ზურაბ ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

ზურაბ დავითის ძე ურუშაძე (დ. 22 აგვისტო, 1930, თბილისი) — ქართველი ბიოფიზიკოსი და პედაგოგი. კვანტური ბიოფიზიკის და ბიოელექტროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი, 1972), პროფესორი (1991).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფიზიკის ფაკულტეტი) და 1955-1958 წლებში იქვე მუშაობდა ერთ-ერთი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1958-1969 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ლაბორატორიაში. 1969-1972 წლებში მუშაობდა მოსკოვში, ელექტროქიმიის ინსტიტუტის თეორიულ კვლევათა განყოფილებაში, პროფ. რევაზ დოღონაძის (1931-1985) ხელმძღვანელობით. 1972-1978 წლებში ურუშაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ბიოფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. 1972 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თეორიული ფიზიკის დარგში (დისერტაციის დაცვა შედგა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტში), 1978 წელს კი უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდება ბიოფიზიკის სპეციალობით. 1978-1981 და 1983-1999 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის დოცენტად, ამავე კათედრის გამგედ (1983-1993) და პროფესორად. 1981-1983 წლებში ურუშაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და თეორიულ გამოკვლევათა განყოფილების გამგის (პროფ. რ. დოღონაძის) მოადგილე. 1981 წელს მას მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1991 წელს პროფესორის სამეცნიერო წოდებები. 1999-2006 წლებში, პენსიაზე გასვლამდე, იგი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის (მარნეული) საბუნებისმეტყველო დისციპლინების პროფესორი.

პროფ. რევაზ დოღონაძესთან ერთად ურუშაძე არის ბიოქიმიურ რეაქციათა ელემენტარული აქტის კვანტურ-მექანიკური თეორიის თანაავტორი (1971-1973). 1973 წელს პროფ. დოღონაძესთან და თანაავტორებთან ერთად მან შექმნა ფერმენტული კატალიზის მსოფლიოში პირველი კვანტურ-მექანიკური მოდელი. ბიოფიზიკაში შეტანილი წვლილისათვის რ. დოღონაძესთან ერთად შეყვანილია მსოფლიოს თვალსაჩინო ბიოფიზიკოსთა სიაში (იხ.: ინტერნეტის „ვორდიქ ენციკლოპედია“, ტერმინ-სტატია „ბიოფიზიკა“). ურუშაძეს გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა (მათ შორის 2 მონოგრაფია) კვანტური ბიოფიზიკის, ბიონიკისა და ნიადაგის ფიზიკის საკითხებზე. 1990 წელს გამომცემლობამ „განათლება“ გამოსცა მისი ფუნდამენტური სახელმძღვანელო მოლეკულურ ფიზიკაში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ რუსულ ენაზე გამოსცა მის მიერ შედგენილი, პროფ. დოღონაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კრებული. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა-გამოცემისა და მეცნიერების პოპულარიზაციის დარგში.

ზურაბ ურუშაძე არჩეულია: მეცნიერების, საინჟინრო საქმისა და ტექნოლოგიების მსოფლიო აკადემიის (აშშმალაიზია), ამერიკის ფიზიკური საზოგადოების მეცნიერთა უფლებების დაცვის კომიტეტის(აშშ), ელექტროქიმიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების (შვეიცარია), ევროპის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ასოციაციის, - ევრომეცნიერების (საფრანგეთი) წევრად . მისი მეუღლე გურანდა ღვალაძე — პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. შვილი ლევან ურუშაძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) აკადემიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი - საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]