ზახორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზახორიახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ზახორის, ქვემო ზახორისა და შუა ზახორის გავრცელებული სახელწოდება. ზახორი მდებარეობს მდინარე ლეხურის ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში ზახორი შეტანილია „ქართლით” სახელდებულ თემში. სოფლის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს მდ. ლეხურის ზემოწელის მფლობელის აზნაურ ზახორ ღაზნელიძის სახელიდან, რომელიც XVI ს-ში ცხოვრობდა. 1625 წელს ანდუყაფარ ამილახვარმა ქსნის ერისთავთან ერთად ამოწყვიტა აზნაურ ღაზნელიძის ოჯახი, ხოლო მისი მამულები გაინაწილეს. XVII ს. საამილახვროს დავთრის მიხედვით ზახორში ცხოვრობდნენ ზურაბ ღაზნელიძის ყმები – ქართველი გლეხები, 1791 საბუთის მიხედვით ამოწყვეტილი ღაზნელიძის ყმებიდან ზახორში დარჩენილია მხოლოდ ოთხი კომლი. 1865 წელს ზახორი 21 კომლი მოსახლით ქსნის უბნის ზახორის სას. თემის შემადგენლობაშია. სოფელში, მდ. ლეხურის ნაპირას, საყარაულო ოთხკუთხა კოშკებია. არის აგრეთვე ტაძრის ნანგრევები. ზახორიდან 2 კმ-ზე ჩრდ-ით მდებარეობს ღაზნელიძის ციხე-დარბაზი, ე. წ. კაბერის ციხე. ციხე-დარბაზი შემოზღუდული ყოფილა ქვითკირის გალავნით, რომელსაც ჰქონია სათოფურები და ქონგურები. ძეგლი XVI ს. თარიღდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]