ზურაბ არაგვის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზურაბ არაგვის ერისთავი (გ. 1629) — არაგვის ერისთავი 1620-1629, ძე ნუგზარ არაგვის ერისთავისა.

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1625 წლამდე იმყოფებოდა ირანში გიორგი სააკაძესთან ერთად. 1625 წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მხარში ედგა გიორგი სააკაძეს (ზურაბ არაგვის ერისთავის და რუსუდანი გიორგი სააკაძის მეუღლე იყო).

XVII საუკუნის ოციანი წლებიდან გაძლიერდა ზურაბ ერისთავი. ჯერ იყო და „დაუწყო კირთება მთიულთა და მოხევეთა და დაიპყრა იგინი“, შემდეგ ფშავ-ხევსურეთს შეესია, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ხალხმა აიძულა ხელი აეღო მათზე. ზურაბს ხევსურეთისაკენ პირველად ორწყლით გაულაშქრია, სადაც ფშავ-ხევსურეთის არაგვი ერთდგება:

ფშავის ორწყალში ჩავიდათ,

მანდ ომი მოგვიხდებისა,

მანდ მოვლენ ფშავნი, ხევსურნი,

ზურაბიც მაშავდებისა.

ზურაბს აქ ფშაველები შებრძოლებიან და ის ამ გზით ხევსურეთში ვერ შესულან. მაშინ ზურაბის ლაშქარს მთიულეთით შემოუვლია, გუდამაყრის ხეობით გადასულა ხევსურეთში ლიქოკის ხეობაში შეჭრილა:

ერისთავ შაჰყრის ლაშქარსა,

კანჭის ქედს დაგროვდებისა,

ლსახევსურეთოდ ჰგულავის,

არაგვძე შამადგებისა.

აკუშოს წინ-წინ მივიდა,

ხმა ლოქოკს გავარდებისა.

ლოქიკის ვიწრო და მაგარი ხეობა ზურაბს დიდხანს ვერ გაუტეხია და ლიქოკელებსაც ამ ბრძოლაში გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენიათ:

იანვარ წოწკოლაური,

მშვილდ დალზე გეზიდებისა,

ელიზბარ ფოცხვერიშვილი

„ხმალ, გაჭერ!“ გეუბნებისა.

ერისთვის აზნაურებსა

ყორბებ პწკლით ეპიზოდებისა!


გიხოცავთ აზნაურები

დაბლა, აკუშოს წყალობზედა,

უხიდოდ არ გაივალის,

მაგ სისხლის ალაზანზედა!

ხალხური თქმულებით ზურაბს ლიქოკის ხეობა დიდხანს ვერ გაუტეხია. მაშინ გაბრაზებულ ზურაბს განუზრახავს ლიქოკელების სალოცავზე „ხმალა ხატზე“ მდგარი ალვის ხის მოჭრა, რომ ამით ლიქოკელებზე შური ეძია. ეს ხმალა ხატი ყოფილა ლიქოკის ხეობის მისავალში ბარისახოს ბაკეზე. ალვის ხეს მირონი სდიოდაო და ამით ხალხს ნათლავდნენ. ზურაბის ლაშქარს ხე ვერ მოუჭრია, რადგან ყოველ ცულის დარტყმაზე ხე უფრო მაგრდებოდაო. მაშინ ერთ ღულელ არიშაულს ზურაბისათვის უსწავლებია, ალვის ხეს კატის სისხლი წაუსვით და მაშინვე წაიქცევაო.

ზურაბიც ასე მოქცეულა და ალვის ხეც მოუჭრიათ. ამის შემდეგ ლიქოკის ხეობას ადგილის ანგელოზი განშორდა და ზურაბმაც ახალიწელიწად დღეს ლიქოკის ხეობაც აიღოო. მხოლოდ სოფ. აკუშო ზურაბს მაინც ვერ გაუტეხია:

...სომეხასა მინდოდას წინ ვერვინ დაუდგებისა...

აკუშოს რად მოხვიდოდი, ზურაბ, არ იყავ ჭკვიანი,

ახლო მოხკიდავ ქუდნისლა, საძახებელა ტიალი,

მოგდიეს ვანხევამდია, მშვილნი მოგჭედეს რქიანნი,

მოგდევდეს, მოგაწუხებდეს, ხმალნი მოგწკეპდეს ფხიანნი.

ზურაბს ხევსურეთის დასაპყრობად მესამედაც გაულაშქრია. იგი ხევსურეთში ხევის გზით გადასულა და სოფ. როშკაში შეჭრილა:

როშკას ატირეს ციხენი,

ბლოს სახლნი ქვისთკირისა;

როშკი ხორხს ზურაბს ჩამოჯდა,

შუქნ ჩამოუშვან მზიანი.

ზურაბის ეს გამოლაშქრება მოულოდნელი ყოფილა და ხევსურებს მასთან პირდაპირ შებრძოლება ვერ გაუბედნიათ. ხევსურებს ზურაბისათვის ელჩები მიუგზავნიათ, შერიგება უთხოვიათ და ბეგარაც შეუძლევიათ:

სანეს დაგროდეს ხევსურნი:

პატრონი ვართ ადგილისანი,

ზურაბო, დაჯე, დაგვეხსენ,

ნარჩომნ ვართ შენის ხმლისანი,

თორემ ჩვენც შამოგეცდებით,

ხოჯეგნ კარს გვიდგან ღვთისანი,

მოგვლენ მთასიქეთელნი,

ნაპირის ადგილისანი.

მაგრამ ზურაბი ბეგარის შეძლებით არ დაკმაყოფილებულა და ხევსურეთისათვის ყმობა მოუთხოვია. ხევსურებს ყმობა არ მიუღიათ და გუდანის-ჯვრის ბრძანებით ზურაბზე გაულაშქრიათ. ბრძოლა მომხდარა სოფ. გუდანთან, ბეგენთ-გორთან, სადაც დიდი გმირობა გამოუჩენია ხევსურ მამუკა ქალანდაურს:

თან მოჰყვეს ქალანდაურსა

მამუკას შუქნი მზისანი,

ბეგენ-გორს ჩამოეწია,

ჯარნი ჭრნა ზურაბისანი.

ამ ბრძოლაში ზურაბი დამარცხებულა, მისი ლაშქარი განახევრებულა და დახოცილთა სისხლით ღულის წყალი წითლად შეღებილა:

გულის ძირს წისქვილნ დაბრუნდეს

ზურაბის სისხლის წყლისანი.

ამ გამარჯვების აღსანიშნავად ქალანდაურს ბეგენთ-გორში სამანი ჩაუდგამს :

ამამდით ამაბრუნდების,

სამანნ ჩაჰყუნდა, ქვილანი,

«ამას ვინც გადამიცილდას, —

ცოდვან ახკიდნა ხმლისანი; —

ვაჟ ვინაც იყვას, ესრე ქნას,

გუდანს ვინც ლახნა ქვისანი».

ამ ბეგენთ-გორში დღეს ერთი დიდი ლოდი დევს, რომლის ქვეშ, ხალხური თქმულებით, თვით მამუკა ქალანდაური ასაფლავია. ეს ადგილი წმინდა ადგილად ითვლება. აქ ცხენოსანი ხევსური ჩამოხტება და ფეხით გაივლის. ზოგი ამ ლოდზე სანთელსაც ანთებს და ლოცულობს.

ხალხური თქმულებით, ზურაბი ხევსურეთში ლაშქრობით რომ ვერას გამხდარა, მას ღალატისთვის მიუმართავს და ამ მიზნით ხევსურეთის თავკაცები თრუსოში დაუბარებია, ვითომც საქმეზე მოსალაპარაკებლად. ზურაბმა ხევსურები ნადიმზე მოიწვია და დანდობით მათ იარაღი აახსნევინა.

ხმლებს ნუ დაიხსნით, ხევსურნო ზურაბ არ დაინდობაო.

მაგრამ ცბიერ ზურაბს სტუმარ-მასპინძლობის ეს ადათი დაურღვევია და უიარაღო ხევსურები ნადიმზე ვერაგულად დაუხოციაო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ხევსური ალექსაური, რომელსაც ზურაბის მეღვინე მოუკლავს და გამოქცეულა. ამ ამბავს ხალხი დღესაც სიმწარით იგონებს:

ზურაბო ერისთვისშვილო,

სისხლისიმც დაგლევს წყალია!

თრუსოს აწიენ ხევსურნი,

ღალატიც დასჭერ თავია[1].

ამგვარად, თემობრივი ხევსურეთის ეს ბრძოლა მებატონე ზურაბის დამარცხებით დამთავრდა; თავის გამარჯვება ხალხს ასე გაულექსია:

ხევსურეთშია, ზურაბო,

ვერ იქამ ერისთობასა,

გაგიწვრილდება კისერი,

ვერ შესძლებ ქვეითობასა...


მე წინა გითხარ, ზურაბო,

ხევსური კაცი უტია,

ქალანდაურის ფრანგულმა

ხმალ შუქი გამოუტია[2].

ზურაბ ერისთავს სამუხრანბატონოზე ეჭირა თვალი, რომელიც არაგვის საერისთაოს სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდა. ზურაბი ქაიხოსრო მუხრანბატონს დაუპირისპირდა და ქართლში თეიმურაზი გაამეფა, მაგრამ მოტყუვდა. საქმე ის იყო, რომ თეიმურაზს მუხრანი თავის შვილის დათუნასათვის მიეცა. ამის გამო ზურაბმა თეიმურაზს სიმონ-ხანი დაუპირისპირა, რომელსაც ქართლის სამეფო ტახტზე მეტი უფლებები ჰქონდა, როგორც ქართლის ბაგრატიონთა ჩამომავალს. ზურაბმა „არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და დაუწყო საქმობა სვიმონ მეფეს პატარასა“[3]. იგი თბილისის ციხიდან გამოიყვანა და ქართლში გააბატონა. სვიმონი მამას ეძახდა ზურაბს და „არას იქმოდა მის გარდაუვალსა“. თეიმურაზი იძულებული შეიქნა უომროდ დაეთმო ქართლი. ზურაბმა თავის ჯარს ქალაქი გორი გააძარცვინა, დაზარალებულთა შორის ავგუსტინელი მისიონერები აღმოჩნდნენ, რომლებიც ზურაბს ეწვიენ და ქონების დაბრუნება მოითხოვეს. ზურაბმა მისიონერებს ქონება დაუბრუნა. ვინმე ზებედე-ბერმა კი გააფრთხილა ზურაბი: გამაჰმადიანებულ მეფეს ქვეშევრდომები მიბაძავენ და ქვეყანა დაიქცევაო. ზურაბმა იგრძნო დანაშაული და ცოდვა მოინანია, გადაწყვიტა ღალატით მოეკლა სიმონი[4]. ქართული წყაროების ცნობით, თეიმურაზი უფადარს მივიდა და შემოუთვალა ზურაბს „შეუგვანებელ არს განწირვად სიძისაგან სიმამრისა, გარნა ვიხელოთ უკანასკნელნი შენი და სვიმონისა“ (ვახუშტი, გვ. 437). შეწუხდა ზურაბი, მას სიმონი ქართლის მეფედ სურდა, ხოლო თეიმურაზი კახეთისა, ოღონდ ორივე მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო. თეიმურაზის წერილმა ზურაბს ბოროტი გადაწყვეტილება მიაღებინა. სხვილოს ციხეში ღალატით მოკლა სიმონი და თავი თეიმურაზს გაუგზავნა უფადარს. თეიმურაზს სიბრალული აღუძრა სიმონის ულმობელმა მკვლელობამ და გულწრფელად დაუტირებია ახალგაზრდა მეტოქე. ზურაბისადმი წყენა ჰქონდა გულში, მაგრამ მაინც შეთანხმდენენ სიძე-სიმამრი. სიმონ-ხანის სიკვდილში ზოგი წყარო თეიმურაზს სდებს ბრალს.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1629 წელს შაჰ-აბასი გარდაიცვალა, სიმონ-ხანი ყიზილბაშთა სულისკვეთების ნაშთი იყო საქართველოში. მისი მოკვლა ქრისტიანი მეფის სკიპტრის ქვეშ ქართლ-კახეთის გაერთიანების საწინდარი შეიქმნებოდა. ამიტომ ირანის ახალი მბრძანებელი — „კახთ-ბატონს გაუწყრა“. თეიმურაზს ისედაც აღიზიანებდა განდიდებული ერისთავი და სანდო კაცებს გაუმხილა: „აწ მნებავს სიკვდილი მისიო“. გადაწყდა და საფურცლეს მდგომმა ღალატით მოკლა სიძე. ფ. გორგიჯანიძის ცნობით, ზურაბის სიკვდილის ინიციატორი ხორეშან დედოფალი ყოფილა. ჯერ კიდევ ადრე ხორეშანი წინააღმდეგი იყო თავისი ასული დარეჯანი ზურაბისათვის მიეთხოვებინა. „ხორეშან დედოფალს მიცემა არ უნდოდა, იმისათვის რომ სამშობლოს ამოგდება იმათგან იყო, მაგრამ ღონე არ იყო, ამისთვის რომ მოურავი ქართლს ეცილებოდა. თუ ზურაბ ერისთავის ქალი არ მიეცა, მოურავს მიუდგებოდა და ქართლს იმას დააჭერინებდა“. ხორეშანი ზურაბს მისი ძმის ლუარსაბის სიკვდილში, როგორც გიორგი სააკაძის თანამებრძოლს ბრალს სდებდა. ასევე ცნობილია, რომ სანამ თეიმურაზის ცოლი გახდებოდა, ხორეშანი იყო ზურაბზე დანიშნული, მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა. შემდეგ, გიორგი სააკაძის დახმარებით ზურაბს მისი და ლელა ბატონიშვილი უნდა შეერთო. ყოველივე ამის შემდეგ არასრულწლოვანი ქალიშვილის ზურაბზე მითხოვების გამო წინააღმდეგი იყო დედა. ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, „ხორეშანი ზურაბის მიმართ ცუდად ყოფილა განწყობილი და თავისი მომხრეებიც ჰყოლია. დედოფალი და ქართველნი და კახნი ზურაბ ერისთავისათვის ავნი იყვნენ და დედოფლის ნებართვით ზურაბ ერისთავის სიკვდილი გამოარჩივეს... ნეფის სიმონის ბიძა ყაენის ყულარაღასია და სისხლს არ შეგვარჩენსო. მაშ ასე სჯობსო, ზურაბ მოჰკალითო და თავი ყაენს გავუგზავნოთო და ქართლის მეფის სვიმონის სიკვდილი იმას დავაბრალოთო და ქართლის მეფის სისხლი და ერანის ხელმწიფის რისხვა ამით ავიცდინოთო“.

1629 წელს ზურაბ ერისთავის გარდაცვალებას მთაში დიდი სიხარული გამოუწვევია. ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია:

ზურაბ, თან გახლდენ მსახურნი, ერთხან რო დაიბადეო,

გაითქვი ისპანანდენა, ყეენთან გაუზარდეო.

სადაც წასხი ლაშქარი, სულ ყველგან გაიმარჯვეო,

აშენებულა ოვსეთი, ხარ-ცხენი ამოლალეო,

წაგიქეს სოსლონის შვილი, წახვედ, ეგიცა ნახეო,

სოსლონის შვილის ლურჯაი სიმამრსა გაუგზავნეო.

ზურაბ გიბარებს სიმამრი: სიძევ, საფურცხლეს ვნახე,

ღალატ ჩემ გაგიბედავის, ღალატი ჩემიც ნახეო.

მოართვეს ხილი საჭმელად: სიძევ, შეექეც ხილსაო,

თავს გადგან მეღალატენი, მომსხდარნ ხყვან ყურის პირსაო .

ღალათ შეუწყვა ზყრაბმა, აჩქარდა, ზურნას ხსნისაო.

თუშთ მოურავის ხანჯალმა, ზურაბ გიწვდინა ცრუსაო.

ხმლითა სცა ყვაჩიხარჩიძემ: „დაჰკარით კახპის შვილსაო!“

ბარამს უბოძე, ბატინო ზურაბის ცხენი საღარი.

ტყავ-კაბა-საგანისშვილისა, ზედ ორაღანი.

კაცი წალალეთ ხევსურეთ, ფშავ-ხევსურეთის ჩაფარი;

უთხროდით ხევსურთ შვილებსა, ტანთ აიყარა აბჯარი.

დაწვან ლოგინზე უშიშრად, ძილ დაიძინონ მაგარი.

მოკლეს ზურაბი საბურცლეს, აღარ მოგივათ ლაშქარი.

წინამორბედი:
ბაადური
არაგვის ერისთავი
1620-1629
შემდეგი:
დათუნა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ა. შანიძე, „ხალხური პოეზია“, 1, ხევსურული, სახელგამი, 1913 წ., გვ. 6-9, ლექსი 18,19
  2. ნ. ურბნელი, „ისტორიული კვალი სახალხო პოეზიისა, ზურაბ არაგვის ერისთავი“, (გაზ. ივერია, 1888 წ., №238, 241
  3. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 413
  4. თ. ნატროშვილი, „მაშრიყიდან მაღრიბამდე“, თბ., 1974, გვ. 123-124