ზოროასტრიზმი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზოროასტრიზმის და ზოროასტრული კულტების ისტორია საქართველოში 3 პერიოდად შეიძლება დაიყოს:

ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქემენიდური ხანიდან სასანიანთა გამეფებამდე (ძვ. წ. VI - ახ. წ. III სს.) ზოროასტრიზმი საქართველოში ვრცელდებოდა უპირატესად ირანთან მშვიდობიანი ურთიერთობის გზით. ამ უძველესი პერიოდის ირანულ-ზოროასტრული მძლავრი გავლენის კვალი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (ტაძარი, კერპი, ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური და სხვა). ზოროასტრიზმი განსაკუთრებით ფეხმოკიდებული ჩანს ქართლის სამეფოს მმართველ ზედაფენაში, რისი მაჩვენებელიცაა მათ შორის გავრცელებული ირანულ-ზოროასტრული თეოსოფიური სახელები (ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ბაკური, ბარტომი, მირდატი, ადარნასე, აზორკი და სხვა). ძვ. წ. II საუკუნის შუ ხანებში მეფე ფარნაჯომი შუდგა ცეცხთაყვანისმცემლობას, რის გამოც ტახტი დაკარგა კიდეც. ერთ ხანს, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე არშაკიანების დინასტიის ერთ-ერთი შტო დამკვიდრდა, ზოროასტრიზმის რომელიღაც სახეობა, შესაძლებელია სამეფო კულტურის დონემდეც კი ამაღლდა. ამის საბუთი უნდა იყოს დედოფლის მინდორზე (ქარელის მუნიციპალიტეტი) აღმოჩენილი ძვ. წ. II-I სს. სატაძრო კომპლექსი, რომელიც უეჭველად უკავშირდება ცეცხლთაყვანისცემას (დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძვ. ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაება არმაზის სახელიც აქემენიდური ხანის აჰურამაზდას უკავშირდება. მცხეთაში ძველთაგანვე არსებობდა ცეცხლთაყვანისმცემელთა - მოგვთა ცალკე უბანი და ცხოვრობდა ზოროასტრიზმის მიმდევართა თემი.

III-VII სს.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანში სასანიანთა დინასტიის მეფობის ხანაში (III-VII სს.) ირანი ძალით ცდილობდა აღმოსავლეთ საქართველოში ირანული სახელმწიფო რელიგიის დამკვიდრებას. ამ დროს ზოროასტრიზმი საქართველოში ქრისტიანობის უძლიერესი კონკურენტი იყო. ქართველობა ცვალებადი წარმატებით, მაგრამ განუწყვეტლივ იბრძოდა ზოროასტრიზმის დანერგვის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის კვალი კარგად ჩანს იმდროინდელ ქართულ წერილობით წყაროებში (შუშანიკის და ევსტათი მცხეთელის მარტვილობები; ლეონტი მროველის, ჯუანშერის ცნობები და სხვა). ამ ბრძოლის მიუხედავად საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლადაც არსებობდა ზოროასტრიზმის მიმდევარი მოსახლეობა. ასე მაგ., მემატიანის ცნობით, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროს ნიქოზში იყო "საგზებელი ცეცხლისა" (ცეცხლის ტაძარი).

VIII-IX სს.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდგომი ხანაში, როცა ზოროასტრიზმი თვით ირანშიც დევნილ რელიგიად იქცა, VIII-IX საუკუნეებში საქართველოში ხდება ზოროასტრული კულტების ერთგვარი გამოცოცხლება, რაც შეიმჩნევა ნივთიერი კულტურის ძეგლებში (გველდესის საკურთხეველი, ბროწეულის ყვავილის თავიანი საკინძები და სხვა). ეს მოვლენა შეიძლება აიხსნას, როგორც რეაქცია არაბთა მძლავრობაზე და შედეგი ირანიდან ლტოლვილ ცეცხლთაყვანისმცემელთა შემოხიზვნისა საქართველოში.

შემდგომში ზოროასტრული კულტები საქართველოში მხოლოდ გადმონაშთების სახით განაგრძობს არსებობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში ზოროასტრიზმის მიმდევართა, ალბათ სპარსულენოვანი თემი, როგორც ჩანს, სახლობდა მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ამის უეჭველი საბუთია თბილისში, ფეთხაინზე დღემდე შემორჩენილი ცეცხლის ტაძრის - "ათეშგას" ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966;