თბილისის არქიტექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თბილისის არქიტექტურის სამსახური.
თბილისი

თბილისი ვიწრო ზოლადაა გაჭიმული მდინარე მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ და შეფენილია სამი მხრიდან მთებით შემოფარგლული ქვაბულის ფერდობებზე. თბილისის ძველი უბნები ქალაქის სამხრეთ ნაწილშია, ცხელ მინერალურ წყაროებთან, სადაც IV საუკუნეში მდ. მტკვრის ყველაზე ვიწყო ადგილზე აუგიათ ხიდი, ხოლო მარჯვენა ნაპირზე, მთაზე და მის კალთებზე — ციტადელი (სხვადასხვა დროს ეწოდებოდა კალა, ნარიყალა, დედა-ციხე), რომელიც ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქის, შემდეგ ქართლის დედაქალაქის — თბილისის მთავარი ხუროთმოძღვრული დომინანტი იყო.

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

V-VI საუკუნეებიოს მიჯნაზე ააგეს ანჩისხატის ეკლესია, VII საუკუნის I ნახევარში - სიონის ტაძარი და სხვა.

რენესანსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განვითარებულ ფეოდალურ ეპოქაში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს დედაქალაქი თბილისი დიდი, მაღალი კედლებითა და ციხე-კოშკებით დაცული, კეთილმოწყობილი, მდიდარი ქალაქი იყო. გაიზარდა ქალაქის ტერიტორია. სავარაუდოა, რომ ქაშვეთის ეკლესიის, ლურჯი მონასტრის მიმდებარე უბნები ქალაქის საზღვრებში შედიოდა, დიდუბე კი გარეთუბანი იყო. საკმაოდ დიდი დასახლება გაჩნდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე ისნის (ავლაბარი) უბანში. აქვე, მეტეხთან, იყო მეფის სასახლე. ჩამოყალიბდა ფეოდალური თბილისის დამახასიათებელი სილუეტი: მდინარის მარჯვენა ნაპირზე ნარიყალას ციხესიმაგრე, მარცხენაზე - კლდის ციცაბო ქარაფზე - გალავნით შემოფარგლული მეფის სასახლე (არ შემორჩენილა) და მეტეხის ეკლესია.

გვიანდელი შუასაუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბანოთუბანი

გვიანდელი ფეოდალური ხანის თბილისის არქიტექტუტაზე შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ შემორჩენილი ჩანახატებით (ჟან შარდენი, ტურნეფორი) და ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი (1735) ქალაქის გეგმითა და აღწერით. XVII-XVIII საუკუნეებში თბილისი 4 ნაწილისაგან შედგებოდა:

  1. სეიდაბადი ანუ "საკუთრივ ტფილისი" - ქალაქის უძველესი მინერალური წყლების რაიონი;
  2. კალა - ქალაქის უმთავრესი ნაწილი; იგი შემოფარგლული იყო ციხე-გალავნით, რომელსაც 6 კარი ჰქონდა;
  3. ისნის (ისანი, ავლაბარი) - მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის დასახლება;
  4. გარეთუბანი - საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ტერიროტია ქალაქის ზღუდის ჩრდილოეთით, ქალაქს გარს ერტყა (განსაკუთრებით სოლალაკის უბანში) "წალკოტნი და სავარდენი, ყოვლის ხილითა და ყვავილითა სავსე".

ამ ხნის თბილისის გეგმარება ტიპურია შუა საუკუნეების ფეოდალური ქალაქისათვის - ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ქსელი. ადმინისტრაციულმა და ფუნქციურმა ცენტრმა გადმოინაცვლა კალაში - მეფის მოედანზე (ახლენდელი ერეკლე II-ის მოედანი) და სიონისა და ანჩისხატის შემაერთებელი ქუჩის გასწვრივ (ახლანდელი სიონის, ერეკლე II-ის და შავთელის ქუჩები). შეიძლება აღვადგინოთ ამ პერიოდის თბილისის ხუროთმოძღვრული სახე - მთელი განაშენიანება მდინარისკენ არის მიმართული - მის ნაპირებზეა მთავარი ეკლესიები, "მტკვარგადაკიდებით" ნაგები სასახლეების, ქარვასლების, ფერდობებზე ტერასებად შეფენილი "ქვითკირითა და გაჯით გალესილი" ერთსართულიანი ბანიანი სახლების ფასადები.

აღა-მაჰმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევის (1795) შედეგად საერო ხასიათის ნაგებობებიდან არაფერი შემორჩა გარდა მეფე როსტომის სასახლის აბანოს (შემდგომში აქ ზარაფხანა იყო) ნაშთებისა.

XIX საუკუნე და XX საუკუნის დამდეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტეხის პლატო XIX საუკუნეში
რუსთაველის გამზირი (ფრაგმენტი) ამჟამად.
ყოფილი მთავარმართებლის სასახლე.

XIX საუკუნის დამდეგიდან თბილისი ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ხელისუფლების ადმინისტრაციული ცენტრი, სწრაფად ვითარდება და იზრდება. ისპობა ქალაქის გალავანი და კარები. თავდაპირველად ქალაქი იზრდება გარეთუბნის ხარჯზე, შემდეგ ახალი კვარტალები იკავებს სალალაკის ბაღებს. 40-იანი წლებიდან იწყება მდინარის მარცხენა ნაპირის სოფლების კუკიისა და ჩუღურეთის განაშენიანება. ქალაქის ადმინისტრაციული, კულტურული და სავაჭრო ცენტრმა გარეთუბანში გადაინაცვლა (ახლანდელი თავისუფლების მოედნის მიმდებარე უბნები).

მდინარის მარჯვენა მხარეს ყალიბდება ქალაქის მთავარი არტერია გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტი და ოლქის ქუჩა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა), მარცხენა მხარეს კი მოგვიანებით (XIX საუკუნის შუა წლები) ქალაქის მეორე გრძივი მაგისტრალი - მიხეილის (ახლანდელი დ. აღმაშენებლის) პროსპექტი.

აშენდა ხიდები - ვორონცოვისა (1851, არქიტ. სკუდიერი; ახლანდელი..., რეკონსტრუირებულია 1960, ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტ. გ. მელქაძე, შ. ყავლაშვილი), ვერისა (1884, ინჟ. პ. ზამიატინი, არქიტ. ს. უმანსკი. 1953 მის ადგილზე აიგო ახალი - ი. სტალინის სახ. ხიდი, ინჟ. გ. ჩომახიძე, არქიტ. მ. მელია), მუხრანის (1911, ინჟ. ე. პატონი. შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი რუსეთის იმპერიაში; 1965 იგი შეცვალა ახალმა - ბარათაშვილის სახ. ხიდმა, ინჟ. გ. ქარცივაძე, არქიტ. შ. ყავლაშვილი, ვ. ქურთიშვილი).

თბილისის ქალაქთმშენებლობით პრაქტიკაში ინერგება გეგმიანი საწყისები. ახალი უბნების განაშენიანება შედარებით რეგულარულ ხასიათს ატარებს. ცენტრალურ უბნებში (გარეთუბანი, კუკია) ნელა, მაგრამ მაინც ტარდება კეთილმოწყობითი სამუშაოები, გაშენდა რამდენიმე მაღი და სკვერი - წავკისის ხეობაში ყოფ. სამეფო ბაღბის ადგილზე, სახაზინო ბაღის ნაცვლად გაიხსნა (1845) ბოტანიკური ბაღი; ასპარეზის (ყაბახის) ადგილზე - ალექსანდრეს ბაღი (1859, არქიტ. ო. სიმონსონი, ახლანდელი ... ბაღი), დიდუბის უბანში - ე. წ. მუშტაიდის ბაღი (40-იანი წწ. ახლანდ. ..) და სხვა.

თბილისში გაჰყავთ ჯერ კონკა (პირველი ხაზი - 1883), შემდეგ ტრამვაი (პირველი ხაზი - 1904); მთაწმინდაზე აგებენ ფუნიკულიორს (1905).

XIX საუკუნის დასაწყისიდან 60-იან წლებამდე თბილისის ოფიციალურ მშენებლობაში ინერგებოდა რუსეთის იმპერიაში იმ დროს გავრცელებული ე. წ. გვიანდელი რუსული კლასიციზმი: მთავარმართებლის სახლი (1802; 1807 ააგეს უფრო მოზრდილი სასახლე; 1865-1868 გადააკეთეს და გააფართოვეს არქიტ. ო. სიმონსონის პროექტით; ნაგებობამ ამ სახით მოაღწია დღემდე; ახლანდელი საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე), ყოფილი შტაბის შენობა (საფუძველი ჩაეყარა 1824), ი. ზუბალაშვილის სახლი (30-იანი წწ. არქიტ. ბერნარდაცი. შემდეგ აქ სასულიერო სემინარია იყო; ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) და სხვა. ამ ხანებში აშენებული ქარვასლებისა და აბანოების არქიტექტურაში (განსაკუთრებით ინტერიერში) კვლავ რჩება აღმოსავლეთის არქიტექტურის გავლენა.

XIX საუკუნის 40-იანი წლებისთვის ყალიბდება ორ- და სამსართულიანი ე. წ. თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა. მასში ორგანულად არის შერწყმული კლასიცისტური ფორმები, ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები. კლიმატური პირობებს ითვალისწინებს სახლის თითქმის მთელი ფასადის გასწვრივ მიშენებული ღრმა. მოხარატებული ხის აივანი, რომლის ფართობი ხშირად ჭარბობს ოთახების ფართობს. ამის საუკეთესო ნიმუშები გვხვდება როგორც ძვ. ქალაქის ფარგლებში (გომის ქ. 4, 5; აზიზბეკოვის ქ. 3, 11; ალავერდოვის და ერეკლე II-ის მოედნებზე და ა. შ.), ასევე შედარებით ახალ უბნებში (ლერმონტოვის ქ. 15; დადიანის ქ. 5, 16; ფურცელაძის ქ. 13; დავითაშვილის ქ. 8; გრიბოედოვის ქ. 9, 16 და სხვა).

ზუბალაშვილების სახლი, მოდერნის სტილში

XIX საუკუნის II ნახევრიდან თბილისის არქიტექტურაში გაჩნდა ახალი ტიპის ნაგებობები - შემოსავლიანი საცხოვრებელი სახლები, ფაბრიკა-ქარხნები, ბანკები, დიდი მაღაზიები და სასტუმროები, რკინიგზის სადგური, საგამოფენო პავილიონები და სხვა. სახლები შენდება სხვადასხვა ისტორიული სტილის მიბაძვით, დამკვეთის გემოვნებით. ამ ხანის ნაგებობათაგან აღსანიშნავია: სახაზინო თეატრი (1851, არქიტ. სკუდიერი; დაიწვა 1874. შემდეგ აქ თამამშევის ქარვასლა იყო. აილეს 1934), მთავარმართებლის რეკონსტუირებული სასახლე, სამხედრო ტაძარი (1877, არქიტ. რ. გედიკე, დ. გრიმი; ახლანდელი მთავრობის სახლის ადგილას), ქალაქის მერიის შენობა (80-იანი წწ., არქიტ. ა. შტერნი; გეგმა არქიტ. ა. ოზეროვისა), სახაზინო თეატრი (1880-1896, არქიტ. ვ. შრეტერი; ახლანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი; რეკონსტრუქცია 1976), დიდების ტაძარი (80-იანი წწ.; ახლანდელი საქართველოს მხატვართა გალერეა), არტისტული საზოგადოების თეატრი (1901, არქიტ. კ. ტატიშჩევი, ა. შიმკევიჩი; ახლანდელი შ. რუსთაველის სა. დრამატული თეატრი), ქართული გიმნაზია (1906, არქიტ. ს. კლდიაშვილი; ახლანდელი თსუ-ის მთავარი კორპუსი), სასტუმრო "მაჟესტიკი" (XX ს. 10-იანი წწ., არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი; ახლანდელი სასტუმრო "თბილისი") და სხვა.

XIX საუკუნის მიწურულში შეიმჩნევა "მოდერნის" მომძლავრება. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების გავლენით ძლიერდება აგრეთვე ინტერესი ქართული ისტორიული არქიტექტურისადმი - შენდება "ქართული სტილის" რამდენიმე საზოგადოებრივი და საცხოვრებელი სახლი: საუფლისწულო უწყების ღვინის სარდაფი (1876, არქიტ. ა. ოზეროვი; ახლანდ. ღვინის ქარხანა № 1), ქაშვეთის ახალი ეკლესია (1910, არქიტ. ლ. ბილფელდი), სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი (1916, არქიტ. ა. კალგინი, მხატვარი ჰ. ჰრინევსკი; ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა) და სხვა.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი XX საუკუნის დამდეგს, პროკუდინ-გორსკი.

XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრები ვრცელდებოდა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე - ძველი ქალაქიდან ვარაზისხევსა და მდინარე ვერემდე (დაწყებული იყო ვაკისა და საბურთალოს დასახლებაც), ხოლო მარცხენა ნაპირზე ისნიდან და ნავთლუღიდან დიდუბემდე (ეს უბანი ბაღ-ბოსტნებს ეჭირა) და ღრმაღელემდე. მაგრამ რევოლუციამდე თბილისს არ გააჩნდა ერთიანი გეგმა. ყურადღება არ ექცეოდა ქალაქის რელიეფს, ბუნებრივი მონაცემების მხატვრულ გააზრებულ გამოყენებას (მაგ., დაიკარგა ქალაქსა და მდინარეს შორის მხატვრულ-გეგმარებითი კავშირი). თბილისი ჩამოყალიბდა როგორც ტიპური ბურჟუაზიული ქალაქი: შედარებით კეთილმოწყობილ ცენტრალურ უბნებს უპირისპირდებოდა მუშათა განაპირა კეთილმოუწყობელი დასახლებები. ძირითადი განაშენიანება ერთ- და ორსართულიანი იყო. მხოლოდ ცენტრალურ უბანსა და მთავარი მაგისტრალების გასწვრივ შენდებოდა მრავალსართულიანი სახლები.

პირველი გენგეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო თბილისის გეგმიანი სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებიც განსაკუთრებით ფართო მასშტაბით გაიშალა 30-იანი წლებიდან. გაფართოვდა და კეთილმოეწყო ახლანდელი თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი რკინიგზის სადგურიდან დ. აღმაშენებლის პროსპექტამდე (ძველად ე. წ. "კროშკა"), ახლანდელი ლესელიძის ქ. (ძველად ე. წ. "შუა ბაზარი"), ფეოდალური თბილისის ვიწრო სავაჭრო რიგი და ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა; მოგვიანებით - ლენინის მოედანი (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), ბარათაშვილის აღმართი, ვაგზლის მოედანი და სხვა, აგრეთვე მუშათა გარეუბნების მთავარი არტერიები; მოეწყო და განაშენიანდა გმირთა მოედანი, აიგო ჩელუსკინელების სახ. ხიდი (ახლანდელი ???? 1935, ინჟ. კ. ზავროვი, ნ. სლავინსკი, არქიტ. ნ. სევეროვი), მთაში გაჭრეს თამარ მეფის ქუჩა (ყოფილი ჩელუსკინელები), გაიყვანეს მტკვრის მარჯვენა სანაპირო ქუჩა (1933-1940) ჩელუსკინელებისს და ბარათაშვილის სახ. ხიდებს შორის; გაშენდა კომკავშირის ხეივანი (ახლანდელი ??? 1935), პარკი მთაწმინდის პლატოზე (1938, არქიტ. ზ. და ნ. ზურდიანები, ე. ციციშვილი, ფართ. 115 ჰა) და სხვა. შედგა ქალაქის ისტორიაში პირველი გენერალური გეგმა (1932-1934; საავტორო კოლექტივი; თბილისიდან არქიტ. გ. გოგავა, ზ. ქურდიანი, ხარკოვის "გიპროგრადიდან" არქიტ. ი. მალოზემოვი, ეკონომისტი გ. შელეიხოვსკი).

სოციალური ყოფის გავლენით გაჩნდა თბილისის არქიტექტურაში ახალი სახის ნაგებობები - მუშათა კლუბები, საბავშვო ბაღები და ბაგები, კულტურულ და დასვენების პარკები და სხვა. დაიწყო საცხოვრებელი კვარტლების კომპლექსური დაპროექტება და მშენებლობა. აიგო დიდი საცხოვრებელი სახლები: რუსთაველის პროსპექტის დასაწყისში (1939, არქიტ. მ. მელია, ა. ქურდიანი, ს. ყუბანეიშვილი), ბარათაშვილის ქუჩაზე (1941; არქიტ. ს. დემჩინელი, ა. ქურდიანი, გ. ჯანდიერი), გმირთა მოედანზე 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი თერთმეტსართულიანი კოშკური ნაწილით (1939, არქიტ. მ. კალაშნიკოვი, პირველად საბჭოთა კავშირში აქ გამოიყენეს მცოცავი ხის ყალიბები) და სხვა.

20-30-იან წლებში იყო სერიოზული ცდები ისტორიული არქიტექტურის მოტივების გამოყენებისა: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფასადის რეკონსტრუქცია (1929, არქიტ. ნ. სევეროვი), ფუნიკულიორის ზედა სადგური (1938, არქიტ. ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვოლობუევი), "დინამოს" სტადიონი (1937, არქიტ. ა. ქურდიანი, კონსულტანტი ა. კალგინი, ამჟამად რეკონსტრუირებულია, არქიტ. ა. და გ. ქურდიანები, კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი).

საცხოვრებელი სახლი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე
ზვიად ავალიანის ფოტო
ყოფილი "ზარია ვოსტოკას" შენობა, კონსტრუქტივიზმის ნიმუში.

კონსტრუქტივიზმის გავლენით შენდება რამდენიმე ნაგებობა: საქართველოს სსრ კპ ცკ-ის შენობა (ამჟამად მთავრობის სახლი; 1930, არქიტ. ნ. სევეროვი), გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა (1938, არქიტ. დ. ჩისლიევი) და სხვა. კლასიკური რეპერტუარია გამოყენებული რამდენიმე დიდი ობიექტის არქიტექტურაში: ცირკის შენობა (1940, არქიტ. ნ. ნეპრინცევი, ს. სატუნცი, ვ. ურუშაძე), თსუ-ის მეორე კორპუსი (1940, არქიტ. მ. შავიშვილი) და სხვა. ამ ხანის შემოქმედებითი ძიების მაგალითია 2 მნიშვნელოვანი ნაგებობა საქართველოს მთავრობის სახლის ზედა კორპუსი (1938, არქიტ. ვ. კოკორინი, თანაავტორი გ. ლეჟავა) და მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი (ამჟამად ??? 1938, არქიტ. ა. შჩუსევი). მიღწევებთან ერთად უკვე 30-იანი წლების II ნახევარში თბილისის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ნაგებობების არქიტექტურაში თავს იჩენს მონუმენტალობით, მორთულობით გატაცება (სტალინისტური არქიტექტურა). ამ ტენდენციამ მეტი განვითარება ჰპოვა თბილისის 40-იანი და 50-იანი წლების I ნახევრის არქიტექტურაში.

მეორე გენგეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებათა აკადემიის შენობა. სტალინისტური არქიტექტურის ნიმუში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შედგა თბილისის მეორე გენერალური გეგმა (1948-1952, არქიტ. ვ. ზოლოტუხინა, ზ. ქურდიანი, ეკონომისტი ვ. ნეფედოვი, თანაავტორები ა. ანდრიაძე, ი. კოჩინევა, ბ. მამინაიშვილი, ნ. მიქაძე, ე. ნუცუბიძე, მ. ჯაფარიძე). ქალაქთმშენებლობაში ჩატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები: შეიქმნა მარჯანიშვილის სახ. მოედანი (40-იანი წწ. მიწურული); გაყვანილ იქნა განივი მაგისტრალები - ვარაზისხევი, გურამიშვილის ქუჩა (50-იანი წწ.). 70-იან წლებში მთავრდება მტკვრის ორივე ნაპირის გასწვრივ მაგსტრალური ქუჩების გაყვანა და გამწვანება, აეროპორტ-თბილისის ავტოტრასის მშენებლობა (ინჟ. ი. ოვანოვი, არქიტ. ე. ბახტაძე, შ. ყავლაშვილი), მეტეხის პლატოს ქვეშ ორგვირაბიანი საავტომობილო ტრასის გაყვანა (1975, ინჟ. ქებულაძე, არქიტ. ვ. ბახტაძე, რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი) და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა. გაშენდა გამარჯვების პარკი (ამჟამად ვაკის??? საფუძველი ჩაეყარა, 1945, არქიტ. ქ. დგებუაძე, ე. ციციშვილი. ფართ. 220 ჰა), დაიწყო ხელოვნური წყალსაცავის ე. წ. "თბილისის ზღვის" გარშემო ტყე-პარკის, დასვენების ზონის მოწყობა. გაიზარდა თბილისის ტერიტორია - მთლიანად ათვისებულია ვაკის, საბურთალოს, მცირე დიღმის, მთავრდება ღრმაღელის, ავჭალის, ფონიჭალის, დაწყებულია ვარკეთილის, გლდანის, ავშნიანის, ბაგებისა და სხვა ტერიტორიების განაშენიანება.

ომის შემდეგ 10 წელს გრძელდებოდა ინდივიდუალური პროექტებით საცხოვრებელი სახლების მშენებლობა - ჭავჭავაძის პროსპექტი 11 (1954, არქიტ. ქ. სოკოლოვა-ფორაქიშვილი), კამოს ქ. 4 (1955, არქიტ. მ. მელია), კამოს ქ. 2 (1964, არქიტ. გ. მელქაძე, ლ. ხარაშვილი, შ. ყავლაშვილი), ნიკოლაძის ქ. 3 (1949, არქიტ. ა. მიმინოშვილი), ორი სახლი მარჯანიშვილის მოედანზე (1947 - 1948, არქიტ. მ. მელია) და სხვა. გრძელდებოდა შემოქმედებითი ძიება ქართული ისტორიული არქიტექტურის გამოყენების მიძნით: ყოფ. ზოოვეტერინარული ინსტიტუტისა (1954, არქიტ. ს. რევიშვილი) და კავშირგაბმულობის სახლის (1954, არქიტ. ი. ჩხენკელი) ფასადების რეკონსტრუქცია, ადმინისტრაციული სახლი რუსთაველის პროსპექტზე (1958, არქიტ. კ. ჩხეიძე, მ. ჩხიკვაძე) და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის სახლის მთავარი კორპუსი (1953, არქიტ. ვ. კოკორინი, გ. ლეჟავა).

მასიური ბინათმშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბურთალოს ხედი ნუცუბიძის პლატოდან.

1950-იანი წლების დასაწყისში ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის ხუროთმოძღვრებაში გარდატეხა შეიმჩნევა. 1950-იანი წლების II ნახევრიდან საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო ძირითადად დიდ, თავისუფალ ტერიტორიაზე; განაშენიანება ხდება ტიპობრივი პროექტებით, ინდუსტრიული მეთოდებით, ასაწყობი კონსტრუქციებით.

განაშენიანდა საბურთალო (მშენებლობა დაიწყო 1956, ფართ. 330 ჰა, 45 ათ. მცხოვრებისათვის, ავტორები ა. ბაქრაძე, დ. გრძელიძე, ი. და შ. ყავლაშვილები), დიღომი (მშენებლობა დაიწყო 1960, 150 ჰა, 25 ათ. მცხოვრებისათვის, ავტორები ნ. მიქაძე, ი. მოსულიშვილი, ი. ჩხენკელი) და სხვა. მიმდინარეობს გლდანის საცხოვრებელი მასივის ინტენსიური განაშენიანება (მშენებლობა დაიწყო 1974, 745 ჰა, 147 ათ. მცხოვრებისათვის, ავტორები თ. ბოჭორიშვილი, ბ. გელდიაშვილი). საბჭოთა წყობილების უკანასკნელ სამ ათწლეულში (60-80-იანი წლები) აშენდა: ადმინისტრაციული სახლები - "ცეკავშირის" (ამჟამად ???, 1971, არქიტ. გ. მელქაძე, ნ. ქვარცხავა), საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საინჟინრო კორპუსი (1976, არქიტ. გ. ჩახავა, ზ. ჯალაღონია); სპორტული და თეატრალურ-სანახაობითი თბილისის სპორტის სასახლე (1961, არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ი. კასრაძე, ინჟ. დ. ქაჯაია), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი (1971, არქიტ. ი. ჩხენკელი, კონსტრუქტორი შ. გაბაშვილი), საქართველოს მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები (1971, არქიტ. ლ. მამალაძე, ვ. ნასარიძე, ჯ. პაპინაშვილი, ვ. ფეიქრიშვილი), ჭადრაკისა და ალპური კლუბი (1973, არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. ღუდუშაური); სასტუმროები - "კოლხეთი" (1962, არქიტ. თ. თევზაძე, ნ. ჯობაძე), "ივერია" (1967, არქიტ. ო. კალანდარიშვილი, ი. ცხომელიძის მონაწილეობით), "აჭარა" (1975, არქიტ. მ. მელია); სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1967, არქიტ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, გ. გაბაშვილი), უნივერსიტეტის ახალი კორპუსი (1968, არქიტ. ს. ბეჟანოვი, შ. კაჭკაჭიშვილი, მ. შავიშვილი, მ. შუბლაძე), ნიადაგთმცოდნეობის, აგროქიმიის, მელიორაციისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები (1967, არქიტ. თ. ალავერდაშვილი, მ. კაკაბაძე), მეცნიერებათა აკადემიის ცემტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა (1969, არქიტ. გ. ლეჟავა, ი. ლიბერმანი), საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტი (1970, არქიტ. გ. ლეჟავა, ვახტანგ ცუხიშვილი) და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (1975, არქიტ. ლ. კილაძე); სამკურნალო დაწესებულებები - კურორტოლოგიის ინსტიტუტი (1958, არქიტ. ი. ზაალიშვილი), 1200-ადგილიანი რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო (1974, არქიტ. კ. ალექსანდროვი, შ. კაჭკაჭიშვილი, გ. კვიტატიანია, ა. უსკოვი), ოტოლარინგოლოგიური კლინიკა (1975, არქიტ. ვ. აბრამიშვილი, გ. მირიანაშვილი, ლ. ჯანდიერი); სატრანსპორტო ნაგებობანი - ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1971, არქიტ. გ. ბათიაშვილი, ტ. ქუტათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი), ავტოვაგზალი (1973, არქიტ. რ. კიკნაძე, შ. ყავლიშვილი, ვ. ქურთიშვილი, მზატვარი ზ. წერეთელი); უნივერმაღი "თბილისი" (1975, არქიტ. რ. ბაირამაშვილი, დ. მორბედაძე, ლ. მეძმარიაშვილი, თანაავტორი ბ. გორდეზიანი) და სხვა.

მესამე გენგეგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მესამე გენერალური გეგმა, ძირითადი ნახაზი.
სივრცული თაღები, კომპოზიცია დაუსრულებელი პროექტიდან „თაღედის სამრეკლო“. არქიტექტორები: ო. კალანდარიშვილი, გ. ფოცხიშვილი. რესპუბლიკის მოედანი, 1989.

1971 წელს დამტკიცდა თბილისის მესამე გენერალური გეგმა (1980-2000 წლებისათვის; არქიტ. გ. შავდია, ი. ჩხენკელი, გ. ჯაფარიძე, ა. ჯიბლაძე, ეკონომისტები ი. ბოლქვაძე, ლ. ლორთქიფანიძე). წინა გენგეგმებისაგან განსხვავებით, იგი ითვალისწინებდა ქალაქის ტერიტორიულ ზრდას არა მარტო გრძივი მიმართულებით, მდინარის აღმა, არამედ განივადაც - ჩრდილო-აღმოსავლეთით, „თბილისის ზღვის“ გარშემო. ახლებური ხედვა იყო გათვალისწინებული თბილისის ცენტრისთვის — ტრადიციულ გრძივ ღერძს (რუსთაველისა და დ. აღმაშენებლის პროსპექტები, სანაპიროები) ემატებოდა განივი სივრცობრივ-გეგმარებითი, მთაწმინდა-მახათის ღერძი.

ასეთი ქალაქგეგმარებითი პრინციპების მცდარობა გამოვლენილ იქნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იანი წლებში, გენგეგმის შემდგომი განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის – „ქალაქის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტის“ შეთანხმების მიზნით განხილვის დროს. პროექტი არ იქნა მიღებული.

პროექტის უარყოფის მიზეზი იყო არა მისი შეუსაბამობა გენგეგმასთან, ან შესრულების არასაკმარისი ხარისხი, პირიქით, პროექტის შესრულების საკმაოდ მაღალი ხარისხის მიუხედავად დაწუნებულ იქნა ცენტრის პროექტში ასახული გენგეგმის ის ძირითადი პრინციპები, რომელთა სივრცით–ტერიტორიული განვითარების არაორგანულობა და არარეალურობა განვლილი დროის იმ მცირე მონაკვეთში იქნა გააზრებული და გამოავლენილი: მათ შორის ცენტრის განვითარების არასწორი მიმართულება; ჰიპერტროფიული სატრანსპორტო კვანძები; მაგისტრალების სიუხვე და თბილისის ზღვის ფლანგებზე გაშლილი, ცენტრს მოწყვეტილი საცხოვრებელი მასივების მშენებლობის არარენტაბელობა და სხვა. რის საფუძველზეც უარყოფილ იქნა ქალაქისათვის ორგანული, გარე სოციალურ–ეკონომიკურ კავშირებზე ორიენტირებული ხაზოვანი გეგმარებითი სტრუქტურა.

შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო ნათლად გამოვლინდა ქალაქის ექსტენსიურ განვითარებაზე ორიენტირების მცდარობა და მიმდინარე სოციალურ–ეკონომიკურ რეალობასთან ერთობლიობაში დაისახა ქალაქის ინტენსიური განვითარების გზით, ე.ი. შიდა რესურსების გამოყენების მიმართულებით პროექტირება.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ გამოდგება ამონარიდები „ქალაქის ცენტრის დეტალური დაგეგმარების პროექტის“ ექსპერტიზიდან:


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


ძეგლები და მონუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა დროს თბილისში დაიდგა ძეგლები და მონუმენტები: ალექსანდრე პუშკინის (1892, მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩი), ნიკოლაი გოგოლის (1904, მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩი), აკაკი წერეთლის (1922, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე), ეგნატე ნინოშვილის (1922, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე), ბორის ძნელაძის (1929, მოქანდაკეები რუბენ თავაძე, კონსტანტინე მერაბიშვილი; 1958 ჩამოისხა ბრინჯაოსაგან, გაუკეთდა ახალი კვარცხლბეკი; არქიტ. გივი მელქაძე, შოთა ყავლაშვილი), ლადო კეცხოველის (1936, მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძე), სერგეი კიროვის (1936, მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილი), შოთა რუსთაველის (1942, მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილი, არქიტ. შ. თულაშვილი), ივანე ჯავახიშვილის (1953, მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილი, არქიტ. კიაზო ნახუცრიშვილი), ვლადიმერ ლენინის (1956, მოქანდაკე ვალენტინ თოფურიძე, გია ჯაფარიძის მონაწილეობით, არქიტ. გივი მელქაძე, შოთა ყავლაშვილი, კონსტანტინე ჩხეიძე, გერა ხეჩინაშილი), სიმონ ტერ-პეტროსიანის (კამო) (1956, მოქანდაკე ირაკლი ოქროპირიძე, არქიტ. კიაზო ნახუცრიშვილი), კონსტანტინე ლესელიძის (1945, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე), "ქართვლის დედა" (1958, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი), ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის (1958, მოქანდაკეები შოთა მიქატაძე, ვალენტინ თოფურიძე, არქიტ. გივი მელქაძე), ალექსანდრე გრიბოედოვის (1961, მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი, არქიტ. გივი მელქაძე), ვახტანგ გორგასლის (1967, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტ. თეიმურაზ კანდელაკი, დ. მორბედაძე), დავით გურამიშვილის (1965, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი), ზაქარია ფალიაშვილის (1971, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტ. ალექსანდრე ბაქრაძე), ვაჟა-ფშაველას (1973, მოქანდაკე გოგი ოჩიაური, არქიტ. რამაზ კიკნაძე, თეიმურაზ მიქაშავიძე), ივანე თარხნიშვილის (1971, მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილი), მაქსიმ გორკის (1973, მოქანდაკე ა. თოფურიძე, არქიტ. ოთარ ლითანიშვილი), ნიკო ფიროსმანის (1975, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტ. ნოდარ მგალობლიშვილი), რაფიელ ერისთავის (1975, მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, არქიტ. გიორგი მირიანაშვილი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917), ტ. 1-2, თბ., 1960-1963;
  • თბილისი. ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., 1957;
  • თბილისის ისტორია, შ. მესხის რედ., თბ., 1958;
  • კარბელაშვილი მ., კინწურაშვილი ს., ჯანბერიძე ნ., თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1958;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები  : 8 ტომად / ტ. 1-2; 4-6. [სარედ. კოლ.: გ. მელიქიშვილი (მთ. რედ.), ი. ანთელავა, ვ. დონდუა და სხვ.] ; საქ. სსრ მეცნ. აკად., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭო - თბ. : საბჭ. საქართველო, 1970 - ; 23სმ.,
  • ტყეშელაშვილი ო., თბილისის მეგზური, თბ., 1960;
  • Цинцадзе В., Тбилиси. Архитектура старого города и жилые дома первой половины ХИХ столетия, Тб., 1958;
  • კინწურაშვილი ს., ქსე, ტ. 4, გვ. 599, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]