ზესტაფონის კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზესტაფონის კრება 1892 წელს — მარქსისტულად განწყობილი ინტელიგენციის არალეგალური კრება. შედგა ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით 1892 წლის 25 დეკემბერს (ძველი სტილი) დაბა ზესტაფონში (ქუთაისის გუბერნია, შორაპნის მაზრა). კონსპირაციული მოსაზრებით კრებას საშობაო დღესასწაულის შეკრების ხასიათი მიეცა. ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, მ. ცხაკაია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ჟორდანია, ი. კაკაბაძე, დ. კალანდარიშვილი, კარლო ჩხეიძე, ი. კვიცარიძე, არსენ წითლიძე, ისიდორე რამიშვილი, ე. ვაწაძე და რ. კალაძე.

კრებაზე განიხილეს ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის შექმნის პროგრამის პროექტი, რომელიც ნოე ჟორდანიამ წარადგინა. იგი მკაცრად გააკრიტიკა და უარყო დამსწრეთა უმრავლესობამ, თუმცა კრების მონაწილენი ჯერ კიდევ გარკვევით არ იდგნენ სოციალ-დემოკრატთა პოზიციებზე, მათ გადაჭრით გამოთქვეს აზრი სოციალიზმის იდეების პროპაგანდის სასარგებლოდ. ზესტაფონის კრება გაგრძელდა 3 დღეს. მას არ მიუღია პროგრამა და რაიმე დადგენილება, მაგრამ სამაგიეროდ აქ საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ მარქსისტულ, სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას რომელსაც შემდეგში „მესამე დასი“ ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გეგეშიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 515.
  • ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების ისტორიის ნარკვევები, ნაწ. 1, თბ., 1971;
  • საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის ნარკვევები (1883-1970), თბ., 1971;
  • ცხაკაია მ., რუსეთის კომპარტიის არსებობის 25 წლისთავი (მოგონებები), «რევოლუციის მატიანე», 1923, № 2;