თემურლენგის მეხუთე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურლენგის მეხუთე ლაშქრობა — შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მოეწყო 1399 წლის შემოდგომაზე. მიმდინარეობდა ძირითადად ჰერეთისა და კახეთის ტერიტორიაზე.

წინაპირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1398 წელს თემურლენგი ინდოეთთან ომით იყო დაკავებული. ამით ისარგებლეს ამიერკავკასიის ხალხებმა და აჯანყდნენ. გიორგი მეფემ (1393-1407) კავშირი დაამყარა ჯალაირიანთა დინასტიის წარმომადგენლებთან, რომელნიც ჯერ კიდევ აგრძელებდნენ ბრძოლას თემურის წინააღმდეგ. ჯალაირიანთა ერთ-ერთი ბატონიშვილი თაჰერი ნახჭევანში, ალინჯის ციხეში იყო ალყაშემორტყმული უკვე 10 წელი. უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მეციხოვნეებმა მეფე გიორგის სთხოვეს დახმარება. გიორგი მეფეს სთხოვა ასევე დახმარება აჯანყებულმა შაქის მმართველმა სიიდი ალიმაც.

გიორგი მეფემ საქართველოს ლაშქარი შემოიკრიბა, ჩრდილოეთ კავკასიელებიც მოიშველია და სიიდი ალისთან ერთად ალინჯის ციხეს შეუტია. გიორგი მეფემ მოალყეები დაამარცხა და განდევნა. ციხე ახალი მოლაშქრეებითა და იარაღით გააძლიერა და სურსათ-სანოვაგით მოამარაგა. თაჰერი საქართველოში წამოიყვანეს. უკან გამობრუნებულებს მირანშაჰის მიერ გამოგზავნილი ლაშქარი შემოეყარათ. ქართველებმა ისინიც დაამარცხეს (სიიდი ალი ამ ბრძოლაში დაიღუპა).

ამიერკავკასიის აჯანყების შესახებ ცნობა თემურლენგს ინდოეთშივე მიუვიდა. 1399 წელს უკვე სამარყანდში დაბრუნებულა და დაუწყია მზადება შვიდწლიანი ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი საქართველოს საბოლოო დაპყრობა და გამუსლიმანება, ან მისი განადგურება იყო.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა აზიიდან წამოსული თემურლენგი 1399 წლის ბოლოს მოვიდა ამიერკავკასიაში და ყარაბაღის ველზე დაბანაკდა. აქ მას ეახლა შარვანშაჰი იბრაჰიმი და შაქის მმართველი სიიდი ახმედი, რომელსაც აპატია მამამისის აჯანყება, შაქის მმართველად დაამტკიცა და ორივეს საქართველოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა უბრძანა.

თემურმა თავისი ლაშქრის ყოველი ათეულიდან სამი რჩეული მებრძოლი გამოიყვანა და ასე შეადგინა 100 000-იანი არმია, რომელთაც უბრძანა 10 დღის საგზლის წაღება. მათ მიემატა შარვანისა და შაქის ჯარებიც. ეს დიდი ლაშქარი შეიჭრა ჰერეთ-კახეთში, რომელსაც სპარსულ წყაროებში ხიმშიას ხევი ეწოდება. [1] ამ ლაშქრობის მიზანი ნადავლისა და საკვების მოპოვება უნდა ყოფილიყო.

თემურის ლაშქარი ჰერეთში შეიჭრა ტყიანი გზით. ჯარისკაცები ცულებით იკაფავდნენ გზას. 20 დღის განმავლობაში განუწყვეტლივ თოვდა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ხიმშიას ლაშქარი მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. ბრძოლა ერთი თვე გაგრძელდა. თემურის მოლაშქრეები ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. ჩეხავდნენ ხეხილს, ვენახებს, კაკლის ხეებს. ბოლოს დიდთოვლობაში, საქონლის საკვების სიმცირის გამო, იძულებული გახდნენ შეეწყვიტათ ლაშქრობა და უკან დაბრუნებულიყვნენ. მტრის ჯარმა ჰერეთიდან დიდძალი ქონება გამოიტანა. განსაკუთრებით ბევრი იყო ცხვრის ფარები და საქონლის ჯოგები. აგრეთვე საკვები პროდუქტები. ჰერეთიდან გამისული ლაშქარი ყარაბაღში შეუერთდა მთავარ ბანაკს. თემურმა საქართველოში ახალი მეექვსე ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ., 2008 წ. გვ. 92–93.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მკვლევართა აზრით ხიმშიას ხევი იგივე ჰერეთის საერისთავო უნდა იყოს, ხოლო ხიმშია კახეთის ფეოდალური სახლის ხიმშიაშვილების წინაპარი ან სახლიკაცი