თეიმურაზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეიმურაზი.
თეიმურაზ I
კახეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1606
მმართ. დასასრული: 1648
წინამორბედი: კონსტანტინე I
მემკვიდრე: არჩილ II
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1630
მმართ. დასასრული: 1632
წინამორბედი: სიმონ II
მემკვიდრე: როსტომი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1589
გარდ. თარიღი: 1663
გარდ. ადგილი: ისპაჰანი
მეუღლე: ანა გურიელი,
ხორეშანი
შვილები: ლევანი, ალექსანდრე, დათუნა, დარეჯანი, თინათინი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით I
დედა: ქეთევან დედოფალი
ხელმოწერა:

თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663) — კახეთის მეფე (1606-1648), ქართლ-კახეთის მეფე (1625-1632).

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1604 წელს რუსეთის ელჩები თეიმურაზის რუსეთში გაგზავნას სცდილობდნენ ბორის გოდუნოვის ქალისათვის საქმროდ[1]. იმავე წელს გიორგი ბატონიშვილმა თეიმურაზი, მისი და და ქეთევანი შაჰთან გაგზავნა. შაჰმა თეიმურაზი გულთბილად მიიღო, ბერი ეგნატაშვილის სიტყვით, „ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო“. არჩილიანის მიხედვით თეიმურაზს თან ახლდა შერმაზან ჩოლოყაშვილი, რომელიც ასწავლიდა ზნეობას, საღმრთო და საერო ცოდნაში წვრთნიდა და ჭირსა შიგან ამაგრებდა.

მეფედ კურთხევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1605 წლის კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ 16 წლის ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა, ოღონდ ქართველი მეფის კურთხევის ცერემონიალი ირანში ჩაატარა. ისქანდერ მუნში შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის მეფედ კურთხევას შემდეგნაირად აღწერს: „ქართველებმა იმ სამეფო გვარის წესისა და კანონის თანახმად გაშალეს მისთვის ხელმწიფობის ხალიჩა და თეიმურაზ-ხანიც ძლევამოსილი და ბედნიერი ხელმწიფის ბრძანებითა და მითითებით შედგა იმ ხალიჩაზე. ქართველებმა ხელში აიღეს თაბახები ფულით და უნდოდათ დაეფრქვიათ მისთვის თავზე. მისმა უდიდებულესობამ როცა გაიცნო მათი ეს წესი და აღზრდილობა, თავისი დიდი მოწყალების გამო ბრძანა, პირველი მე დავაყრიო თავზე ფულს. როცა მისმა უდიდებულესობამ ოქრო და ძვირფასი თვლები დააფრქვია, სახელოვანი ამირები და სამოთხის ბაღის მსგავსი წვეულების დამსწრენი მსგავსად მოიქცნენ და თითოეულმა თავისი ხარისხისა და პატივის შესაფერისად თავზე გადაყრის წესი შეასრულა. ქართველთა დიდებულებმაც ოქროსა და ვერცხლის ფული გადააყარეს თავზე და დადგენილი კანონის მიხედვით თასი მისცეს და თასი გამოართვეს (თეიმურაზს). იმ დღეს გონების გასამხირულებლად და აზრის მოსალხენად ლხინის საფენები გაშალეს და იმ ხალხთან (ქართველებთან), რომლის სიმღერა და საუბარი უცხო რამ იყო, ილხენდნენ“[2].

შაჰ-აბასი თეიმურაზზე დიდ იმედებს ამყარებდა. სპარსულ კულტურაზე აღზრდილი და სპარსული ლიტერატურისა და პოეზიის საუკეთესო მცოდნე თეიმრაზი, შაჰის აზრით, სპარსული ორიენტაციის მომხრე უნდა ყოფილიყო საქართველოში.

თეიმურაზი საზეიმოდ მორთული გამოემგზავრა სამშობლოში. ქეთევანი სიხარულით შეეგება შვილს. ახალგაზრდა მეფე ბოდბეს ეკურთხა. სამეფოს, ფაქტობრივად, ქეთევან დედოფალი განაგებდა.

ამავე 1606 წლის გაზაფხულზე შაჰ-აბასმა ქართლის მეფედ უეცრად გარდაცლილი მეფე გიორგის ძე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მან ქართლის ციხეებიდან (ლორე, აღჯაყალა, დმანისი, თბილისი) ოსმალოები განდევნა და შიგ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა. ქართლ-კახეთის სამეფოები ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და ვალდებულნი იყვნენ საჭიროების შემთხვევაში ირანის მხარეს ჯარით გამოსულიყვნენ.

1607 წელს ისკანდერ მუნშის ცნობით შაჰ-აბასი ქართლიდან წავიდა, შემახას ციხეს შემოადგა და თეიმურაზი იხმო ჯარითურთ. ახალგაზრდა მეფემ თავი აარიდა შაჰთან ხლებას და ბოდიშის მოხდით ლაშქრობისაგან თავი გაინთავისუფლა. როცა შაჰმა განმეორებით იხმო თეიმურაზი, მას ქეთევან დედოფალი ეახლა ათასკაციანი რაზმით. იწყინა შაჰ-აბასმა მაგრამ არ დაიმჩნია. დედოფალი პატივით მიიღო, ხოლო ჯარისთვის საქმე არ მიუცია.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1607 წელს ქეთევან დედოფლის ინიციატივითა და დიდებულთა რჩევით თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე. თეიმურაზმა დიდებული ქორწილი გადაიხადა თორღას. ორმოც დღემდე გრძელდებოდა ლხინი და ზარ-ზეიმი. ჭაბუკი მეფე ბედნიერად ატარებდა დროს, ნადირობდა და ნადიმობდა. ზაფხულს შუამთას, ერწოს, თიანეთს მიეშურებოდა სალხინოდ და საბურთლად, შემოდგომაზე კახეთს ჩავიდოდა, „ღვთისმშობლობას“, „ალავერდობას“, „ჯვართამაღლებას“, „აღდგომას“ ქეიფობდა და ლხინობდა. „შვიდს წელიწადს ასრე ვიყავ, სათქმელი რამ არ მწყენია, უტკივრად და უჭირველად, ცხვირთა სისხლიც არ მდენია“ — ათქმევინებს არჩილი თეიმურაზს. ანასაგან თეიმურაზს ორი შვილი შეძენია. პარიზის ქრონიკის ცნობით, „პირველად ეყოლა ლევან და მერმე ალქესანდრე“. უფლისწულები ერთმანეთის მიყოლებით გაჩენილან. „არჩილიანში“ ნათქვამია: „მომეზარდნეს ორნი შვილნი, ხუთის წლის და მეოთხისა“. ლევანი — უფროსი შვილი დაბადებულია 1609 წელს: „ქკსა სჟზ აქა იშვა ძე მისი ლევან“[3]. ერთი წლის შემდეგ 1610 წელს უკვე ალექსანდრეც შესძენიათ. ანა დედოფალი მალევე 1612 წელს გარდაიცვალა. ახალგაზრდა მეფე დიდად დაამწუხრა მეუღლის გარდაცვალებამ. არჩილის თქმით თეიმურაზი ორმოცამდე ბნელში იჯდა და მწარედ მოსთქვამდა:

ჟამი გადახდა შვებისა, მოვიდა გლოვა-წუხილი,

ლხინმა მიმრიდა, შემექმნა გულს ურვა, თვალთა წუხილი,

ღვარი მდიოდა სისხლისა, ცრემლთა ისმოდა ქუხილი,

ნადიმი აღკრბა, სერობა, ვეღარ მაჭამეს წუ-ხილი (384).

მოვსთქვამდი: მზეო, დამაგდე, ცეცხლი მომიდევ წამ ალი,

მე, ლახ, უშენოდ ოხერმან შენი ვერ ვჰპოვე წამალი,

ბროლი და ლალი შეთხზულნი, მიწათა შიგან წამალი,

სუფევა ჰპოვე უკუდავი, წმიდატა თანა წამალი (385).

თეიმურაზი კერ კიდევ ღრმად მგლოვიარე იყო, როცა შაჰ-აბასმა თავისთან იხმო გლოვიდან გამოსვლის მიზნით. არჩილი ათქმევინებს ახლად დაქვრივებულ მეფეს:

მე მგლოვიარე ყაენმა მიმიხმო, მიმიპატიჯა,

თუ გლოვით გამოსასვლელად კვლავ უფრო გამიპატიჯა:

ახლა მიბრძანა შავისა. ხორციცა მან დამპატიჯა,

უარი არ მათქმევინა, არც ხანი დამიდარიჯა (396).

1612 წელს თეიმურაზი შაჰს შავით შემოსილი სწვევია. „ხოლო დახვდა ყაენი დიდად კარგად და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან“, — გვაუწყებს ბერი ეგნატაშვილი. ამასვე იმეორებს ვახუშტი: „განძარცვა გლოვა, ანადიმებდა და ანადირებდა მარადღე“.

ქართული წყაროების მიხედვით, შაჰ-აბასმა თეიმურაზს წინადადება მისცა, ცოლად შეერთო ლუარსაბ მეფის და ხორეშანი. „შეირთევ და ლუარსაბ მეფისა და იქმენ ქვისლ ჩემდა და მოყვარე მისი, რათა არღარა იყოს თქვენ შორის შური“, წერს ვახუშტი. იგივეს იმეორებს ბერი ეგნატაშვილიც და არჩილიც.

თეიმურაზ I და მისი ცოლი ხორეშანი. ესკიზი ესპანელი მოგზაურის, დონ კრისტოფორო დე კასტელის ჩანახატებიდან.

თეიმურაზი ძლიერ შეაწუხა ამ ამბავმა, რადგანაც ხორეშანი მისი ახლო ნათესავი იყო. ხორეშანის ბებია ნესტან-დარეჯანი თეიმურაზის პაპის ალექსანდრეს და იყო. უარი არ გავიდა და თეიმურაზი დათანხმდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ყაენმა ლუარსაბს მისწერა, რათა მიეცა და თეიმურაზისათვის, მის სიტყვას ვერც ლუარსაბი გადავიდა და თეიმურაზმა ხორეშანი შეირთო. ოღონდ ეს შეუღლება მოხდა მას შემდეგ, რაც თეიმურაზმა „საკანონო“ გაიღო. „პატრიარქმა და ეპისკოპოსმა კრება და რჩევა ქნეს, საქრისტიანოს გასაძლიერებლად ნება დართეს ბატონს თეიმურაზს და ხორეშან წაიყვანა ბატონმა თეიმურაზ და შეირთო“, — მოგვითხრობს პარიზის ქრონიკა. ამასვე ადასტურებს ფარსადან გორგიჯანიძეც: „ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისათვის ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზედ, რომ დაძმათ შვილიშვილები ერთმანეთს ვით შერთონ. ასრე არჩივეს და საქრისტიანოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს“. ამრიგად, თეიმურაზისთვის ხორეშანის მითხოვება დარბაზმა გადაწყვიტა. საფუძველი შაჰ-აბასის მოთხოვნის გარდა საქრისტიანოს გაძლიერება ყოფილა. მართლაც, ამ აქტით ორი სამეფოს — ქართლისა და კახეთის ძალები ერთიანდებოდა და ამდენად შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონოდა ქვეყნის თავდაცვისათვის. სხვაგვარად ფიქრობს პლატონ იოსელიანი. მისი აზრით, შაჰი ამ აქტით ქრისტიანული ეკლესიის სიმტკიცის შერყევას სცდილობდა. „ხორეშანი თეიმურაზის ნათესავი იყო და შაჰმა კარგად იცოდა, რომ მათ მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ეკრძალებოდათ შეუღლება. ეკლესიის მოძღვარნი, მეფე და ხალხი წინასწარ ხედავდნენ შაჰის საზარელ განზრახვას, იმას, რომ შაჰს სურდა ეკლესიის წესების დარღვევით თანდათან შეერყია ქრისტიანთა სიმტკიცე, ქართველები მაჰმადიანებთან დაეახლოვებინა“[4].

1612 წელს თეიმურაზ I-მა ხორეშანი შეირთო ცოლად. ვახუშტის ცნობით ქორწილი გრემში ყოფილა. „ქ~სა ჩქიბ, ქარ. ტ“. არჩილის მიხედვით, თეიმურაზი ამ ქორწინებით კმაყოფილი ჩანს:

ავემზადე საქორწილოდ, მას ქალს ჩემად მოსაგვარად,

პირველისგან უკეთესზე თვითაც და მერმე გვარად.

ქორწილიცა ეგრეთი ვჰქენ, შესაფერი მის-მისგვარად;

ყოველი ნივთი მრავლად იყო, არა მქონდა მოსაგვარად (421)

1614 წელს ხორეშანზე ქორწინებასთან დაკავშირებით თეიმურაზ მეფე მეტეხის ღვთის მშობლის ეკლესიას სწირავს: „შემოგწირეთ უჯარმის მონასტერი სიონი და ხორაუგს ქვაბნი... მას ჟამსა, ოდეს სასურველი ასული მეფისა... გიორგისი თანამეცხედრედ ჩვენდა მოყვანებად ხელვყავით“[5].

შაჰ-აბასის შემოსევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზის მინიატურა 1708 წლის სიგელიდან.

1612 წლის ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ ქართველთა ცხოვრება გაუმჯობესდა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. შაჰ-აბასი ვერ ეგუებოდა ზავის პირობებს, ამის გარდა, მას არ აკმაყოფილებდა ქართლ-კახეთის სამეფოების ვასალური დამოკიდებულება, აშფოთებდა ქართველების ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირიც და გადაწყვიტა ქართლ-კახეთის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ირანის სასარგებლოდ. არაქელ დავრიჟეცის აზრით, შაჰის ძირითადი მიზანი საქართველოში ქართველ მეფე-მთავართა შორის შუღლის ჩამოგდება, მათი დასუსტება და ქვეყნის საბოლოო დამორჩილება იყო.

საქართველოს ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომში ნათქვამია: „1612 წლის ზაფხულში შაჰმა თეიმურაზი და ლუარსაბი ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა“[6]. რეალურად შაჰის მიერ მეფეების დაბარება უნდა მომხდარიყო 1613 წლის ზამთარში. მეფეები შეყოყმანდნენ, არ ენდნენ შაჰს და მაზანდარანს არ ჩავიდნენ. ისკანდერ მუნშის ცნობით, „ამირ-ყული ჯილავდარი, რომელმაც მოუტანა მათ ეს სასიხარულო ამბავი, სხვადასხვა მიზეზის მოგონებით გააჩერეს ერთხანს; თითოეული მათგანი თავის წასვლას მეორის გამგზავრებას უკავშირებდა და სდებდა სხვა დროისათვის. იმდენი იძვრინეს თავი, რომ მაზანდარანში უკვე დათბა, გაზაფხული და ნადირობის დრო გავიდა და მისი უდიდებულესობა შაჰიც ამ ველაეთიდან წამოვიდა. ხსენებული ჯილავდარი ხელცარიელი გამოაბრუნეს საქართველოდან და შაჰის კარზე არ მივიდნენ“. ისკანდერ მუნში აგრძელებს და ამბობს, რომ მალე შაჰ აბასმა ამისთვის დასაჯა მეფეები და 1613 წლის 16 ოქტომბერს „საღვთო ომისათვის საქართველოსკენ დაიძრა“. ასევე სხვა წყაროებიც ადასტურებენ, რომ შაჰ აბასის საქართველოში პირველი ლაშქრობა 1613 წლის შემოდგომაზე მოხდა.

შაჰ-აბასი დიდი ლაშქრით განჯაში მოვიდა და თეიმურაზისაგან ერთგულებისა და მორჩილების ნიშნად მძევლები მოითხოვა, თან ხმას ავრცელებდა, ოსმალეთზე საბრძოლველად მივდივარო. თეიმურაზი შეყოყმანდა. ხედავდა „არა იყო ბრძოლა ოსმალთა“ და იცოდა შაჰ-აბასის სიბოროტე, არ ემეტებოდა მემკვიდრე. კახელებმა დაუჟინეს, რათა გაეგზავნა შვილი. მაშინ გაგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და თან დედა - ქეთევანი გააყოლა „უფრო მეტ პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო“. ქეთევანი პატივით მიიღო შაჰმა, მაგრამ გაჯავრდა უმცროსი ვაჟი რად მინდოდა, ძიძა ხომ არა ვარო, თუ ჩემი შერიგება სურს, უფროსი გამომიგზავნოსო. არ უნდოდა თეიმურაზს ლევანის გაგზავნა და ქეთევან დედოფალსაც შემოეთვალა - ნუ გამოგზავნიო, მაგრამ არ დაეთანხმნენ კახელები „ნუ მოსწყვედ კახეთს ერთისა ყმისთვისო“. არჩილის სიტყვით, თეიმურაზი ევედრებოდა კახელებს:

...დამეხსენით, თქვენი რჩევა არ ივარგსა,

რა ამასაც გამომართმევს, ჩვენ გავასწრებთ ვეღარ ბარგსა,

შემოგვიტევს მასვე წამსა, სრულ წამოსცლის მისსა დარგსა.

ლევანსა და ალექსანდრეს რად მიკარგავთ ორსავ კარგსა?

—(458)

არჩილის ცნობით, თეიმურაზი ბოლომდე უარზე იყო ლევანის გაგზავნაზე, მაგრამ კახელებმა გამოართვეს და გაუგზავნეს შაჰს. ცბიერმა შაჰმა თეიმურაზს ერთგულება შეუქო და თვითონაც თავისთან იხმო. აწ უკვე აღარ ენდო მეფე ირანის მბრძანებელს. პარიზის ქრონიკის ცნობით, „გაგზავნა ბატონმა თეიმურაზმა თავისი დედა და ორი შვილი - ლევანი და ალექსანდრე, სხვა მრავალი ფეშქაში გაუგზავნა და სახვეწარი წიგნი კიდევ მისწერა, ყაენს იამა მისვლა და დიდი პატივი და დიდი საქმე მიაპყრა და უბრძანა დედოფალს, თქვენ აქ მოხვედით და მნახეთო და მრავალი წყალობა უქადა და ახლა შენს შვილს ბატონს თეიმურაზს წიგნი მისწერეო, მოვიდეს, მნახოსო, მრავალ წყალობას უზამო და შენც და იმას თქვენსავე საბატონოში გაგისტუმრებო. და ყაენმა დაბრუნებაც მოინდომა და ყიზილბაშთ უფროს კაცებს ეს ლაშქრობა არ უნდოდა, მაგრამ ქართველნი და კახნი ვინცა ვინ ყაენის კარზე იყვნენ, დაიწყეს ლაპარაკი, ყაენი და ერანის ლაშქარი აქამდისინ გარჯილხართო, სამის დღის სავალი დარჩომილაო, ჩვენ და ჩვენი შვილები აქ მზევალთ შეგვინახეთო, თუ თქვენ ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო, რადგან ხელმწიფე აქამდისინაო მობრძანებულაო, საქართველოს მიბრძანდეს და ნახოსო და თავისი ერთგული და ორგული იცნოსო“. ფ. გორგიჯანიძეც თითქმის ასევე გადმოგვცემს ამ ამბავს: „დიდის რისხვიანობათა და მრავლის ლაშქრით ყაენი ყარაბაღში მოვიდა. რა ეს ამბავი ბატონმან თეიმურაზ გაიგონა, თავისი დედა ქეთევან დედოფალი და თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევანი და ალექსანდრე სხვას მრავალს ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს მიაგება. ყაენს იამა და დაბრუნება მოინდომა და არც ყიზილბაშთ უნდოდა ეს ლაშქრობა, მაგრა ვინც ქართველნი და კახნი ახლდნენ, დაუწყეს ყაენს ხვეწნა, რომ ჩვენი შვილნი და თავადები აქ მზევლათ მოგვისხამსო, თუ შენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო; რადგან აქამდისნი მობრძანებულხარო, საქართველო ინადირეთო და რომელიც გეპრიანების, ისრე გარიგეთო და მასუკან ნადირობითა და შექცევით დაბრუნდითო“.

ამ ცნობასთან ახლოსაა „დიდმოურავნიანის“ ხელნაწერებით დაცული სათაურის ცნობა: „სხვა მრავალი ფეშქაში და სახვეწარი წიგნი მიაგება. ყაენმა ერთგულებაში ჩამოართო და უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ბევრი მაბეზღარი ჰყავდა ქართლის მეფეს და კახთ ბატონს და აღარ დააბრუნეს“. ამ სამი ცნობის მიხედვით ყაენი განჯიდან უკან დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ ქართველთა მაბეზღარობამ გამოიწვია მისი გამოლაშქრება.

თეიმურაზი არ ეახლა შაჰ-აბასს. განრისხებული შაჰი კახეთისკენ დაიძრა. თეიმურაზი და ლუარსაბი გაერთიანდნენ და სცადეს გამკლავებოდნენ მტერს. კახელებში არეულობა შეიქნა. მტრის აგენტები თეიმურაზს დამორჩილებას ურჩევდნენ. ყიზილბაშები კახეთს შემოვიდნენ, მეფე ქართლისკენ გაემართა, მაგრამ შაჰის მდევარმა რაზმმა გზა გადაუჭრა. ჟალეთს, მდინარე იორზე თეიმურაზი შეება ყიზილბაშთა ჯარს და გაიმარჯვა. აქედან მუხრანს გადავიდა და ლუარსაბს შეხვდა. ლუარსაბი და თეიმურაზი დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობას ვერ შეძლებდნენ. ქართველ ფეოდალთა ნაწილი უკვე შაჰს ხლებოდა და მორჩილება გამოეცხადებინა. „განიპარნენ ნუგზარ და იესე ერისთავნი, ამილახორი ანდუყაფარ, ფეშანგი ფალავანდიშვილი, აღთანგი ხერხეულიძე და მოვიდნენ განჯას წინაშე ყეენისა“, წერს ვახუშტი. პარიზის ქრონიკის ცნობით, შაჰი „კახეთს მივიდა თვესა იანვარსა ა“. ე. ი. იანვრის პირველ რიცხვებში, ხოლო ბერი ეგნატაშვილის მიხედვით 5 იანვარს აიღო თორღას ციხე.

შაჰ-აბასის პირველი ლაშქრობა საქართველოში 1613 წლის შემოდგომაზე მოხდა. წლის ბოლოს კი სტამბოლში ჩავიდნენ საქართველოს ელჩები, მათ შორის არქიეპისკოპოსი თეოდოსი და სამეგრელოს წარმომადგენელი. სულთანს სპარსელების შემოსევის ამბავი აცნობეს და დახმარება სთხოვეს. ოსმალეთი დახმარებას ჰპირდებოდა თუ დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები მასთან ზავს დადებდნენ და მათზე დაკისრებულ ხარკს გადაიხდიდნენ. 1614 წელს გურიელსა და 1615 წელს დადიანსა და ოსმალეთს შორის მოხდა საზავო მოლაპარაკება. დადიანმა და გურიელმა ხარკის გადახდა იკისრეს[7]. საქართველოს მეფე-მთავრები ირანის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ოსმალეთი მათ დახმარებას დაპირდა. ჩანს, ამ საქმეში თეიმურაზიც იღებდა მონაწილეობას. მაგრამ სანამ ოსმალეთის დახმარების დაპირებას მიიღებდნენ, შაჰ-აბასმა კახეთი დაიკავა. „გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა და შემუსრა ხელიტა თვისითა წმინდა გიორგი ალავერდისა და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯვარნი და შემოსძარცვნა პატიოსანნი თვალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭთა მისთა, და ყო სამკაულად მათდა და შეაგინნა წმინდანი ეკლესიანი კახეთისანი და წამოემართა ქართლსა ზედა“[8]. კახეთის მოსახლეობის ორი მესამედი გაწყდა. ნანგრევებად იქცა ქალაქები და სოფლები, ქვეყანა გავერანდა. 1614 წელს, ირანის შაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. საწერეთლოში — საჩხერეში შეეგებათ იმერეთის მეფე გიორგი და ქუთაისს მიიპატიჟა. გამძვინვარებული შაჰ-აბასი გორს მოვიდა და იმერეთის მეფისაგან ქართლ-კახეთის მეფეები მოითხოვა. მეფე გიორგიმ სტუმრების გაცემაზე უარი განაცხადა. იმერეთის ელჩები: აფხაზეთის კათალიკოსი და ლევან აბაშიძე ეახლნენ შაჰ-აბასს და სთხოვეს ლუარსაბსა და თეიმურაზს შერიგებოდა. შაჰმა ხელი აიღო თეიმურაზზე, მას არას ვერჩიო, და ლუარსაბის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. მართლაც, ლუარსაბი გამოიტყუა იმერეთიდან, ყარაიაში თითქოს სანადიროდ გაიყოლა, დაატყვევა და შემდეგ მშვილდის საბლით მოაშთობინა. თეიმურაზის დედა ქეთევანი და შვილები შირაზს გაგზავნა. უამრავი ტყვე წაიყვანეს. ქვეყანა დახარკეს, მეფისა და ეკლესიის განძეულობა მოიტაცეს. კახეთში თეიმურაზის გამაჰმადიანებული ბიძაშვილი ისა-ხანი დანიშნა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ირანში იმყოფებოდა. მოადგილეებად დავით ჯანდიერი (ასლანიშვილი) და ნოდარ ჯორჯაძე დაუნიშნა. კახეთში დღის წესრიგში აჯანყება დადგა. მალე (1615 წლის 22 მაისი) ირან-ოსმალეთის ომი განახლდა, რამაც კახეთის აჯანყება დააჩქარა. ისა-ხანი ირანში გაემგზავრა და კახეთი ჯორჯაძეს და ჯანდიერს დაუტოვა, რომლებიც აჯანყებას სათავეში ჩაუდგნენ და თეიმურაზი იმერეთიდან გადმოიყვანეს. ამ დამსახურებისათვის 1637 წელს მეფე თეიმურაზი დავით ჯანდიერის შვილებს მამულებს უბოძებს[9]. კახეთის შირვანიც აჰყვა და ციხე-ქალაქი შაჰის ჯარებისაგან გაათავისუფლეს. შაჰმა აჯანყებაში აშკარად შეამჩნია ოსმალეთის ხელი და 15 ათასიანი არმიით ალი-ყული-ხანი გამოგზავნა. თეიმურაზმა დაამარცხა და გააქცია ალი-ყული-ხანი. ამ გამარჯვებამ თავისი ძალებისადმი რწმენა შესძინა უცხოური აგრესიის წინააღმდეგ დაუცხრომელ მებრძოლ თეიმურაზსა და მის თანამებრძოლთ, ხოლო ძალზე შეაშფოთა ირანის ლომი, რომელიც 1616 წლის გაზაფხულზე უზარმაზარი არმიით გამოემართა საქართველოსაკენ. ამ დროისათვის ირან-რუსეთის ურთიერთობა განახლდა. თეიმურაზიც რუსეთიდან ჩანს რომ, რუს ხელმწიფეს სთხოვს შაჰ-აბას არ გაანადგუროს საქართველო, რადგანაც იგი იმთავითვე ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელიაო[10]. ისკანდერ მუნში თავხედობად უთვლის თეიმურაზს ალი-ყული-ხანზე გამარჯვებას და წერს: „იმას ვერ მიხვდა, რომ რაც უნდა მაღლა აფრინდეს წერო ბასკრნისკარტიანი, ის მაინც ვერ გაჩუმდება ცის უმაღლეს სფეროში მფრინავი შევარდნის კლანჭებს. იმ გაბედულების და თავხედობის გამო, რომელიც მან გამოიჩინა, ბოლოს ის დასჯილ იქნება ძლევამოსილი ხელმწიფისაგან და მისი წინაპრების ამდენი წლის ადგილი და სადგომი გავერანდა და მათი ქვეყანა ქარს მიეცა“.

1616 წელს შაჰ-აბასი ჯერ ქართლში შემოვიდა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (დაუთ-ხანის შვილი) დანიშნა, კახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა. თეიმურაზი მარტო აღმოჩნდა გამძვინვარებული შაჰის წინაშე, ოსმალეთის ლაშქარი არ მოეშველა. ქვეყანა გაპარტახდა. ფ. გორგიჯანიძე მოგვითხრობს: „მრავალი კარგად ნაშენი სახლები, სასახლენი დაქცეულ-დანგრეული ვნახეთ, უკარო და უჭერო, ნადირთ სადგომ ქმნილნი“. ქვეყანა გაპარტახდა, 80 000 კაცი სპარსეთის შორეულ პროვინციებში გადაასახლეს. „რაც კაცი აეყარა ზოგი ფერიას გაგზავნეს და ზოგი მაზანდარანს. ზოგი შირაზს დაასახლა, ზოგი სხვაგან დაფანტა“, მოგვითხრობს პარიზის ქრონიკა. გაპარტახებული ქვეყანა დახვდათ რუსეთის ელჩებსაც. თეიმურაზი ისევ იმერეთში გაიქცა. მართლაც ამ დროიდან თეიმურაზის მიერ გაცემული სიგელები აღარ ჩანს. მხოლოდ 1622 წლის 2 ივლისის სიგელით გაბრიელ ბახუტაშვილს აჯილდოებს ყმა-მამულით. „ეს საბუთი თეიმურაზის კახეთში იმ ხანმოკლე გამეფების დროისაა, რაც მან შესძლო ნოდარ ჯორჯაძის და დავით ასლანიშვილის შემწეობით“[11]. შაჰმა კახეთი ორ ნაწილად გაყო. ერთი — ივრის აღმოსავლეთი მხარე ფეიქარ ხანს ჩააბარა, მეორე — დასავლეთი, ქართლის ხანს ბაგრატს უბოძა. თეიმურაზმა დიპლომატიური მოქმედება გააჩაღა. თვითონ გურიას ჩავიდა, იღუმენი ხარიტონი ორჯერ (1617, 1618) გაგზავნა ოსმალეთში და დახმარება სთხოვა ხონთქარს. ამ ელჩობის შედეგი იყო ხონთქარის მიერ გონიისა და ზოგი სხვა ადგილის ბოძება. „ხონთქარმან სხვა ვერა გაუწყო რა და მისცა გონიასა და ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ“[12]. 1618 წელს თეიმურაზი მონაწილეობდა ოსმალეთის მხარეზე ირანის წინააღმდეგ ომში და მუქარას უთვლიდა სპარსეთის შაჰს, რომ სამაგიეროს მიუზღავდა კახეთის აოხრებისათვის, მაგრამ იმედები არ გაუმართლდა. ირანსა და ოსმელეთს შორის ზავი დაიდო. თეიმურაზი ოლთისში დაბრუნდა, შემდეგ გონიაში გადასახლდა და, არჩილის სიტყვებით, რუსეთისაკენ წასასვლელად გაემზადა.

რუსეთისკენ გავემზადე, ეს რა მოსაგონია, სა?

შავ ზღვაშიგან ნავში ჯდომა დიდად დასარონიასა

—582, 3-4

ამასვე ადასტურებს ვახუშტი: „მერმე კუალად მოვიდა გონიას ზღვით“. იღუმენი ხარიტონი ახლა მოსკოვს გაგზავნა თეიმურაზმა ელჩად. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საქმეში უდავო იყო ხარიტონის ელჩობის დიდი მნიშვნელობა. ხარიტონი არა მარტო კახეთის მეფის, არამედ იმერეთის, გურიის და სამეგრელოს წარმომადგენელიც იყო და ამით საფუძველი ეყრებოდა დასავლეთ საქართველოს ურთიერთობას რუსეთთან. თეიმურაზის ხარიტონისათვის გატანებული სიგელის ანალიზი ადასტურებს, რომ თეიმურაზი მხოლოდ დიპლომატიურ დახმარებას თხოულობდა რუსეთისგან, რადგან მას კარგად ესმოდა, რომ ამ დროს (1618 წელს) რუსეთს აქტიური სამხედრო დახმარების გაწევა არ შეეძლო. ხარიტონის ელჩობამ თავისი საქმე გააკეთა. რუსეთი დადებითად შეხვდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენას და უარი არ უთქვამს თავის ვალდებულებაზე გამოსულიყო საქართველოს დასაცავად[13]. მალე, 1621 წელს, რუს ელჩებს ევალებოდათ, კახეთი თეიმურაზისათვის დაებრუნებინა, საქართველოსადმი მტრული მოქმედება შეეწყვიტა და თეიმურაზის დედა და შვილები გაეთავისუფლებინა. ამ დროს მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ირანტან კეთილურთიერთობის შენარჩუნება იყო. თეიმურაზის სულთანთან დაკავშირების ცდებმა კი რუსეთს მისი გამოქომაგების საფუძველი გამოაცალა. შაჰმა ამით ისარგებლა და რუსეთის მეფეს სთხოვა, თეიმურაზი ჩემთან გამოცხადდეს და დედასა და შვილებს დავუბრუნებო[14].

მიუხედავად ყოველივე ამისა, მალე თეიმურაზმა ოლთისს დატოვა დედოფალი ხორეშანი და თვითონ ოსმალეთს წავიდა, რათა პირადად ეთხოვა დახმარება სულთანისათვის. თეიმურაზი სტამბოლში 1622 წლის გაზაფხულზე ჩასულა და შეხვედრია ახალ სულთანს მუსტაფა I-ს, მაგრამ უკან იმედგაცრუებული დაბრუნებულა[15].

თეიმურაზის ოსმალეთთან და რუსეთთან კავშირმა შაჰ-აბასის შურისძიება გამოიწვია. მან დაასაჭურისა თეიმურაზის ძენი ლევანი და ალექსანდრე, ხოლო დედა — ქეთევან დედოფალი გამაჰმადიანებაზე უარის გამო სასტიკად აწამა.

1624 წელს ფეიქარ-ხანმა შაჰ-აბასს აცნობა რომ ქართველები ფარულად აჯანყებისთვის ემზადებიანო. შაჰ-აბასმა ყარჩიხა-ხანის სარდლობით დიდი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოში. ყარჩიხა-ხანს თან ახლდა თორმეტი ხანი, მრავალი ამირა და სულთანი, შირვანისა და ყარაბაღის ბეგლარბეგები, გიორგი სააკაძე და ზურაბ ერისთავი. შაჰ აბასი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და გიორგი სააკაძის შვილი პაატა და ზურაბ ერისთავის ცოლი ირანში დაიტოვა. გიორგი სააკაძემ მოვლენები სწრაფად შეაფასა და 1625 წელს, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ, მას გიორგი სააკაძე მეთაურობდა, ხოლო თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო.

თეიმურაზის აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1629 წელს გარდაიცვალა შაჰ-აბას I, რომლის მაგივრადაც სპარსეთის სამეფო ტახტზე ავიდა, რომელმაც დიდად უსაყვედურა ქართლის მეფის სიმონ II-ის მუხანათური მკვლელობისათვის. ამის გამო თეიმურაზი იძულებული შეიქმნა შაჰის წყენა, სიმონის მკვლელობაში მთავარი დამნაშავისთვის — ზურაბისთვის თავისმოკვეთით აენაზღაურებინა. ზურაბის თავი თეიმურაზმა შაჰ-სეფის გაუგზავნა და აცნობა სიმონ მეფის სიკვდილისათვის მოიკლაო. ამით თეიმურაზმა შაჰის ნდობა დაიმსახურა. ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, შაჰს ეს ამბავი მოსწონებია „ქართლიცა და კახეთის ბატონს თეიმურაზს მოსცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს“.

თეიმურაზმა საჭიროდ მიიჩნია იმერეთის მეფესთან დაახლოება, ვინაიდან მან დაინახა, რომ გიორგი სააკაძემ მის საწინააღმდეგოდ ქართლში იმერეთის მეფის გიორგის ძის ალექსანდრეს გამეფება სცადა. ამიტომ თეიმურაზმა აშკარა პოლიტიკური ანგარიშით თავისი დაქვრივებული ასული დარეჯანი იმერეთის მეფის ძეს ალექსანდრეს მიათხოვა, რომელმაც ამ ქორწინებისათვის პირველ ცოლს, გურიელის ასულს, ცილი დასწამა და გაუშვა.

1629 წლიდან თეიმურაზი გაერთიანებული ქართლ-კახეთის ტახტის მფლობელია. ორისავ „ტახტის მჭერადაა“ მოხსენებული „არჩილიანში“, „ორისავ ტახტის მპყრობელად“ და „მეფედ-მეფედ“ იწოდება ისტორიულ საბუთებში. ამ დროზე მოდის, არჩილის თქმით, თეიმურაზის ლიტერატურული მოღვაწეობის პირველი პერიოდი.

თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის.

1632 წელს თეიმურაზმა და მასთან ძმადშეფიცულმა დაუდ-ხან უნდილაძემ განჯა ყარაბაღის მხარე დაარბიეს და არეზსაქეთა ტერიტორია ააოხრეს. თეიმურაზის მხრიდან ეს შაჰის ვასალობის საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო. დაუდ-ხან უნდილაძე შაჰ-სეფის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს ეკუთვნოდა, იგი ირანის სამეფო კარზე გამაჰმადიანებულ ქართველთა იმ დაჯგუფებას მეტაურობდა, რომელიც როსტომ-ხანის მოწინააღმდეგე იყო. ქართველების ის დაჯგუფება, რომელსაც უნდილაძეები მეთაურობდნენ შაჰ-აბასის ღვიძლი შვილის გამეფებას აპირებდა, რომელიც იმამყული-ხანს შეეძინა თავისი ერთ-ერთი ცოლისაგან და მასთან იზრდებოდა. როსტომ-ხანმა შაჰ-სეფის საწინააღმდეგო აჯანყება ჩააქრო და მისი გახელმწიფება მოახერხა. ამით დიდი გავლენა მოიპოვა შაჰის კარზე, საიდანაც დაუდ-ხანი გაძევებულ იქნა. 1630 წლიდან დაუდ ხანი განჯაშია და 1632 წლის გაზაფხულზე თეიმურაზთან ერტად შაჰ-სეფის წინააღმდეგ ილაშქრებს. ყარაბღის მხარის დალაშქვრაში თეიმურაზთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ლევან დადიანმა ოდიშის ლაშქრით, ალექსანდრე ბატონიშვილმა იმერეთის ლაშქრიტ და თავად-აზნაურებმა მესხეთიდან. ივ. ჯავახიშვილის აზრით ეს ლაშქრობა მეტად „გაბედული და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო“[16]. ვ. გაბაშვილით, თეიმურაზ I-ის ეს აჯანყება ირანის ბატონობისაგან მთლიანად განთავისუფლებას ისახავდა მიზნად[17]. ნოდარ ნაკაშიძე ფიქრობს, რომ თეიმურაზის მხრიდან ეს იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის განმამტკიცებელი ნაბიჯი და ირანის ინტერვენცია ამისი ლოგიკური შედეგი კი არ იყო, არამედ როსტომის დიპლომატიური ინტრიგებისა. თ. ნატროშვილი გვამცნობს, რომ არქანჯელო ლამბერტის ცნობებს იმის შესახებ, რომ შირაზის ხანის უფროსი ვაჟი შაჰ-აბასის ღვიძლი შვილი ყოფილა. თეიმურაზმა და დაუდ-ხანმა როგორც ჩანს, იმამყული-ხანთან შეთანხმებით შაჰ-სეფის წინააღმდეგ აჯანყება ჩაიფიქრეს და შაჰ-აბასის ნამდვილი მემკვიდრის ტახტზე დასმა გადაწყვიტეს, რომელიც შირაზის ხანის გაზრდილი იყო. მათ შირვანისა და ერევნის ამირებს მისწერეს, რომ სულ მალე ტახტის ნამდვილი მემკვიდრის დროშას აღმართავდნენ. მაგრამ არც შაჰ-სეფის ეძინა. ეს წერილები ხელთ ჩაუვარდა და შჳრაზის ხანი იხმო. როცა თეიმურაზი და დაუდ-ხანი განჯა-ყარაბაღში შეიჭრებოდნენ, შირაზის ხანს სამხრეთიდან უნდა შეეტია. იმამყული-ხანს პორტუგალიელთა დახმარების იმედი ჰქონდა, რომელთაც წართმეული ორმუზის დაბრუნებას შეჰპირდა. მაგრამ, რადგან პორტუგალიელთაგან დახმარება ვერ მიიღო, შირაზის ხანი აჯანყდა, მორჩილების გზას დაადგა და შურისძიების მსხვერპლი გახდა[18]. შირაზის ხანი არ აჯანყდა, თეიმურაზმა უკუაგდო განძასარის კათალიკოსის მიერ შეთავაზებული ირანში შეჭრისა და გაბატონების გეგმა და დაუდ-ხანთან ერთად გორში მოვიდა.

განრისხებულმა შაჰ-სეფიმ თეიმურაზისაგან დაუდ-ხანი მოითხოვა. არჩილის მოწმობით, თეიმურაზს დაუდ-ხანთან ხმალზე დადებული ფიცი ჰქონდა და გატეხა არ ინდომა.

ყაენმა მთხოვა ბევრითა წყალობა უსაზომითა,

დასწყნარდი, მამეც დაუთხანმ გაძელ ჩემითა ომითა,

წყალობა გიყო მრავალი არ ხერხად შემამდგომითა

ამად ვერა ვქენ, ვერ მივეც, რომ ხმალზედ მამენდო მითა

ყაენმა შური დაუდ-ხანის ძმასა, შვილებსა და ძმისშვილებზე იძია. სიკვდილით დაისაჯა შირაზის ბეგლარბეგი იმამყული-ხანი და მისი შვილები. დაუდ-ზანის შვილები კი შაჰმა დაასაჭურისა. დაუდ-ხანი ოსმალეთში გადავიდა.

შაჰ-სეფი თეიმურაზს შემოსწყრა და 1632 წელს ქართლი მისცა სიმონ მეფის ძმის დაუთ-ხანის უკანონო შვილს, სპარსეთში გაზრდილ როსტომს, რომელსაც ხოსრო მირზას ეძახდნენ. როსტომმა დიდი როლი შეასრულა შაჰ-სეფის გახელმწიფებაში, ირანის ყულარაღასი და ისპპაჰანის მოურავი გახდა და შაჰ-სეფი მას, როგორც ქარტლის ტახტის კანონიერ მემკვიდრეს, ისე ისტუმრებდა საქართველოში. როსტომი სასალარ როსტომ სააკაძესთან ერთად ქართლისკენ დაიძრა ყიზილბაშთა მრავალრიცხოვანი ჯარით. შაჰ-სეფიმ მას თან აახლა ირანში მყოფი ქართველი თავადები.

თეიმურაზი დიღომს იდგა და ბარათიანთ ცოლ-შვილიც თან ახლდა. ამიტომ ბარათიშვილების ერთგულების სრული იმედი ჰქონდა. როსტომი ჭკვიანურად მოქმედებდა. შიკრიკ როინ ფავლენიშვილს წერილი გამოატანა, ქართლის ტავადებს სწერდა თქვენი სახვეწარი არზა ყაენმა შეიწყნარაო. წერილი, განზრახ ჩაუგდეს ხელთ ტეიმურაზს. ეს რომ ქართლის თავადებმა გაიგეს, ისინიც კი, ვისაც ღალატი გულშიაც არ გაევლო თეიმურაზთან შიშით ვეღარ მივიდნენ და, როცა თეიმურაზმა ყიზილბაშებთან შესაბრძოლებლად ლაშქარი იხმო, არავინ მივიდა იოთამ ამილახვარის მეტი. პირველად თეიმურაზ მუხრანბატონის ძე ნიკოლოზი მიეგება როსტომს, მათ ბარატიშვილებმაც მიბაძეს. გაცეცხლებულმა თეიმურაზმა ბარათიანთ ცოლების ცხვირ-პირის დაჭრა უბრძანა, მაგრამ „არა აუფლა ხვარეშან დედოფალმა“. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ იმერეთის მეფე და დადიანები თეიმურაზს ვერ მიეშველენ. ქართველმა თავადებმა როსტომს თეიმურაზის ულაშქრობა აცნობეს. პიეტრო ავიტაბილეს ცნობით, ქართველი თავადები არათუ თვით ეახლნენ როსტომს, არამედ უნდოდათ ხელთ მიეცათ თვით თეიმურაზიც[19]. მართლაც, თეიმურაზი ტყვედ ჩავარდნის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და 1633 წლის თებერვალში იმერეთს გადავიდა. როსტომმა ქართლი დაიჭირა, კახეთში სელიმ-ხანი დასვეს. არჩილიც ადასტურებს: „ქართლი როსტომ დაიჭირა და კახეთსა დასვეს სალიმ“. ამიერიდან ქართლის ტახტზე გამაჰმადიანებული ბაგრატიონები ისხდნენ, რომელთაც ვალის ტიტული ჰქონდათ და ირანისათვის ხარკისა და საჩუქრების გადახდა ევალებოდათ.

თეიმურაზი ვერ ეგუებოდა ქართლში მაჰმადიანი როსტომის მეფობას. როსტომმა ლევან დადიანის დაზე მარიამზე იქორწინა, ირანის შაჰისგან ჯამაგირი მიიღო და მისი ხელდებული გახდა, ამ კავშირში თეიმურაზი საფრთხეს ხედავდა და საჩხეიძოში თეიმურაზმა, იმერეთის მეფემ და გურიელმა ბრძოლა გაუმართეს დადიანს, რომელშიც დადიანმა გაიმარჯვა.

1634 წელს როსტომის პოლიტიკით უკმაყოფილო კახელებმა ქართლელ ზოგ თავადებთან ერთად თეიმურაზის ხელმძღვანელობით როსტომზე გაილაშქრეს. როსტომმა დაამარცხა აჯანყებულები. თეიმურაზი კახეეთში გადავიდა, სელიმ ხანი გააგდო და კახეთი დაიკავა. როსტომმა აზერბაიჯანის მაშველი ჯარით კახეთს შეუტია, თეიმურაზმა შერიგება გადაწყვიტა, როსტომს წერილი გაუგზავნა, გაახსენა დედოფალი თქვენი ბიძაშვილია, „ყიზილბაშთაგან მრავალი ძალი და უსამართლობა მჭირსო. და თუ რომ კიდეც დამეშავებინოს რამე, შიშით მიქნიაო და თქვენი თავადები რომელიც ჩვენთან არიანო, ფიცით შემოგარიგებთო და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰ-სეფი ყაენს ვაახლებო და შვა შემოდითო, ჩემს აოხრებულ სამკვიდრო მამულზე დაგვაყენონო“[20]. როსტომს ეს ამბავი ძლიერ გაუხარდა. ყაენს მისწერა. ყაენმა უპასუხა, თქვენი შერიგება დიდად გვეამა და „ბატონიშვილი თინათინი დიდის პატივით გამოისტუმრეთო“. ამრიგად თეიმურაზის ასული თინათინი 1634 წლისათვის გაუგზავნიათ შაჰ-სეფისთან. შაჰმა თინათინი ცოლად შეირთო, მაგრამ შემდეგ ზოგი ცნობით იგი დაუღრჩვია, ზოგით კი მიუცია ლორისტანის ვალისათვის. შაჰმა ქრისტიანი თეიმურაზი ოფიციალურად ცნო კახეთის მეფედ. ერთხანს მშვიდობიანობა ჩამოვარდა. ახლა თეიმურაზი ისევ გარეთ ეძებდა მოკავშირეს როსტომისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთთან ურთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1635 წელს თეიმურაზმა ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორეს მეთაურობით ელჩობა გაგზავნა მოსკოვში. თეიმურაზი ატყობინებდა რუს ხელმწიფეს, რომ საქართველო შევიწროებულია გარეშე მტრებისაგან. წარსულში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია, პირიქით, ამან გამოიწვია, რომ ქვეყანა ირანელებმა და ოსმალებმა დააქციეს. არანაკლებ აწუხებენ მას ლეკები და მთიელი ტომები და სთხოვა რუსეთის მეფეს, რომ დაღესტანში გაელაშქრა. თეიმურაზის ელჩი პატივით მიიღეს, რვა თვე დააყოვნეს და შემდეგ რუსი ელჩობა გამოაყოლეს თავად თ. ვოლკონსკისა და დიაკონ ა. ხვატოვის მეთაურობით. ამ დროს რუსეთის მთავრობას ქართველებისათვის შეეძლო მხოლოდ მატერიალური დახმარება გაეწია და დიპლომატიური მოლაპარაკებიის გზით დაეცვა. თ. ვოკლონსკის მეთაურობით გამოგზავნილ ელჩობას ევალებოდა თეიმურაზისა, მისი შვილი დათუნასა და კახელი დარბაისლებისათვის რუსეთის მეფისადმი ერთგულების ფიცი მიეღებინებინათ. სხვათა შორის ელჩებს შორის სასულიერო პირებიც, კერძოდ, არსენი სუხანოვიც ყოფილა ქართული ქრისტიანული ეკლესიის გასაცნობად. სასულიერო პირებს საქართველოში ქრისტიანობის მდგომარეობის გამოკვლევა ჰქონდათ დავალებული. ისინი მტრისაგან გარშემორტყმულ და შევიწროებულ ქართველებს საღვდელთმსახურო საკითხებზე ედავებოდნენ. საყურადღებოა, რომ რუსეთის პატრიარქის კომისიის შენიშვნებისათვის კახეთის სამღვდელოებას ანგარიში არ გაუწევია, და როცა ეს იოსებ იღუმენმა ტეიმურაზს შესჩივლა, მეფეს განუცხადებია, ახლა სალაშქროდ მივდივარ და რომ დავბრუნდები, სარწმუნოების საკითხები მერე განვიხილოთ, ისე კი ჩვენში ქრისტიანული სარწმუნოება რუსეთის გაქრისტიანებამდე არსებობდაო[21].

1639 წელს თეიმურაზმა, დათუნამ და კახელმა დიდებულებმა ხელი მოაწერეს რუსეთის ერთგულების ფიცს. რუს ელჩებს თეიმურაზმა ნიკიფორე კვლავ გააყოლა და რუსეთის ხელმწიფისადმი მიწერილ წერილში კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამიერიდან რუსეთის ხელდებული იყო. ამასთან რეალურ დახმარებასაც ითხოვდა. კერძოდ, სამხედრო ძალებს ლეკების საწინააღმდეგოდ, რადგან ამ ლეკებმა გაანადგურესო ჩემი ქვეყანა. ამასთან მეფე თხოულობდა ციხის აშენებას იმ ადგილას, სადაც იყო მეფე ალექსანდრეს დროს, ანუ თუ ძნელი იქნებოდა, სადმე ახლოს მტებში. ეს ციხე თეიმურაზს საიმედო თავშესაფრად ესახებოდა უკიდურესი განსაცდელის ჟამს.

ახალი ელჩობით, რომელსაც თავადი მიშეცკი მეთაურობდა, რუსეთის მეფემ მხოლოდ ფულადი დაეხმარა თეიმურაზს, სამხედრო დახმარებაზე კი უარი შემოუთვალა. კახეთის მეფისათვის რეალური სამხედრო დახმარების აღმოჩენა ანტისპარსული მოქმედება იქნებოდა, ეს კი მოსკოვის მეფის ინტერესებში არ შედიოდა. მოსკოვის მთავრობა თეიმურაზს ირანის შაჰთან მშვიდობიანი მოლაპარაკების შუამდგომლობას თავაზობდა. თავადი მიშეცკის ელჩობის მასალებიდან ჩანს, რომ ქართლის თავადები საიდუმო კავშირს ამყარებდნენ ტეიმურაზტან, ალექსანდრე იმერთა მეფესა და გურიელთან როსტომის ტბილისიდან გასადევნად. როსტომის განდევნის შემდეგ ქართლს თეიმურაზს მისცემდნენ და მისი ერთგული იქნებოდნენ. თეიმურაზი 1643 წლის 24 ნოემბერს მიშეცკის ეუბნებოდა, განსვენებული შაჰ-სეფიც მწერდა, რომ როსტომის თბილისიდან წაყვანა და ქართლის ჩემტვის მოცემა უნდოდა, მაგრამ, საუბედუროდ, გარდაიცვალაო[22]. როსტომს ეს ამბავი მხედველობიდან არ გამორჩენია და თეიმურაზი გაურთხილებია. მაგრამ თეიმურაზმა „ჩხუბისა და ავი საქმისაგან თავი არ აიღო და არ დასწყნარდა“, თუმცა როსტომ მეფეც აღიარებს, რომ „ქვეყანას ურბევდით და ბევრი ავი საქმე უქენითო“[23].

როგორც ითქვა როსტომ მეფე სიმონ-ხანის სიკვდილში თეიმურაზს სდებდა ბრალს. როცა დიდებულებმა და კათალიკოსმა თეიმურაზ-როსტომ შეარიგეს, თეიმურაზმა გარკვეული ვალდებულება იკისრა, მაგრამ „კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგვცა, არც ერთი არ გაგვითავაო“, — ამბობს როსტომი. ამ ამბავს ასე აღწერს ფარსადან გორგიჯანიძე: „როსტომმა შეუთვალა თეიმურაზს ჩვენსა და თქვენს შუა მრავალი საქმენი ძენანო, ამას წინათ კახეთში სამი სოფელი დაგვიდევითო გაბრჭობამდისინო. ახლა ორივე უსაქმოდ ვართო და სადამდისინ უნდა ჩვენსა და ტქვენს შუა საქმენი გარდაუწყვეტი არისო, ქართლი და კახეთი არ მოისვენებსო. დრო ამის უკეთესი არ იქმნებისო. ორიოდე მცოდინარი და ერიო შენს სიძეს ალექსანდრეს ვსთხოვოთო და სრე ლევან დადიანს ვსთხოვოთო, გურიელისა და ახალციხის ფაშასაც ვსთხოვოთო, გავიბრჭნეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთ და ჩვენი ქევყანანიც მოვასვენოთო. ეს ბატონს თეიმურაზს სწყენოდა, გაჯავრებულიყო და ეს სოფლები რომ გაბრჭომამდისინ მეფისათვის დაედვა, ისევ წაერტვა და მოხელები გამოყარა და მეფისათვის ასრე მიეწერა: შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვჰკალო, თქვენ კიდეც უნდა დამიმადლოთო, თოარადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო“.

1642 წელს ზაალ ერისთავმა, იოთამ ამილახვარმა, ნოდარ ციციშვილმა, დათუნას სიმამრმა ევდემოს დიასამიძემ და სხვებმა აჯანყება ჩაიფიქრეს როსტომის წინააღმდეგ და თეიმურაზის ქართლში გამეფება გადაწყვიტეს. თავადებს პატარა ჯავახიშვილისთვისაც შეუთვლიათ „ბატონს თეიმურაზს გაბატონებას უპირებთ და შემოგვეყარენითო“, მაგრამ იგი როსტომს მიმხრობია, რისთვისაც საჯილდოოდ „იის ციხე და ავკეთი“ უბოძებია[24]. შეთქმულება გაცემული იქნა და როსტომმა სასტიკად დასაჯა მონაწილენი, შაჰ-აბას II-ს აცნობა, რომელმაც როსტომის დისშვილი ადამ სულტან ანდრონიკაშვილი გამოგზავნა კახეთზე გასაბატონებლად. თეიმურაზის მომხრე თავადები როსტომს შეურიგდნენ, ადამ-სულთან უკან გაბრუნდა. თეიმურაზი და როსტომი მაინც არ ცხრებოდნენ. „მიუხდა როსტომ მეფე სპითა დიდითა მაღაროს მყოფს მცირესპოსანს, თვინიერ ქიზიყელტაგან, ბატონს თეიმურაზსო“, — გვიამბობს ვახუშტი. მაგრამ კახელებმა გაიმარჯვეს, როსტომი დამარცხებული დაბრუნდა. ამის შემდეგ როსტომი თავს დაესხა თეიმურაზს თიანეთს, ჯარის ნაწილი კი ქიზიყისაკენ გაგზავნა. რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძისადმი 1649 წლის 13 აგვისტოს გაგზავნილ წერილში თეიმურაზი აღნიშნავდა — მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ჩვენ კი ცოტანიო[25]. თეიმურაზი დამარცხდა. ამ ომში მოკლეს თეიმურაზის უკანასკნელი ვაჟი ბატონიშვილი დავითი, ქართლ-კახეთის ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, რომლის თავი სხვა მასთან დახოცილ თავადაზნაურთა თავებთან ერთად როსტომმა ყაენს გაუგზავნა და გამარჯვება მიულოცა. თეიმურაზი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. ფარსადან გორგიჯანიძე გვიამბობს: „ბატონს თეიმურაზს ყოველგნით ღონე მოეღო, აღარც სითმე მშველი და აღარც სახიზარი ალაგი, აღარც წასასვლელი გზა, არც ასაყრელათ ცხენი და ჯორი, აღარც მოხელე და მოსამსახურენი, კახნიც ქართველთ მისვლოდეს და მეფეს როსტომს ბატონის თეიმურაზის დაჭირვას ეპატიჟებოდნენ“. სხვა ღონე აღარ იყო, თეიმურაზმა თავისი ბიძაშვილი დედოფალი ხორეშანი მიუგზავნა. დედოფალმა ჯერ დათუნას სიკვდილი არ იცოდა, დატყვევებული ეგონა და როსტომს მოაგონა ბიძა თქვენის სიმონისა და კახთაბატონის ლევანისაგან დათუნას მეტი არავინ დარჩენილა და მოგვეხმარეთ ეგების რამე უშველოთო. როსტომმაც ზომები მიიღო, რომ დედოფლისთვის დათუნას სიკვდილი არ ეთქვათ და დახმარებას დაპირდა. შემდეგ ხორეშანმა მამაპაპეულ საფლავებთან ახლოს ალავერდის მიდამოებში დარჩენა ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვაითუ მერე ყაენმა მოგითხოვოთო, — უპასუხა როსტომმა. მაშინ ხორეშანმა იმერეთისკენ გზა და სამგზავრო ცხენი და ჯორი სთხოვა. როსტომ მეფემან რა ცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღვარნა კათალიკოსი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გადაუტანა იმერეთს[26].

1648 წელს როსტომ მეფე ერთ სიგელში ამბობს: თეიმურაზი „იმერეთს გავაგდეთ, კახნი და დარბაისელნი ერთგულებაზე ვაფუცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ. ყაენმაც გვიბოძაო“[27]. მოჰამედ თაჰერის ცნობით, იმერეთში გადავიდა თეიმურაზი დავითის ორი ბავშვით[28]. თვით თეიმურაზის სიტყვით კი დავითის სამივე ვაჟი შეუკრებია და წაუყვანია იმერეთს[25]. ეს მოხდა 1648 წელს. კახეთიც როსტომს ებოძა. იმერეთში თეიმურაზს დათუნას „მამაცობითა და ქებით მოკვლა უთხრეს და იქმნა მათ შორის ტირილი და გლოვა დიდი“[29]. უნუგეშო მდგომარეობაში მყოფი მეფე იმერეთს დარჩა, სადაც მას, რუსი ელჩების ცნობით სარჩო და საცხოვრებელად „ციხე-ქალაქი რაჭა“ მიუჩინეს. აქ თეიმურაზს ხის სასახლე ჰქონია. იასე ცინცაძის გამოკვლევით, რომელიც ალექსი იევლევის ცნობებზეა დამყარებული, ციხე-ქალაქ რაჭაში სოფელი ნიკორწმინდა იგულისხმება[30]. შვიდი წელი იყო თეიმურაზი იმერეთში, მერე რუსეთში წასასვლელ სამზადისს შეუდგა. ამ წლებში თეიმურაზი ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. ამ დროს დაიწერა „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „გაზაფხულშემოდგომიანი“, „მაჯამა“, სასულიერო ხასიათის ნაწარმოები „შვიდთა კრებათათვის“. ამ პერიოდის შესახებ არჩილი ათქმევინებს თეიმურაზს:

ახლა ვსთქვი შვიდი კრებისა, მამათა წმინდათ დასება,

სჯულის სიმტკიცე ნათლისა, მით მიერ მოიმოსება.

სარწმუნოება მართალი მუნითგან დაეტესება,

ჯერკვალთა, დრკუთა მწვალებელტ ოდიდგან ეყო დაფსება (1048).

ვარდს ბულბული გავაუბნე, შემოდგომა გაზაფხულსა,

კვლავ სანთელსა პეპელაი, მისგან დამწვარ, დადაგულსა.

ამ დროს ლექსი ვით გავაწყევ ძლივღა მხედავ მე სულდგმულსა?!

მუნ მაჯამას შეყრილს ხედავ, არ იქი-აქ დაკარგულსა (1049).

იმერეთში გადასული თეიმურაზი თავის სიძეს ალექსანდრე მეფეს რუსხელმწიფის მფარველობაში შესვლას ურჩევდა. მოსკოვში 1649 წელს ერთდროულად ჩავიდნენ თეიმურაზ პირველისა და ალექსანდრე იმერეთის მეფის ელჩები. ორივე მეფის წერილები ალექსი მიხეილის ძისადმი 1649 წლის 13 აგვისტოთია დათარიღებული. თეიმურაზი სთხოვდა რუსეთის მეფეს სპარსეთის შაჰისათვის მიეწერა, რომ მან „ქრისტიანული ეკლესიები არ ააოხროსო“. აგრეთვე ოციათას მეომარს თხოულობდა, ამით ქრისტიანულ ეკლესიებს დაიცავ და სამაგიეროს ღმერთი მოგცემსო, — უთვლიდა რუს ხელმწიფეს. გარდა ამისა, თეიმურაზი თავისი შვილიშვილის ლუარსაბის ხელმწიფის დაზე დაქორწინებას ითხოვდა: „დასვი დაი შენი დედოფლად ამ მხარეში და ეუფლე მას, ისევე, როგორც თერგის მიწებს ფლობ, აქაური მიწების მფლობელიც გახდები და აქედანაც მიიღებ ხარკს. განდევნე აქედან აგარიანნი და იდიდოს დიდებული მეფის სახხელი ამ ადგილებში უკუნითი უკუნისამდე“[31]. იგივეს წერს იმერეთის მეფე ალექსანდრეც: „თეიმურაზ მეფის შვილიშვილს, უფლისწულს, დროშა გამოუგზავნეთ, რათა თქვენი ბრწყინვალების და ცოლად ითხოვოს და თქვენ იშუამავლოთ, ხოლო იგი აქაური მხარის დედოფალი იქნება“.

1650 წელს ტოლჩანოვის მეთაურობით რუსეთიდან გამოგზავნილი ელჩობა რაჭაში 1651 წლის 18 ივნის ჩავიდა. რუსეთიდან რეალური დახმარების სანაცვლოდ თეიმურაზი მზად იყო ლუარსაბი გაეგზავნა მოსკოვში მაგრამ ელჩებმა აღნიშნული თხოვნა ვერ დაუკმაყოფილეს, რის გამოც მოლაპარაკება ჩაიშალა.

1652 წელს თეიმურაზმა ერეკლე ბატონიშვილი და ელენე დედოფალი რუსეთში გაისტუმრა. ისინი გზაზე ყუმუხებმა გაძარცვეს. რუსეთს მიმავალ ერეკლეს ბატონიშვილზე თავდასხმა შაჰის მიერ იყო ორგანიზებული და ერეკლე ბატონიშვილის მოსკოვში ჩასვლისათვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. ამ ხანებში როსტომ მეფის სახელით მოსკოვში სპეციალური ელჩობის გაგზავნაც იმის მაუწყებელი იყო რომ შაჰი ცდილობბდა როსტომი გამოეყენებინა რუსეთის სამეფო კარზე თეიმურაზ-ერეკლეს საწინააღმდეგოდ. ამიტომ თეიმურაზს უცდია ხელი შეეშალა როსტომის ელჩის რუსეთში ჩასვლისათვის. იგი თერგელ ვოევოდებთან აგზავნის პაპუნა შიკრიკს და თხოვს მათ, არ გაატარონ მოსკოვში მიმავალი როსტომის ელჩი[32].

ერეკლე ბატონიშვილი მოსკოვში 1653 წელს ჩავიდა. თორმეტი წლის ყმაწვილი დიდ ზარ-ზეიმით მიიღეს მეფის სასახლეში.

1656 წლის მარტში თეიმურაზის კიდევ ერთი ელჩობა ჩავიდა რუსეთში. ამ ელჩობის ძირითადი მიზანი რუსეთისაგან სამხედრო დახმარების მიღება იყო. ამავე ელჩების მეშვეობით თეიმურაზი ელენე დედოფალს შუანდგომლობას სთხოვდა თუშების რუსეთის მფარველობაში ასაყვანად[33].

1657 წელს თეიმურაზი რუსეთისაკენ გაემართა და მოსკოვში 1658 წლის ივნისში ჩავიდა. რუსეთის კარზე თეიმურაზი დიდებულად მიიღეს. თეიმურაზი დახმარებას ითხოვდა მაგრამ აღნიშნული დახმარება ვერ მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულს ლუარსაბი და ხვარეშან დედოფალი გარდაცვლილი დახვდა. 1659 წლის 18 სექტემბრის სიგელით თეიმურაზი რუს ხელმწიფეს აცნობებს ლუარსაბ ბატონიშვილის სიკვდილს და ერეკლეს ივერიის მეფედ გამოგზავნას ითხოვს. 1660 წელსაც თეიმურაზი და ალექსანდრე უკვე დაბეჯითებით ითხოვენ უფლისწული დედასთან ერთად საქართველოში დააბრუნონ.

1660 წელს გარდაიცვალა ალექსანდრე იმერთა მეფე. არც როსტომ მეფის საქმეები იყო დაწყობილად. კახეთ-რუსეთის ურთიერთობის გააქტიურებამ და თეიმურაზის დაუცხრომელმა წინააღმდეგობამ შაჰ-აბას II-ს კახეთის სახელმწიფოს ლიკვიდაციის სურვილი გაუჩინა და შაჰ-აბას I-ის პოლიტიკა გაახსენა. 1656 წელს როსტომს კახეთი ჩამოართვეს და სელიმხანს გადასცეს. დაიწყო კახეთში თურქმანების ჩამოსახლება. თურქმანების ჩამოსახლებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, მაგრამ შაჰმა კახეთში სპეციალური ციხეების აგება ბრძანა, რომელთა გარნიზონებს უნდა დაეცვა თურქმენები ქართველთა თავდასხმებისაგან. კახეთში სახალხო აჯანყებამ იფეთქა, რომლის მიზანი იყო კახეთის გაწმენდა ჩამოსახლებული თურქმანებისაგან და ქვეყნის გათავისუფლება ირანელთა ბატონობისაგან. აჯანყებულებმა ამ მიზანს მიაღწიეს, მაგრამ ფეოდალთა გათიშულობის შედეგად აჯანყების საბოლოო მიზანი ირანელთა ბატონობის მოსპობა და მეფობის აღდგენა (თეიმურაზს იწვევდნენ ქართლ-კახეთის მეფედ) არ მოხერხდა. ამ აჯანყების თარიღად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია 1659 წელი[34]. იმერეთის მეფე ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ სკანდის ციხეში თავშეფარებული ავადმყოფი თეიმურაზი უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდა. კიდევ ერთხელ აახლა რუსეთის მეფეს თავისი ელჩი და შემწეობა სთხოვა. 1660 წლის შუა ხანებში ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზი იმერეთში გადავიდა, სკანდის ციხე აიღო და თეიმურაზიც იძულებული შეიქნა ვახტანგს თბილისს გაჰყოლოდა, საიდანაც ირანს გაემგზავრა. ირანში გამგზავრების წინ თავის ელჩს ათანასეს წერილი გაატანა, რომელშიც რუს ხელმწიფეს თავის უნუგეშო მდგომარეობას აღუწერდა და ერეკლე ბატონიშვილისთვის დახმარების გაწევას სთხოვდა. 1661 წელს ბერად აღიკვეცა.

თეიმურაზის ჩასვლა ირანის შაჰს დიდად ესიამოვნა და ცდილობდა დაერწმუნებინა იგი, რომ, თუ ერეკლე ბატონიშვილი ეახლებოდა და ირანის ყმობას აღიარებდა, მას კახეთს მისცემდა. ერეკლე ამ დროს თუშეთში იმყოფებოდა და ირანის წინააღმდეგ ხალხს რაზმავდა. თეიმურაზმა იშუამდგომლა, შაჰ-აბას II-მ ხელთ იგდო თეიმურაზის წერილი ერეკლესადმი, მაგრამ ერეკლე მას არ ეახლა. ამ ამბავმა შაჰი განარისხა, მან პირადი შეურაცხყოფა მიაყენა შემონაზვნებულ მეფეს, მარხვაში სახსნილოს ჭამა მოსთხოვა და, როცა წინააღმდეგობას წააწყდა, სახეში ღვინო შეასხა. შემდეგ კი ასტრაბადის ციხეში დაამწყვდია, სადაც 1663 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს.

დადუმდა ენა რიტორი, ორღანო მზრახი, წინწალი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I ზედმიწევნით იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობას და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი". მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: „ვარდბულბულიანი“, „შამიფარვანიანი“, „ლეილმაჯნუნიანი“ და „იოსებზილიხანიანი“. თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსული მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში.

თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღმსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.

თეიმურაზ I-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი („სოფლის სამდურავი“). იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა მწუხარე განცდები. თეიმურაზ I ხორციელი ტრფიალებისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება („გაბაასება ბაგისა და ღვინისა“, ლირიკული ლექსები და სხვ.).

თეიმურაზ I-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში "ქეთევან დედოფლის წამება" ("ქეთევანიანი") მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. გაბაასების ჟანრის თხზულებაში "შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა" პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზოგადო ბედუკუღმართობით გამოწვეული სევდიანი განცდები. თეიმურაზ I-ს ეკუთვნის ლირიკული ლექსები "გრემის სასახლეზე", "თამარის სახე დავით გარეჯას" და სხვები.

თეიმურაზ I-მა შემოიღო ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. განავითარა გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.

თეიმურაზ I-ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართული პოეზიისა და განსაკუთრებით შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დიდი გავლენა განიცადა. მისი ცალკეული თხზულებანი იბეჭდებოდა 1860-იდან (ჟურნალი „ცისკარი“); 1875 ა. კალანდაძემ ცალკე წიგნად გამოსცა „ვარდბულბულიანი“, 1886 ზ. ჭიჭინაძემ — თხზულებათა კრებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბარამიძე ა., აკოფაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 641-642.
  • მ. გუგუშვილი, „თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა“, თბ. 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. С. Белокуров, СРК, 1, გვ. 492-493
  2. ისქანდერ მუნში, გვ. 61
  3. ქრონიკები, II, გვ. 437
  4. პლ. იოსელიანი, „დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ცხოვრება“, თბ., 1973, გვ. 24
  5. ქრონიკები, II, გვ. 440
  6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973, გვ. 262
  7. მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1971, გვ. 258-261
  8. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 393
  9. საქართველოს სიძველენი, III, გვ. 188-189
  10. Т. Тивадзе, Материалы..., გვ. 136
  11. ჯ. ოდიშელი, „აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის“... გვ. 106
  12. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 402
  13. И. Накашидзе, Грузино-русские полотические отношения в первой половине XVII века, Тб., 1969, გვ. 75
  14. თ. ტივაძე, „საქართველო რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის II მეოთხედში“, თბ., 1977, გვ, გვ. 29
  15. მ. სვანიძე, „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობების ისტორიიდან“, თბ., 1977, გვ. 278-279
  16. ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, V, 1973, გვ. 22
  17. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1958, გვ. 364
  18. თ. ნატროშვილი, „მაშრიყიდან მაღრიბამდე“, თბ., 1974, გვ. 157-160
  19. დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე, შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბ. გიორგაძისა, თბ., 1977, გვ. 26
  20. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 36
  21. იასე ცინცაძე, „ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ“, თბ., 1965, გვ. 22-23
  22. „თავდი მიშეცკისა და დიაკი კლუჩარევის ელჩობა კახეთში, 1640-1643“, მ. პოლიევქტოვის გამ., ტფ., 1928, გვ. 150-151
  23. „ქრონიკები“, II, გვ. 463
  24. „ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები“, ვლ. ფუთურიძის გამ., თბ., 1955, გვ. 174
  25. 25.0 25.1 „ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“, 1650-1652 წწ., იასე ცინცაძის გამ., თბ., 1970, გვ. 34
  26. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 426
  27. ქრონიკები, II, გვ. 464
  28. „მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“, ს. ჯიქიას გამ., თბ., 1964, გვ. 389
  29. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 427
  30. ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა, იასე ცინცაძის გამოცემა, თბ., 1969, გვ. 25-26
  31. „ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“, 1650-1652 წწ., იასე ცინცაძის გამ., თბ., 1970, გვ. 35
  32. იასე ცინცაძე, „ვასილ გაგარისა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ“, თბ., 1965, გვ. 37
  33. თ. ტივაძე, „საქართველო და რუსეთ-ირანის პოლიტიკური ურთიერთობა XVII საუკუნის II ნახევარში“, თბ., 1977, გვ. 69
  34. თ. ტივაძე, „თუშ-ფშავ-ხევსურეთის რუსეთთან ურთიერთობის საკითხისათვის“, კრ. ძიებანი საქართველოს და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, გვ. 244


წინამორბედი:
სიმონ II
ქართლის მეფეები
16251632
შემდეგი:
როსტომი
წინამორბედი:
კონსტანტინე I
კახეთის მეფეები
16061648
შემდეგი:
არჩილ II