იან ჰომერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იან ჰომერი (დ. 31 მარტი, 1898, პარიზი, საფრანგეთი — გ. 12 ნოემბერი, 1981, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — საქართველოს ჩოგბურთის ფუძემდებელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მიღვაწე (1968).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იან ჰომერის ცხოვრება გაჟღენთილი იყო დრამატული მოვლენებით. ადვოკატის შვილი, წარმოშობით ბერძენი ერთი მხრივ და ფრანკო–იტალიელი მეორე მხრივ (დედა ელისაბედ ბონო–გრიმალდი), ის თავის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ჭიათურაში, სადაც მაესტროს (ბევრი ასე ეძახდა იან ჰომერს) მამამ ჯონ ტარსეის ხელმძღვანელობით, მუშაობა დაიწყო ინგლისურ კომპანიაში „Forward and Salinas“. მაშინ ინგლისელებმა, ჭიათურაში, საქართველოს ტერიტორიაზე ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი სწორედ იქ გაეცნო ჩოგბურთს.

13 წლის ასაკში იან ჰომერი ხდება ქალაქის ჩემპიონი. მალე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, მიხეილის (მიხაილოვის), ახლანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტზე, 117 ნომერში, სადაც იმ დროისთვის ცნობილი საჩოგბურთო კლუბი იყო. ჭიათურაში მიღებული გაკვეთილების შემდეგ, იან ჰომერი თავის ოსტატობასაც ხვეწს და იმავდროულად მწვრთნელობასაც ეწევა. 10 წლის განმავლობაში (1918–1927) მაესტრო იანი თბილისის და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო. შემდეგ ის, მისმა მოწაფეებმა შეცვალეს, ჩოგბურთელებმა ედუარდ ნეგრებეცკიმ და არჩილ მდივანმა. 1928 წელს იან ჰომერს წილად ხვდა პირველი წარმატება, როგორც მწვრთნელს – პირველ საკავშირო სპარტაკიადაზე ამიერკავკასიის გუნდმა, რომელიც მთლიანად საქართველოს ჩოგბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მე-2 ადგილი დაიკავა. იან ჰომერი იხსენებდა:

ვიკიციტატა
„სასპარტაკიადო მოსკოვში ხმა გავარდა ე.წ. ჩერნიშევსკის ყაზარმებში (ამჟამინდელი კომუნის მოედანი, სადაც ჩვენი გუნდი მოათავსეს), უძლეველი ჩოგბურთელები ცხოვრობენო. ყველას უნდოდა თბილისელ ჩოგბურთელთა ხილვა. ისინი ხომ კორტების აღიარებულ ოსტატებთან, მოსკოველებთან ერთად სპარტაკიადის ფინალში გავიდნენ. ეს ფაქტი მაშინ პირდაპირ სენსაციურად მიიჩნიეს. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ჩოგბურთელები რამდენიმე დღეში მოსკოველ მაყურებელთა ფავორიტებათ იქცნენ.“

ქართველმა ჩოგბურთელებმა მხოლოდ 39 წლის შემდეგ შეძლეს 1928 წლის შედეგის გამეორება. უკვე 1930-იანი წლების დასაწყისისთვის იან ჰომერმა ჩოგბურთელების მთელი პლეადა აღზარდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მოხვდნენ: თამარ გოგოლაური, ედუარდ ნეგრებეცკი, არჩილ მდივანი, ბორის სერებრიანიკოვი. შემდგომში კი ედუარდ ნეგრებეცკი და არჩილ მდივანი მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ. და კიდევ მაესტრო იანის ერთი მოწაფე, ბორის კრუპენიკოვი 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელთა ათეულში იმკვიდრებს ადგილს.

მაღალი კლასის სპორსტმენების აღზრდის გარდა, იან ჰომერი აგრეთვე მწვრთნელებსაც ამზადებდა. არამ ხანგულიანმა (რომელმაც ალექსანდრე მეტრეველი აღზარდა) მუშაობას დაიწყო „დინამოს“ კორტებზე (ყოფილი ე.წ. პეტერსონის კორტები ჩიტაძის ქუჩაზე), ვახტანგ (გუგული) დიდიძემ კი (ვანო ელერდაშვილის, გივი კოკაიას, ვიქტორ ურაევსკის პირველი მწვრთნელი) – მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტებზე. მაესტრო იანის მოღვაწეობის სფერო 30-იან წლებში პროფესიონალური მოღვაწეობის ჩარჩოებს დაცილდა: ის ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, მისი სტატიები, რომლებიც სპორტის განვითარების პრობლემებს ეხებოდა, პრესაში იბეჭდებოდა.

თუმცა ახლოვდებოდა 1937 წელი, რომელმაც დიდი გარდატეხა შეიტანა იან ჰომერის ცხოვრებაში. იმ წელს მან ბევრი მეგობარი, ახლობელი და მოწაფე დაკარგა. არჩილ მდივანი აპრილში დააპატიმრეს. მაესტრო ინერციით განაგრძობდა მუშაობას. ივნისში წამყვან მწვრთნელებთან და ჩოგბურთელებთან ერთად, მოსკოვს შეკრებაზე გაემგზავრა. მოსკოვში ჩავიდა განთქმული ფრანგი ჩოგბურთელი ანრი კოშე, რომელიც 2 თვის განმავლობაში ინტენსიურ ვარჯიშებს ატარებდა და საჩვენებელ თამაშებშიც მონაწილეობდა. აგვისტოში კი – დიდი ფრანგი თბილისს ეწვია და მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტებზე საბჭოთა კავშირის უძლიერეს ჩოგბურთელებს შეხვდა. იან ჰომერი მშვენივრად ფლობდა ფრანგულ ენას და ანრი კოშესთან მუდმივი ურთიერთობის დროს სპორტსმენების მომზადების ახალი, ფასდაუდებელი ცოდნა შეიძინა. მაშინ აჩუქა დიდმა ფრანგმა იან ჰომერს თავისი ფოტო ავტოგრაფით: „იან ჰომერს, ჩოგბურთის სიმპათიურ და მომთმენ პროფესორს, ჩემი საუკეთესო სურვილებით“. მაგრამ ამაოდ, ახალი ცოდნა მან ვეღარ გამოიყენა პრაქტიკაში. 1937 წლის მიწურულს ერთ ღამეს იან ჰომერი თავის ძმებთან მარსელთან და ჟორჟთან ერთად დააპატიმრეს. მათ აბსურდული ბრალდება წაუყენეს: შპიონაჟი საზღვარგარეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ. სამეულის გადაწყვეტილებით მაესტროს მიუსაჯეს 10 წელი საბანაკო რეჟიმი და შემდეგ 5 წელი გადასახლება. ბანაკში 10 წლის ყოფნისას, მან ჯოჯოხეთი გაიარა. მოხვდა კოლიმის ბანაკში, სადაც მოყინვის შედეგად რამდენიმე თითი დაკარგა ხელზე და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის გამო დარჩა ცოცხალი. მხოლოდ 1948 წელს, ამდენ ტანჯვაგამოვლილს, ნება დართეს ქუთაისში დასახლებულიყო. აქ, იან ჰომერმა პედაგოგიურ ინსტიტუტში ასფალტის კორტი მოაწყო და ურთულეს პირობებში კარგი ჩოგბურთელები აღზარდა. რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულ იან ჰომერს გულგრილად შეხვდნენ ისინი, ვინც იმ დროისთვის ხელმძღვანელობდა ქართულ სპორტს და კერძოდ ჩოგბურთს. დიდი მაესტროსთვის ადგილი არ მოინახა კორტებზე. მაგრამ იან ჰომერი არ ჩამოშორდა ჩოგბურთს. მსაჯობდა შეჯიბრებებს, ატარებდა ვეტერანთა ტურნირებს, უწევდა კონსულტაციებს ჩოგბურთელებს. 1970-იან წლებში მან ბევრი გააკეთა ქუთაისის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაში. იღებდა აქტიურ მონაწილეობას სპორტული ნაგებობების მშენებლობაში. იან ჰომერის დამსახურება ქართული სპორტის წინაშე მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი პარტიული ხელმძღვანელობის ჩარევის შემდეგ დაფასდა ღირსეულად. ახლა, როცა საქართველოში ჩოგბურთის დანერგვიდან უკვე ასი წელი გავიდა. იან ჰომერმა საქართველოში ჩოგბურთის განვითარებისთაში უდიდესი წვლილიშეიტანა. 20-30-იან წლებში მან უზარმაზარი შრომა გასწია. და, ის რომ ჩვენმა განთქმულმა ჩოგბურთელებმა ალექსანდრე მეტრეველმა და ლეილა მესხმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო ასპარეზზე, იან ჰომერის დიდი დამსახურებაა. ქართული ჩოგბურთის გენეალოგიის გაანილაზების შემდეგ, ჩნდება აზრი, რომ ყველა გზა ერთ მწვერვალისკენ მიდის და ეს მწვერვალი მაესტრო იანი. 1998 წელს იან ჰომერის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა მაესტროს მემორიალური დაფა (დავით აღმაშენებლის პროსპექტი 117), ხოლი 2006 წელს ახალი საჩოგბურთო სტადიონი „JAN HOMER STADIUM“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვლადიმერ გოგლიძე. ჩოგბურთი – თბილისი, 2012 (ქართულ და ინგლისურ ენებზე)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]