თბილისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
თბილისის ციხე — საქართველო
თბილისის ციხე
თბილისის ციხე — თბილისი
თბილისის ციხე

თბილისის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სოლოლაკის ხეივნის კლდოვანი მასივის აღმოსავლეთ გაგრძელებაზე, მოგრძო და მაღალკლდოვან თხემზე. წყაროებში პირველად კალას სახელწოდებით არის მოხსენიებული IV საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. შემდგომში იგი შურის ციხედ იხსენიება, უფრო გვიან — ქალაქის, თბილისის ციხედ და ნარიყალად. ვარაუდობენ, რომ ციხის ადგილზე ძველთაგანვე იყო (აღმოჩენილია ძვ. წ. XIII-XII საუკუნების ბრინჯაოს სატევარი).

თბილისის ციხე წარმოადგენდა ფეოდალური ქალაქის დომინანტს, მის ძირითად თავდაცვით ნაგებობას. მრავალრიცხოვან დამპყრობთა ლაშქრობების შედეგად თბილისის ციხე ბევრჯერ დანგრეულა, ასევე ბევრჯერ აღუდგენიათ და გადაუკეთებიათ. ჩვენამდე მოაღწია XII-XIII და XVII საუკუნეების ნაგებობათა სახით. XVII საუკუნის 40-იან წლებამდე აქვე იყო სამეფო სასახლე, ეკლესია, აბანოები და სხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნაგებობანი. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თბილისის ციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. XIX საუკუნის I ნახევარში ციხის ერთ-ერთ შენობაში დენთის საწყობის აფეთქების შედეგად დაინგრა თბილისის ციხის ტერიტორიაზე მდგარი თითქმის ყველა ნაგებობა.

თბილისის ციხე შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ძირითადი ნაწილისაგან. აღმოსავლეთი ნაწილი გეგმით კვადრატულია (70×70 მ), დასავლეთისა - სწორკუთხა (60×20 მ). ციხის კედლები (სისქე 1,5-2,0 მ) გამაგრებული ყოფილა მრგვალი და სწორკუთხედის ფორმის კოშკებითა და ბურჯებით (მათი დიდი ნაწილი დაზიანებული და დანგრეულია).

უკეთ შემოინახა თბილისის ციხის დასავლეთ ნაწილში ყველაზე მაღალ ნიშნულზე აღმართული ე. წ. „სტამბოლის გოდოლი“. ციხის კედლებში შემორჩენილია 2 კარის ნაშთი, ერთი, „განჯის კარად“ წოდებული, „სტამბოლის გოდოლის“ გვერდით, ახლანდელი ბოტანიკური ბაღის მხარეს, მეორე უფრო დიდი, ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს. ამ კართან თბილისის ციხის უძველესი (ადრინდელი ფეოდალური ხანის), თლილი ქვის დიდი კვადრატებით ნაგები კედლის ნაშთია. თბილისის ციხის დანარჩენი ნაწილი ნაგებია კვადრატული ფორმის ქართული აგურით და ნატეხი ქვით გაჯისა და კირის ხსნარზე. ციხის ტერიტორიაზე 1967 წელს დაწყებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლელულია მრავალი სახის ძეგლი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., XVIII საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, «ანალები», 1947, ტ. 1;
  • ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965;
  • თბილისის ისტორია, შ. მესხის რედ., თბ., 1958;
  • Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866;