თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის ლოგო

თავისუფალი უნივერსიტეტის პრომო-ფოტო
დაფუძნდა 2007 წელი
ტიპი კერძო
რექტორი პროფესორი გურამ ჩიქოვანი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მისამართი აღმაშენებლის ხეივანი 240, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი
კამპუსი 1
ტელეფონი +(995 32) 220-09-01 - საინფორმაციო.

თავისუფალი უნივერსიტეტი — კერძო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც 2007 წელს ცოდნის ფონდმა დააფუძნა, რომლის დამფუძნებელიცაა კახა ბენდუქიძე. შემოიერთა ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტები და დაფუძნებისთანავე გახდა ლიდერი ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მომდევნო წლებში უნივერსიტეტს დაემატა რამდენიმე სკოლა: სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა, ფიზიკის სკოლა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა და მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა. უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა კახა ბენდუქიძე, კანცლერი - ვახტანგ ლეჟავა, ხოლო, რექტორი - პროფესორი გურამ ჩიქოვანი. უნივერსიტეტს ინფრასტქრუქტურა ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს. თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული პროგრამები. 2014 წლის მონაცემებით სასწავლებელში 1 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს[1]

ფაკულტეტები[რედაქტირება]

ბიზნესის სკოლა (ESM)[რედაქტირება]

ბიზნესის სკოლა (ESM) შეიქმნა 1992 წელს. 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. მიღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს ფინანსების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კონცენტრაციით. ბიზნესის სკოლის სტუდენტს ძირითადი სპეციალობის გარდა შეუძლია შეისწავლოს დამატებითი სპეციალობა (მაინორი).[2]

ბიზნესის სკოლის სტუდენტები ეუფლებიან ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს, სწავლობენ ბიზნესის ენას, გამოიმუშავებენ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნესსა და მართვაზე. იღებენ საბაზო ცოდნასა და უნარებს ბიზნესის ძირითად ფუნქციონალურ მიმართულებებში − მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსებში, ადამიანური რესურსებისა და ოპერაციების მართვაში. იძენენ ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ანალიტიკურ უნარებს.

სასწავლო პროგრამის ნაწილია სიმულირებული და გათამაშებული ბიზნესის პროექტები. საგანი ბიზნესი მოქმედებაში. მეოთხე კურსზე სტუდენტები სავალდებულო პრაქტიკას გადიან რომელიმე ორგანიზაციაში.

ESM-ის საბაკალავრო პროგრამა შედგენილია წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლების გამოცდილების გათვალისწინებით. ბიზნესის სკოლის ტრადიციაა სტუმრის დღე, რომელზეც წარმატებულ ბიზნესმენებს ვიწვევთ. ისინი სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. სტუმრის რანგში, ხშირად ESM- ის კურსდამთავრებულები არიან, რომელთაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ბიზნესში, − არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.

სკოლა სტუდენტებს სამ კონცენტრაციას სთავაზობს:

სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

ბიზნესის სკოლა ESM-ს აქვს ორი სამაგისტრო პროგრამა:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA) სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. პროგრამა განახლდა 2009 წელს, დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს თეორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს რეალურ დროში პრაქტიკაში.[2] პროგრამა უზრუნველყოფს მმართველისთვის აუცილებელი ლიდერის თვისებების განვითარებას თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა–გაღრმავების გზით. მასში გათვალისწინებულია დღევანდელი ბიზნესის სირთულეები და მათი დაძლევის გზები. სწავლის ასეთი მიდგომა ავითარებს პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას; ამზადებს სტუდენტებს ყოველდღიური გამოწვევებისათვის, რომლებიც ბიზნესის წარმოებას თან ახლავს. სამაგისტრო პროგრამა დაყოფილია ოთხ სასწავლო მოდულად. ყოველი მოდულის ბოლოს მსმენელები ინდივიდუალურად აკეთებენ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებულ, მოდულის თემატიკის შესაბამის, ინტეგრირებულ პროექტს, ხოლო მეოთხე მოდულის დასრულების შემდეგ – სადიპლომო პროექტს.
  2. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM.) პროგრამა ორიენტირებულია ოპერაციების მენეჯერებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენა–განვითარებაზე. ეს კი – შესაბამისი პროცესების განხორციელებისთვის საჭირო თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისებისა და სიმულაციების გამოყენებით მიიღწევა. პროგრამის ფარგლებში ისწავლება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: მიწოდების ჯაჭვის, მარაგების, სიმძლავრეებისა და ხარისხის მართვა. სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრებს. პროგრამა განახლდა 2009 წელს, დაემატა ბიზნესის პრაქტიკუმი, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს თეორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს რეალურ დროში პრაქტიკაში.[2]

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (ِِIAA)[რედაქტირება]

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დაარსდა 1991 წელს და 2007 წელს შევიდა თავისუფალი უნივერსიტეტის შემადგენლობაში. დაარსების პირველივე წლებიდან ინსტიტუტი თანამშრომლობს აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან.[3]

აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, რომლებიც სრულყოფილად შეისწავლიან ახლო და შორეული აღმოსავლეთის ენებს, ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ახლო და შორეული აღმოსავლეთის მიმართულებებს. სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობებს და ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ენას, ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას. აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ისწავლება არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული, თურქული, ჰინდი. ენების შესწავლა ხდება უახლესი აუდიო – ვიდეო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.[3] 2013 წლიდან აზიისა და აფრიკის საბაკალავრო პროგრამას დაემატა დასავლური მიმართულებებიც: ესპანური, ფრანგული და გერმანული. სტუდენტები გადიან სტაჟირებას აღმოსავლეთის ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში.

ჩინეთის მთავრობის მონაწილეობით თავისუფალ უნივერსიტეტში შეიქმნა კონფუცის ინსტიტუტი, რომელიც ჩინური ენის შესაბამისი დონის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა HSK სერთიფკატი (ჩინური ენის დონის დამადასტურებელი საბუთი). საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი.

სამართლის სკოლა[რედაქტირება]

სამართლის სკოლა შეიქმნა 2009 წელს. სკოლა ამზადებს სამართალმცოდნეებს, რომელთაც ექნებათ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტიკული უნარჩვევები. ისინი შეძლებენ მუშაობას წამყვან თანამდებობებზე იურიდიულ ფირმებში, საჯარო სექტორში, სასამართლო სისტემასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.[4]

სამართლის სკოლაში სამართლის შესწავლა და ანალიზი არ შემოიფარგლება ლექციებითა და სემინარებით და გრძელდება სამართლის კლინიკებში, სამეცნიერო ჟურნალებისათვის დაწერილ სტატიებში, იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა და საჯარო ლექციებზე გამართულ დებატებში.

სამართლის სკოლაში 2011 წლიდან ფუნქციონირებს ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრი. ცენტრი არის სამართლის სკოლისა და მისი პარტნიორის, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, კანზასი, აშშ, ერთობლივი პროექტი, რომელიც ემსახურება ბიზნესის სამართლის შესწავლითა და კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სამართლის პროფესორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამართლის სკოლის პროგრამა მოიცავს, როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებებს და ფოკუსირებულია კერძო (ბიზნეს) სამართალზე. სამართალმცოდნეობის გარდა, სტუდენტებს შეუძლიათ შეიძინონ დამატებითი სპეციალობა (მაინორი).[4]

კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS)[რედაქტირება]

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცინერებათა და მათემატიკის (MACS) სკოლა შეიქმნა 2009 წელს და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო 2010 წელს. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს 2 საბაკალავრო პროგრამას:

  • კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა;
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია;

MACS–ის სკოლას გააჩნია სამი ძირითადი მიზანი:

  • MACS-ის სკოლის კურსდამთავრებულები მზად უნდა იყვნენ დასაქმებისთვის;
  • MACS–ის სკოლის კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ მზად მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურის გასაგრძელებლად კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით;
  • MACS–ის სკოლის კურსდამთავრებულებმა უნდა შეძლონ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.[5]

საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად, სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს ეუფლებიან. მუშაობენ თავისუფალი უნივერსიტეტის IT სასწავლო ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია ძირითადი პლატფორმების სერვერებით, ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით, პროგრამირებადი რობოტექნიკით, სამგანზომილებიანი საბეჭდი მოწყობილობით.[5]

MACS–ის სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ პოზიციებზე რომელიც დაკავშირებულია პროგრამული ინჟინერიის ნებისმიერ ასპექტთან, ინფორმაციული ტექნოლოგიის მენეჯმენტთან და სხვ.[5]

სტუდენტებს ექნებათ დამატებითი სპეციალობების შესწავლის შესაძლებლობა.[5]

ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კარნეგი მელონი, ილინოისის უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტი) სასწავლო პროგრამების ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული სასწავლო პროგრამის გავლისას სტუდენტები სწავლობენ რამდენიმე ფართოდ გამოყენებულ პროგრამულ ენას (C++, Java, Matlab). წერენ ალგორითმებს და ახდენენ ინჟინერიის მრავალი პრაქტიკული ამოცანის პროგრამირებას. სტუდენტები მიიღებენ საფუძვლიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელექტრონიკაში, სიგნალების კომპიუტერულ მოდელირებაში, თანამედროვე ხელსაწყოების შექმნისას გამოყენებული ელექტრო-ტექნიკური მასალების შესახებ და ა.შ. ამასთან ერთად დიდ დროს ატარებენ თავისუფალი უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებში, რომლებიც აღჭურვილია ძირითადი პლატფორმების სერვერებით, ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით, პროგრამირებადი რობოტექნიკით. სტუდენტები საკუთარი ხელით აწყობენ და კომპიუტერით მართავენ ელექტრო-ხელსაწყოებს.[5]

ფიზიკის სკოლა[რედაქტირება]

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას ფიზიკაში. ამ სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ ფიზიკის ბაკალავრის ხარისხს. გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ დამატებითი სპეციალობები (მაინორები). თანამედროვე პროგრამებზე დაფუძნებულ ლექცია–სემინარებს კითხულობენ გამოჩენილი მეცნიერები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.[6]

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, პირველი 10 საუკეთესო აბიტურიენტიდან 5 თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში სწავლობს. ასევე, ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 4 და საერთაშორისო სამეცნიერო ტურნირში გამარჯვებული 3 ახალგაზრდა ამ სკოლის სტუდენტია.

თავისუფალი უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს ფიზიკაში, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან. ფიზიკის სკოლის სტუდენტები იღებენ საფუძვლიან თეორიულ ცოდნას ფიზიკის ფუნდამენტურ მიმართულებებში, ატარებენ ცდებს ფიზიკის თანამედროვე ლაბორატორიაში და აქტიურად არიან ჩართულნი კვლევით სამუშაოებში.[6]

ფიზიკის სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ, გააგრძელონ სწავლა ფიზიკის სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ისინი ჩართულები იქნებიან მაღალანაზღაურებად კვლევით საქმიანობაში.

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა[რედაქტირება]

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის პროგრამას საფუძვლად უდევს ლიბერალური განათლება კურიკულუმი, რომლის საშუალებითაც სტუდენტები იღებენ ფართო განათლებას ჰუმანიტარულ (ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია), ასევე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (ანთროპოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, საჯარო პოლიტიკის ანალიზი). ასევე ითვისებენ ბიზნესისა და სამართლის საფუძვლებს, დახელოვნდებიან პროექტების მართვასა და საჯარო ადმინისტრირებაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ შეუძლიათ კომპეტენტურად უხელმძღვანელონ ნებისმიერ პროექტს, იმუშაონ საერთაშორისო, სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციებში და ასევე მედიაში. გარდა ამისა, მიღებული ლიბერალური განათლება სტუდენტებს საგრძნობლად გაუადვილებს სწავლის გაგრძელებას ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.[7]

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა აყალიბებს კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე ახალგაზრდებს − მაღალი სამოქალაქო ცნობიერებითა და მზაობით ლიდერობისათვის. გარდა სასწავლო პროგრამისა, სწავლის განმავლობაში სტუდენტები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროექტში, გადიან სტაჟირებას, რაც მათ აძლევს ცოდნის გაღრმავებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებას. სტუდენტები აქტიურად ხელმძღვანელობენ სხვადასხვა საზოგადოებრივ და კულტურულ ღონისძიებას. მათი ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული და მედია კლუბები. ასევე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, შეიქმნა სტუდენტური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა შინაარსის სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტს.[7]

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა გამოირჩევა არა მხოლოდ ლიბერალური სასწავლო პროგრამით, არამედ სწავლებისადმი განსაკუთრებული მიდგომით, ე.წ. სოკრატეს მეთოდით, რომელიც მაღალი ხარისხის დასავლური საუნივერსიტეტო განათლების ტრადიციული საფუძველია. ეს მეთოდი ითვალისწინებს ლექტორისა და სტუდენტის თანასწორ სასემინარო მუშაობას, პირველადი წყაროების ღრმა კითხვასა და ანალიზს, ტექსტებისა და იდეების კრიტიკულ გააზრებას, კითხვის სწორად დასმის ხელოვნების დაუფლებას და ძველი იდეის ორიგინალურ და თანამედროვე ინტეპრეტაციას. ფუნდამენტური თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად, სტუდენტები დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს – აკადემიურ და შემოქმედებით წერის, წყაროების ღრმა ანალიზისა და დისკუსიის წარმოების ტექნიკას.[7]

სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი მიიღებს სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავშრის ხარისხს. გარდა ძირითადი სპეციალობებისა, სტუდენტებს ექნებათ დამატებითი სპეციალობების (მაინორების) შესწავლის შესაძლებლობა.[7]

ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა (VADS)[რედაქტირება]

თავისუფალ უნივერსიტეტს 2013 წელს კიდევ ერთი - ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა დაემატა, რომლის მიზანია სტუდენტებს მისცეს თანამედროვე განათლება. სკოლა შეიქმნა როდ აილენდის დიზაინის სკოლის, Carnegie Melon უნივერსტეტის და ევროპული სახელოვნებო სკოლების გამოცდილების გაზიარების მაგალითზე.

სკოლაში მოწვეული პროფესორები, წარმატებული ხელოვანები, კურატორები და გალერისტები რეგულარულად ჩაატარებენ ლექციებისა და workshop-ების კურსს. სკოლის ინტერესებშია, რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალფეროვანი სწავლების ფორმატის გაცნობა. იგეგმება სტუდენტების, პროფესორებისა და სხვა საერთაშორისო ხელოვანების გამოფენები. გამოფენები და მათი მოწყობის კულტურა სკოლის სასწავლო პროგრამისა და სილაბუსების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სწავლის პირველივე ეტაპზე სტუდენტები აწყობენ გამოფენებს, მუშაობენ პროექტებზე და პროფესორებთან ერთად ხდებიან მოქმედი არტსამყაროს თანამონაწილეები.

„საუკეთესო – საუკეთესოებს“[რედაქტირება]

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი ნიკოლოზ ქელბაქიანი, რომელმაც გრნატი „საუკეთესო – საუკეთესოებს“ 2012 წელს მოიპოვა.

უნივერსიტეტი საუკეთესო აბიტურიენტებს აჯილდოვებს სასწავლო გრანტებით. საუკეთესო აბიტურიენტებისთვის სასწავლო გრანტებს გასცემს ცოდნის ფონდი და დავით მიქელაძის მომავალ მეცნიერთა ფონდი. 2008 წლიდან დღემდე სასწავლო გრანტი გადაეცა 60 სტუდენტს, ხოლო ჯამურმა თანხამ შეადგინა 500 000 ლარი.[8]

  • გრანტის მიღება შესაძლებელია, თუ აბიტურიენტი იქნება პირველი საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;
  • გაიმარჯვებს მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადებში და გახდება თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი;
  • აირჩევენ ჯგუფელები პირველი სემესტრის შემდგომ (სტუდენტური არჩევანი).[8]

MACS სტუდენტთათვის – დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობა[რედაქტირება]

თანადაფინანსების სისტემის არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლის სტუდენტს საშუალება გექნება შენ მიერ პირველ სასწავლო წელს გადასახდელი თანხა გადაიხადო მომდევნო სასწავლო წლებში (სწავლის დასრულებამდე). დაფინანსების ყველა მოდელთან ერთად, დავით მიქელაძის ფონდიდან მიიღებ ერთწლიან სასწავლო გრანტს, თუ: ხარ ფიზიკის, მათემატიკის ან პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული (I, II და III ადგილი); ხარ ფიზიკის ან მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე.[8]

გარდამავალი დაფინანსება: „ისწავლე დღეს − ასწავლე ხვალ"[რედაქტირება]

თუ აირჩევ გარდამავალ დაფინანსებას, შეგეძლება ბაკალავრიატზე სწავლის დროს (4 წლის განმავლობაში) არ გადაიხადო სწავლის საფასური და შემდეგ კი 4 წლის მანძილზე დააფინანსო მომავალი თაობის სტუდენტების სწავლა. გარდამავალი დაფინანსების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება. 2010 წლიდან გარდამავალი დაფინანსებით უკვე სარგებლობს 423 სტუდენტი.[8]

დამატებითი კომპონენტი არათბილისელთათვის[რედაქტირება]

არათბილესელი სტუდენტი, რომელიც მიიღებს 100%–იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტს და თანახმაა ჩაერთოს უნივერსიტეტის საქმიანობაში - აკადემიურ, ადმინისტრაციულ ან კვლევით სამუშაოებში (კვირაში 5 საათი), 4 წლის განმავლობაში (წელიწადში 10 თვე), ცოდნის ფონდისგან მიიღებს დამატებით 200 ლარს თვეში რომლის საშუალებითაც, სწავლის პერიოდში, თბილისში ცხოვრებას შეძლებ. გადაწყვეტილებას დამატებით (თვეში 200 ლარიან) დაფინანსების თაობაზე ცოდნის ფონდი იღებს სტუდენტის სამოტივაციო წერილის საფუძველზე. ამ კომპონენტის სარგებლობის შემთხვევაშიც მოქმედებს გარდამავალი დაფინანსების პრინციპი – სწავლის დასრულების შემდეგ, 4 წლის მანძილზე დააფინანსებ მომავალი თაობის არათბილისელი სტუდენტების თბილისში ცხოვრებასაც.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]