თბილისის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის ქვაბული

თბილისის ქვაბულიმტკვრის ხეობის მონაკვეთი მუხადგვერდის ვიწრობის ბოლოდან (ზემო ავჭალა) თელეთის ქედის ბოლომდე (ფონიჭალა). შემოსაზღვრულია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან თრიალეთის ქედის განშტოების — საწკეპელის, მსხალდიდის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ფერდობებით; აღმოსავლეთიდან — ივრის ზეგნის ჩრდილოეთი ნაწილით; ჩრდილოეთიდან — საგურამოს ქედის კალთებით. სიგრძე 21 კმ, სიგანე 7 კმ. ქვაბულის ფსკერის დონე 350-450 მ ფარგლებში იცვლება. კალთები ზოგან 1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრეთ ნაწილში განვითარებულია შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულსა და ტბურ) ნალექებს. ქვაბულის ჩრდილოეთი ნაწილი ალუვიური ვაკეა, ცნობილია დიღმის ვაკის სახელწოდებით. უფრო სამხრეთით, მტკვრის ხეობაში კარგადა გამოხატული ტერასული საფეხურები, რომელზეც გაშენებულია ქალაქი თბილისი.

ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის პარალელურად, გაჭიმულია მტკვრის ძველი ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის ზღვაა. თბილისის ქვაბულში მტკვრის მარჯვნიდან ერთვის მდინარეები დიღმისწყალი, ვერე და წავკისისწყალი, მარცხნიდან — გლდანისხევი. ტბებიდან აღსანიშნავია ლისისა და კუს ტბები. თბილისის ქვაბული ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რომელიც ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელადმისადგომ ნაწილებში, ქვაბულის ფსკერი კულტურული მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქა-იქ ტუგაის ტყეებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]