმდროისათვის პირამიდად არ იყო იდენტიფიცირებული. სტელაში დასახელებული ბაღისა და ხელოვნურად შექმნილი ტბის ნაშთი დღეისათვის აღმოჩენილი არაა[2].

სტივენ ჰარვის ახალმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქმე ფაქტობრივად აქამდე მხოლოდ აკლდამად მიჩნეულ ტეტიშერის პირამიდასთან ჰქონდათ. უცნაურია მხოლოდ ის, რომ პირამიდის ფუნდამენტი წარმოადგენს ქვითა და ხრეშით ამოვსებულ აგურის კაზემატს. შესასვლელი დერეფანი კაზემატი-ფუნდამენტის ცენტრამდე აღწევს. ამ გათხრებში აღმოჩნდა ასევე პირამიდიონის ფრაგმენტები, რის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა დადგენილიყო, რომ ამ პირამიდის დახრის კუთხეც იაჰმესის მთავარი პირამიდის მსგავსი იყო. ჰარვის ამ აღმოჩენებმა ცხადი გახადა ტეტიშერის ზემოთმოყვანილ სტელაში პირამიდის ხსენების მიზეზი. გარდა ამისა, გამოვლენილ იქნა 90 × 70 ზომების ალიზისაგან ნაგები გალავანი, რომელიც პატარა პირამიდას ერტყმოდა გარს. გალავნის შიგნით მრავალი პატარ-პატარა ნაგებობებია, რომელთა დანიშნულება დღეს ცნობილი არაა[3][4].

„ოსირისის სამარხი“

ოსირისის სამარხის გეგმა
1. შესასვლელი    2. გვერდითი კამერები
3. დარბაზი    4. გამოქვაბული

კომპლექსის სამხრეთ მეოთხედში მდებარეობს ფარაონ იაჰმესის „ოსირისის სამარხი“. იგი წარმოადგენდა სიმბოლურ სამარხს გარდაცვლილთა ღვთაება ოსირისისათვის, რომლის დანაკუწებული სხეულის ნაწილებიც, ეგვიპტური მითების მიხედვით, მთელი ეგვიპტის ტერიტორიაზე გადანაწილდა. გარდა ამისა, იგი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ქვესკნელის სიმბოლო[2].

ოსირისის სამარხი აგებულებით სენუსერტ III-ის სამარხის მსგავსი იყო, თუმცა უფრო უხეშად ნაგები და დამუშავებული. შესასვლელი, რომელიც ორმოს ჰგავდა, საკმაოდ შეუმჩნეველი იყო და განსხვავდებოდა სხვა, ჩვეულებრივი მოქალაქეების სამარხების შესასვლელებისაგან. უსწორმასწორო, მიხვეულ-მოხვეული შესასვლელი მიწისქვეშა კლდეში იყო გამოკვეთილი. შესასვლელიდან მცირე მანძილზე ორი გვერდითი კამერაა გამოჭრილი. გზის ცენტრში მოთავსებული იყო შედარებით დიდი დარბაზი, რომელსაც 18 პილასტრი გააჩნდა, თუმცა პილასტრებისა და მთლიანად დარბაზის სიმაღლე მხოლოდ შესასვლელიდან დარბაზამდე მომავალი გზის სიმაღლეს ემთხვეოდა. დარბაზის შემდეგ გზა მიემართება უბრალო გამოქვაბულისაკენ და ძლიერაა დაქანებული. დარბაზისა და დარბაზამდე მიმავალი გზის კედლები არც შელესილია და არც დეკორირებული. ოსირისის სამარხი იაჰმესის მთავარი პირამიდისა და ტერასებიანი ტაძრის შუა წარმოსახვითი, ორიენტაციის ხაზის გარდიგარდმო მდებარეობს (სხვა ნაგებობები ამ ხაზის პირზეა განლაგებული)[2].

ტერასებიანი ტაძარი

კომპლექსის უკიდურეს სამხრეთში, ციცაბო კლდეების წინ მდებარეობს ტერასებიანი ტაძარი. ამ ტაძართან აღმოჩენილია დამარხული საკულტო ნივთები კერამიკის ჭურჭლის სახით, ასევე ნავების მინიმოდელები და ქვის ლარნაკები. ტაძარი შედგებოდა კიბის მრავალი საფეხურისაგან და ტრაპეციის ფორმის ოთახებისაგან. ზემოთა მხარეს იყო დერეფანი, რომელიც სამხრეთისაკენ, პატარა კამერისაკენ მიემართებოდა, რომელშიც, სავარაუდოდ, სპეციალურად მოწყობილ კვარცხლბეკზე მოთავსებული იყო მმართველის ქანდაკება[2]

მნიშვნელობა

იაჰმესის პირამიდის აგებით ძველ ეგვიპტეში დასრულდა ფარაონთა პირამიდების ეპოქა. მაშინ როცა შუა სამეფოს პერიოდში ხელახლა წამოიწყეს დიდი პირამიდების მშენებლობა და არაერთი ამგვარი სამარხი ააშენეს ფარაონთათვის, ახალ სამეფოში იაჰმესის პირამიდა ერთადერთია. იაჰმესის შთამომავალთაგან ვერცერთმა შეძლო ამგვარი სამშენებლო პროექტის წამოწყება. მხოლოდდამხოლოდ ნუბიელი მმართველები, რომლებიც XXV დინასტიის პერიოდში ეგვიპტეზე ბატონობდნენ, აგებდნენ პირამიდის ფორმის სამარხებს. თუმცა ეს პირამიდები ისტორიული ტრადიციული ეგვიპტის ტერიტორიის გარეთ იყო აგებული. უშუალოდ ეგვიპტის ტერიტორიაზე მხოლოდ პირადი, კერძო სამარხები იყო, რომლებსაც ძალიან მცირე პირამიდის ფორმები ჰქონდა.

ლიტერატურა

ზოგადი

  • Mark Lehner: Geheimnis der Pyramiden. ECON-Verlag, Düsseldorf 1997, S. 190 ff, ISBN 3-572-01039-X
მარკ ლენერი: პირამიდების საიდუმლო. გამომცემლობა ECON, დიუსელდორფი 1997, გვ. 190 და შემდგომნი
ჰერმან შლეგლი: ძველი ეგვიპტე. ბეკი, მიუნხენი 2008

წინასწარი მოხსენებები გათხრებზე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 დათარიღებულია იურგენ ფონ ბეკერათის მიერ; უფრო ძველი გამოკვლევებით თარიღდებოდა ძვ. წ. 1530-1504 (ჰელკი) ან ძვ. წ. 1539-1514 (კრაუსი) წლებით
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Mark Lehner; Geheimnis der Pyramiden, გვ. 190-191 Ahmose in Abydos
  3. 3.0 3.1 3.2 Stephen P. Harvey: Pyramid Construction at Abydos
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Stephen P. Harvey: Abydos in The Oriental Institute 2002–2003 Annual Report
  5. Mark Lehner: Geheimnis der Pyramiden, გვ. 188-189 Die Pyramiden des Neuen Reichs
  6. Claude Vandersleyen: Iahmès Sapaïr: Fils de Séqénenré Djéhouty-Aa (17e dynastie) et la statue du Musée du Louvre E 15682. Safran, Brüssel 2005, ISBN 2-87457-002-8
  7. Nicholas Reeves, Richard H. Wilkinson: Das Tal der Könige, Bechtermünz Augsburg 2002, გვ. 196, ISBN 3-8289-0739-3
  8. Catalogue Général 34002, ეგვიპტური მუზეუმი, კაირო
  9. Hermann Schlögl: Das alte Ägypten. Beck, München 2008, გვ. 183.