იაკობ სპარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა იაკობ სპარსი

იაკობ სპარსი (გ. 421) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 27 ნოემბერი, ახალი სტილით - 10 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმინდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. ერთხელ, ლაშქრობის დროს, იგი მოიხიბლა მეფის გულმოწყალებით, ვერ გაბედა საჯაროდ ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და უსჯულო ხელისუფალთან ერთად კერპებს მსხვერპლი შესწირა. იაკობის ცოლმა და დედამ ეს რომ შეიტყვეს, ძლიერ დამწუხრდნენ, მამხილებელი წერილით მიმართეს მას და სინანულისკენ მოუწოდეს. წერილი რომ წაიკითხა, იაკობი ხმამაღლა ატირდა და ღმერთს პატიება შესთხოვა. წმინდანის თანამებრძოლებმა გაიგონეს, როგორ ლოცულობდა იგი ქრისტეს მიმართ და მეფესთან დაასმინეს. სულიწმიდით განმტკიცებულმა იაკობმა დაკითხვაზე მხნედ აღიარა ქრისტე. ამჯერად მეფის ვერანაირმა მუქარამ და შეგონებამ ვერ გადადრიკა იგი ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან. მაშინ რისხვით აღსავსე თვითმპყრობელმა ბრძანა, ნეტარისთვის წამებით ამოეხადათ სული. იაკობს თითო-თითოდ მოჰკვეთეს ჯერ ხელისა და ფეხის თითები, შემდეგ კი ხელ-ფეხი. წმინდანი დაუდუმებლად ლოცულობდა და მადლობას სწირავდა ღმერთს იმისთვის, რომ ჩადენილი ცოდვის ტანჯვით გამოსყიდვის საშუალება მიეცა. ბოლოს ნეტარ მოწამეს თავი მოჰკვეთეს, ეს მოხდა 421 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]