თავისუფლების ლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"თავისუფლების ლიგა" (იგივე "საქართველოს თავისუფლების ლიგა"), ერთ-ერთი პირველი ქართული ეროვნულ-პოლიტიკური, მემარჯვენე მიმართულების ორგანიზაცია და პირველი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელმაც წამოაყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ლოზუნგი ჯერ კიდევ 1890-იანი წლების დამდეგს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაცია შეიქმნა 1892 წელს, რუსეთისა და ევროპის უნივერსიტეტების ეროვნულად განწყობილი ქართველი სტუდენტების მიერ. კერძოდ, მასში გაერთიანდნენ ვარშავის, კიევის, პეტერბურგის, მოსკოვის, ხარკოვის, ოდესის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ შემდგომში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწენი: გიორგი გვაზავა, გიორგი დეკანოზიშვილი, არჩილ ჯორჯაძე, თედო სახოკია, იაკობ ფანცხავა, ნიკო ჯაყელი, მიხეილ ხელთუფლიშვილი, ვახტანგ ღამბაშიძე, ივანე ელიაშვილი და სხვანი.

ლიგის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა 1892 წლის 26-29 ივნისს, ქუთაისში. ორგანიზაციის დაფუძნებას აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ დროს უკვე კარგად ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: ქართველ 60-იანელთა თაობის გამოჩენილი წარმომადგენელი, მწერალი კირილე ლორთქიფანიძე, ლიტერატორი დავით მიქელაძე (ლიგის დამფუძნებელი ყრილობის ერთ-ერთი სხდომა მის ბინაზე ჩატარდა), პედაგოგი სილოვან ხუნდაძე და სხვ. დაარსებისთანავე ლიგის უპირველეს ამოცანად იქცა პოლიტიკური ბრძოლა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად, რისთვისაც ორგანიზაციის წევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფართო ახსნა-განმარტებითი მუშაობის გაშლას საზოგადოებაში და მჭიდრო კავშირს ცარისტული რუსეთის მიერ დაყმევებულ და თავისუფლებისათვის მებრძოლ სხვა ერებთან (უკრაინელებთან, პოლონელებთან, ბალტიისპირეთის ხალხებთან, კავკასიის ხალხებთან).

ორგანიზაციის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა: 1893 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში ჟანდარმერიამ დააპატიმრა ლიგის ხელმძღვანელები. გამოძიება გაგრძელდა 1896 წლის დამდეგამდე. მიუხედავად ხანმოკლე ისტორიისა, ლიგამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს მთელ შემდგომ განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. მისმა აქტიურმა წევრებმა მოგვიანებით (1904) შეადგინეს ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ძირითადი ბირთვი. ლიგის ყოფილ წევრთა ნაწილის აქტიური მონაწილეობით კი 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.

საბჭოთა შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ თავდაყირა დააყენა ლიგის საქმიანობა და ამ ორგანიზაციის იდეოლოგიური საფუძვლები, საარქივო მასალების მონაცემები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ზ. შველიძის ნაშრომები (მონოგრაფია "რევოლუციური ორგანიზაცია "თავისუფლების ლიგა"" (1969) და "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" (ქსე) მე-4 ტომში (1979) გამოქვეყნებული სტატია "თავისუფლების ლიგა"), რომლებშიც, საბჭოთა კონიუნქტურის შესაბამისად, იქნა განხილული ლიგის მიზნები და საქმიანობა. ავტორის მთელი გულისყური ეთმობა იმის მტკიცებას, რომ ლიგა წარმოადგენდა ახალგაზრდობის ფარულ "რევოლუციურ-რაზნოჩინულ" ორგანიზაციას. ამასთან, ლიგის საქმიანობაზე საუბრისას ავტორი ცდილობს წარმოაჩინოს ორგანიზაციაში ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთი ლიდერის ფილიპე მახარაძის წამყვანი როლი. თუმცა, ქართველ სტუდენტთა ვარშავის წრეში ყოფნა ვერ გამოდგა ამის დამადასტურებელი არგუმენტი. ქსე-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ზ. შველიძე უფრო შორს წავიდა. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ლიგამ "თვალსაჩინო როლი ითამაშა ამიერკავკასიაში განმათავისუფლებელი მოძრაობის რაზნოჩინული ეტაპიდან პროლეტარულზე გადასვლაში". აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფ. მახარაძე თავის მოგონებებში კატეგორიულად ემიჯნება ლიგას, როგორც "ნაციონალისტურ" და "წვრილბურჟუაზიულ" ორგანიზაციას.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ეროვნული არქივის სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 157, აღწ. 1, საქ. 430;
  • იქვე, ფონდი 12, აღწ. 13, საქ. 438.
  • გიორგაძე გ., თვითმპყრობელობა და რევოლუცია. საბუთები რევოლუციური მოძრაობის ისტორიისათვის საქართველოში (1870-1902), წგნ. 1, ტფ., 1929

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრ. გიორგაძე, საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში ბატონყმობის გადავარდნიდან პირველ რევოლუციამდე. 1864-1905, ტფილისი, 1928, გვ. 499-501;
  • მახარაძე ფ., როგორ გავხდი მარქსისტი, ტფ., 1923;
  • ონიანი გ., რუსეთის დემოკრატიული ინტელიგენცია XIX საუკუნის დამლევსა და XX საუკუნის დამდეგს, ტ. 1, თბ., 1960;
  • ზ. შველიძე, რევოლუციური ორგანიზაცია "თავისუფლების ლიგა", თბილისი, 1969;
  • ზ. შველიძე, "თავისუფლების ლიგა".- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.4, თბილისი, 1979, გვ. 569;
  • ალ. ბენდიანიშვილი, ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801-1921, თბილისი, 1980, გვ. 153-164;
  • ავტორთა კოლექტივი, საქართველოს ისტორია. XIX საუკუნე (სახელმძღვანელო თსუ-ის სტუდენტებისათვის), თბილისი, 2004, გვ. 212-214.
  • ლ. ურუშაძე, გიორგი დეკანოზიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის ("საქართველოს თავისუფლების ლიგა" და "საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია", 1890-1906).- ჟ. "საისტორიო ვერტიკალები", N 13, თბილისი, 2007.
  • ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოშიო, ტ. 1, ტფ., 1927;