მოსე თოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თოიძე, მოსე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თოიძე.
მოსე თოიძე
დაიბადა 21 იანვარი, 1871
დაბადების ადგილი თბილისი[1]
გარდაიცვალა 1953
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
ჟანრი პორტრეტი

მოსე ივანეს ძე თოიძე (დ. 21 იანვარი, 1871, თბილისი — გ. 17 ივნისი, 1953, იქვე) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1947), სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1953).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მცხეთობა“, 1901

დაიბადა ხელოსნის ოჯახში. მამით ადრე დაობლებული დედამ გაზარდა დიდ გაჭირვებაში. ხატვისადმი მიდრეკილება ჯერ კიდევ სკოლაში გამოავლინა და 13 წლის ყმაწვილი სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს. 1887 წელს დაამთავრა სასწავლებელი და იქვე დატოვეს ზეინკალ მასწავლებლად. ამ პერიოდში მ. თოიძე დაუახლოვდა ცნობილ რევოლუციონერებს, გოლა და შიო ჩიტაძეებს და მათ წრეს, სადაც თავს იყრიდნენ რადიკალურად განწყობილი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები. აქვე შეხვდა მაქსიმ გორკის, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა შემოქმედის მომავალ ბედზე.

„მზიანი დღე“, 1912

25 წლის მოსე თოიძე გაემგზავრა პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად. დიდი სიძნელეების მიუხედავად, 1896 წელს იგი ჩაირიცხა ჯერ ლ. დმიტრიევ-კავკაზსკის, შემდეგ კი ფ. მალიავინის ჯგუფში. შემდეგ ჩაირიცხა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ილია რეპინის ჯგუფში. 1901 მოსე თოიძემ დაამთვარა სამხატვრო აკადემია, შეასრულა დიდფორმატიანი სადიპლომო ფერწერული ტილო „მცხეთობა“, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო იგი დააპატიმრეს და ეტაპით გამოგზავნეს თბილისში. 1901 წელს რუსეთთან საქართველოს შეერთების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სურათი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

„ძველი თბილისი“, 1935

1903-1904 წლებში მონაწილეობდა „პერედვიჟნიკების“ 31-ე საგაზაფხულო გამოფენასა და კავკასიის მხატვართა საზოგადოების გამოფენაში. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან, თბილისში ჩასვილს შემდეგ კი განსაკუთრებით თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან („კვალი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „ფასკუნჯი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვა). სტუდენტობის წლების ნამუშევრებიდან ყურადღებას იქცევს „რუსი გლეხი“, „პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტის პორტრეტი“, „მზარეული“, გვიანდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ებრაელის პორტრეტი“, „სამჭედლო“. იყო თბილისში „რევოლუციის მხატვართა ასოციაციის“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1915 წელს თბილისში გაიხსნა მოსე თოიძის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენილი იყო 120 სურათი, მათ შორის „ხევსური“, „თბილისი, მთვარიანი ღამე“ (1910), „განთიადი“, „გიორგი XIII“. თოიძის ამ პერიოდის შემოქმედებაში მთავარი ადგილი ეჭირა ქართველი მშრომელი გლეხობის და ქალაქის ღარიბი მოსახლეობის ცხოვრებას. 1919 წელს შვილთან, ირაკლი თოიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში.

„გასიერნება“, 1940

1922 წელს თბიილსში დააარსა სახალხო სამხატვრო სტუდია, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1930 წლამდე. მოსე თოიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პროფესიულ სამხატვრო განათლებას. მისი დაარსებული სამხატვრო სტუდია გაიარეს მომავალში ისეთმა მხატვრებმა როგორიც იყვნენ: უჩა ჯაფარიძე, სიმონ ვირსალაძე, ქ. მარალაშვლილი, კ. მერაბიშვილი, დ. კაკაბაძე, კ. სანაძე, არქიტექტორი გ. ლეჟავა და სხვა. მოსე თოიძე ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში. მ. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების ყველა დარგში, მაგრამ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრებს, თუმცა არანაკლები წარმატებები ჰქონდა პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტების ჟანრშიც. მისი ტილოებიდან აღსანიშნავია: „რევოლუცია“, „მრისხანე ბატონი“, „დედის პორტრეტი“, „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვა.

„ალექსანდრა ეკატერინე ჭავჭავაძის როლში“, 1953

თოიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: „ვიწრო ქუჩა“ (1895), „მრეცხავი“ (1902), „ბაზაზხანა“ (1914), „მაწვნის გამყიდველი“ (1918), „მეთევზის დუქანი“ (1919), „ნავი მტკვარზე“ (1925), „ქალები ბანზე“ (1934), „ძველი თბილისის აშუღი“, „თბილისის სახურავები“ (ორივე 1940); მეორე მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: „თბილისი ომის დროს“ (1942), შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები („ი. გრიშაშვილი“, 1939; „მ. ჭიაურელი“, 1943 და სხვა). მოგვიანებით განიზრახა ლითოგრაფიული წესით ქართველ მწერალთა პორტრეტების გამოცემა. ამ მიზნით დახატა რუსთაველის, წერეთლის, ჭავჭავაძის, რ. ერისთავის, ყაზბეგისა და სხვათა პორტრეტები.

დაჯილდოვებული იყო ლენინისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი მეუღლის საფლავი დაკარგულია თუმცა დიდუბის პანთეონში მოსე თოიძის სახელის გვერდზე არის მისი მეუღლის სახელი დაწერილი. თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი. თოიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში, მათ შორის მისი სახელობის სახლ-მუზეუმში, სადაც აგრეთვე დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. აგრეთვე მისი შვილის — ირაკლი თოიძის ნამუშევრები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 197, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.
  • კალანდია, გ. „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბილისი, 2014, გვ. 18
  • ციციშვილი, მ., ჭოღოშვილი, ნ., „ქართული მხატვრობა — განვითარების ისტორია XVIII-XX საუკუნეები“, თბილისი, 2013
  • ბაბუნაშვილი, ზ. ნოზაძე, თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 176, თბილისი, 1994
  • კაკაბაძე, დ., „ქართველ მხატვართა სურათების გამოფენა“ „შვიდი მნათობი“ N2 1919
  • ჭიაურელი, მ., „მოსე თოიძის გამოფენაზე“, „ეშმაკის მათრახი“, N9 1915
  • კოტეტიშვილი, ვ. „ქართველი ხელოვანი“ ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ N25, 1915
  • „მხატვარი მამა-შვილი — მოსე თოიძე და შვილი მისი ერეკლე“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ N25, 1915

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]