თბილავიამშენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილავიამშენი
Tbilisi, Georgia — Tbilisi Aviation Factory („Delta“) front view.jpg
თბილავიამშენი
აბრევიატურა

„თამ“

დაარსების თარიღი

15 დეკემბერი, 1941

ტიპი

შერეული

იურიდიული სტატუსი

სს[1]

მიზანი/მიმართულება

სამოქალაქო ავიამშენებლობის და სხვა საავიაციო მომსახურების განვითარება.

ადგილმდებარეობა

საქართველო, თბილისი, 0136, ბ. ხმელნიცკის ქ. 181

ემსახურება რეგიონს

საქართველო; დსთ-ს, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და ყოფილი სოციალისტური ქვეყნები.

გენერალური დირექტორი

პანტიკო თორდია[2]

აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე

შალვა ამირეჯიბი

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ნონა თორდია

მნიშვნელოვანი პირები

გოჩა გოგუაძე, რობერტ პაპანდოპულოვი, რომან იჩქიტიძე, რაჟდენ კუხიანიძე

მთავარი ორგანო

აქციონერთა საერთო კრება;
მმართველი – დირექტორთა საბჭო[3]

მშობელი ორგანიზაცია

შპს „თბილავიამშენი“
(თამ ჯგუფი)

თბილავიამშენი (ყოფილი „თბილისის საავიაციო ქარხანა“) — სააქციო საზოგადოება „თამ“ (თბილავიამშენი)[3], მანქანათმშენებლობის ყველაზე მსხვილი კომპანია კავკასიაში, ძირითადი საქმიანობის სფერო - თვითმფრინავმშენებლობა. 2005 წლიდან სხვადასხვა საწარმოებთან ერთად თამ ჯგუფის შემადგენლობაში[4]. ბიზნესის დივერსიფიკაციისა და საბაზრო მოთხოვნებთან უკეთ ადაპტირების მიზნით კომპანიამ 90-იანი წლებიდან დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო პროდუქციის წარმოება, ხოლო მოგვიანებით სამოქალაქო ავიამშენებლობის მზარდ სეგმენტში ინვესტირება.

ისტორია[რედაქტირება]

შეიქმნა როგორც სახელმწიფო საავიაციო ქარხანა 1941 წლის 15 დეკემბერს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ტაგანროგისა და სევასტოპოლის (უკრაინა) საავიაციო ქარხნები თბილისში იქნა ევაკუირებული. ევაკუაციის შემდეგ სულ მალე თბილისის საავიაციო ქარხანამ წარმოებაში გაუშვა პირველი მოიერიშე თვითმფრინავი ლაგგ-3. ომის პერიოდში ქარხანა სსრკ-ს საჰაერო ძალებისთვის უშვებდა ასევე ლა-3 და იაკ-3 მოდელებსაც. ამ პერიოდში ეს ქარხანა მოიერიშე თვითმფრინავების ერთადერთი მიმწოდებელი იყო კავკასიის ფრონტისთვის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქარხანამ მჭიდრო კავშირები დაამყარა სსრკ-ის სხვა საავიაციო საწარმოებთან და 1946 წელს დაიწყო პირველი საბჭოთა რეაქტიული მოიერიშე იაკ-15-ის გამოშვება, მას მოჰყვა იაკ-17, იაკ-23 და ორადგილიანი საწვრთნელი რეაქტიული იაკ-23. 1950-იანი წლებიდან ქარხანამ დაიწყო მიქოიანის მიგ-15 და მიგ-17 მოიერიშე თვითმფრინავების წარმოება. 1957 წლიდან იწყებს ორადგილიანი საწვრთნელ-მოიერიშე თვითმფრინავის მიგ-21 და მისი მოდიფიკაციების წარმოებას, რომელიც 25 წლის განმავლობაში დარჩა კონვეიერზე. ამავე პერიოდში ქარხანამ დაიწყო ჰაერი-მიწა ტიპის რაკეტა კ-10 წარმოება.

თბილავიამშენის ლოგო

1979 წელს ქარხანამ გამოუშვა პირველი სერიული სუ-25. დღემდე "Frogfoot" სუ-25-ის ტიპის 800-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის თვითმფრინავი მიაწოდა ქარხანამ მსოფლიოს სხვადასხვა ქყვენის დამკვეთებს. ეს მოდელი დღემდე რჩება ქარხნის მთავარ სპეციალიზაციად. 1980-იან წლებში ქარხანა მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა სივრცის პროგრამაში "ბურანი" (კოსმოსური შატლის საბჭოთა ანალოგი), რისთვისაც სხვადასხვა ნაკეთობების მიმწოდებელი იყო. 1990-იანი წლებიდან ქარხანა ასევე აწარმოებდა ჰაერი-ჰაერი ტიპის რ-60 და რ-73 მართვად რაკეტებს (წელიწადში 6000 რაკეტა). 1990-იანი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მეცნიერულ წარმატებას წარმოადგენს თბილავიამშენსა და საქართველოს კოსმოსური ნაგებობის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - მოძრავი ანტენა-რეფლექტორის დაპროექტება და დამზადება, რომლის პირველი წარმატებული გამოცდა რუსულ კოსმოსურ სადგურ „მირზე“ განხორციელდა.

2004 წლამდე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოს სახით არსებობდა. 2005 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვის წესით დაახლოებით $67 მლნ გადაეცა საწარმოს კოლექტივს, შპს „თბილავიამშენს“ (დ. 2003)[5][6]. ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება „თამ“ (თბილავიამშენი), მთავარი საქმიანობის სფერო - თვითმფრინავმშენებლობა (პრივატიზაციის პირობის თანახმად).

2010 წლის 1 ივლისს გაკეთდა თავდაცვის სამინისტროს და თბილავიამშენის ერთობლივი განცხადება, რომ სააქციო საზოგადოების ძირითადი მფლობელი შპს „თბილავიამშენი“ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის სსიპ-ის სტატუსით, რაც სამხედრო-სარემონტო-სამრეწველო კომპლექსის შექმნას გულისხმობს. გადაწყვეტილება დიდი ხნის თანამშრომლობით და სახელმწიფო კონტრაქტების პრივილეგირებით აიხსნა (ეს უკანასკნელი პრივატიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო)[7][8][9].

სტრუქტურა და მენეჯმენტი[რედაქტირება]

საწარმოში ამჟამად დასაქმებულია დაახ. 2300 ადამიანი. მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001-2000. კომპანიამ ბოლო დროს საკუთარი მოწყობილობა/დანადგარების მოდერნიზაცია და კომპიუტერიზაცია მოახდინა, რაც უფრო თანამედროვე დიზაინის პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

თბილავიამშენის მფლობელობაში რამდენიმე საამქრო და ლაბორატორიაა:

  • მეტალურგიული საწარმო
  • შტამპური კვერვის საწარმო
  • მექანიკური დამუშავების საწარმო
  • თვითმფრინავის საბოლოო ასაწყობი საწარმო
  • საფრენ-საცდელი საწარმო (2500მX80მ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით)
  • სპეციალური აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების საწარმო
  • საქარხნო ლაბორატორიები
  • საცდელ–საკონსტრუქტორო ბიურო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ინფორმაცია გადამხდელის შესახებ. საგადასახადო აღრიცხვის და 2006 წლის 1 ივლისიდან სამეწარმეო რეესტრის საძიებო სისტემა [1]. www.mof.ge. წაკითხვის თარიღი: 2010-07-18.
  2. მენეჯმენტი. თბილავიამშენი. წაკითხვის თარიღი: 2010-07-18.
  3. 3.0 3.1 წესდება (ახალი რედაქცია) (pdf). საზოგაოდების წესდება pp. 19. თბილავიამშენი (2005-12-22). წაკითხვის თარიღი: 2010-07-18.
  4. TAM-GROUP (2008). წაკითხვის თარიღი: 2010-07-18.
  5. ლელა კუნჭულია. “”თბილავიამშენი” პირდაპირი წესით გაიყიდება“, ახალი ამბები - ეკონომიკა, რადიო თავისუფლება, 2004-11-03. წაკითხვის თარიღი: 2010-07-18. 
  6. “თბილავიამშენის“ პრივატიზების პროექტი მთავრობამ მოიწონა“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 2004-11-03. წაკითხვის თარიღი: 2010-07-18. 
  7. "თბილავიამშენი" თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა“, ახალი ამბები, Expert Club (საქართველოს ექსპერტთა კლუბი), 2010-07-01 (15:30). წაკითხვის თარიღი: 2010-07-18. 
  8. ”თბილავიამშენი” თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის“, ახალი ამბები, სივილ ჯორჯია, 2010-07-01. წაკითხვის თარიღი: 2010-07-18. 
  9. ეკა ქევანიშვილი. “რა უნდა ”თბილავიამშენს” თავდაცვის სამინისტროში?“, ახალი ამბები - პოლიტიკა / საქართველო, რადიო თავისუფლება, 2010-07-01. წაკითხვის თარიღი: 2010-07-18.