ზაქათალის ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზაქათალის ოლქი)
ზაქათალის ოკრუგის რუკა

ზაქათალის ოკრუგი (რუს. Закатальский округ) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში (1860-1918), საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1920-1921).

ზაქათალის ოკრუგი კავკასიის მთის სამმართველოს უფროსის დაქვემდებარებაში იყო 1870-1874 წლებში[1].

ზაქათალის ოკრუგი რუსეთის იმპერიის ამიერკავკასიის მხარეში გუბერნიებისაგან დამოუკიდებელი ოკრუგის სახით არსებობდა 1860-1917 წლებში[2][3][4][5][6][7][8].

შეიქმნა 1860 წელს. ექვემდებარებოდა სამხედრო ადმინისტრაციას და იყოფოდა 4 ნაწილად: ალიაბადის, ჭარ-მუხახის, ბელაქნის, და კაკის უბნებად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული ისტორიული ქრონიკები ამ ტერიტორიას აღწერენ, როგორც ქართველებით დასახლებულ ჰერეთის სამეფოს. X საუკუნეში კახეთის დედოფალმა დონარმა ადგილობრივი მოსახლეობა მართლმადიდებლურ (ბერძნულ-ქართულ) ქრისტიანობაზე მოაქცია. XI საუკუნის დასაწყისში მეფე კვირიკემ ჰერეთი კახეთს შემოუერთა. XV საუკუნეში საქართველოს მეფე ალექსანდრე I დიდმა კახეთი თავის უმცროს ვაჟს დავითს გადასცა, ამავე ჰერიოდში ჩამოყალიბდა ზაქათალის მხარე საიდანაც ქართველი მეფეები ჩრდილოეთკავკასიელების გადმოსვლისა და თარეშის შეზღუდვას ცდილობდნენ. მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა XVII ს-ის დასაწყისში როცა სპარსეთის შაჰმა აბას I-მა კახეთი ფაქტობრივად უკაცრიელი გახადა. ამ პერიოდში მისივე ხელშეწყობით ეს ტერიტორია თათრულმა ტომებმა და დაღესტნელმა ლეკებმა დაიკავეს, დარჩენილი ქართული მოსახლეობა კი გამუსლიმანდა (ინგილოები).

რუსეთის შემადგენლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლ-კახეთის სამეფო 1801 წელს

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, რეგიონის დამორჩილება მხოლოდ 1830 წელს ბრძოლით იქნა შესაძლებელი, რომლის ტერიტორიაზე წარმოიქმნა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული ჭარ-ბელაქნის ოლქი. 1844 წელს მას შემოუერთეს ელისუს სასულთნო.

1860 წლის 20 აპრილს ჭარ-ბელაქნის ოკრუგი გარდაიქმნა ზაქათალის ოკრუგად და დაექვემდებარა ზემო დაღესტნის მეთაურს[9], ხოლო 18 ივლისიდან კი სამოქალაქო ნაწილში კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა, სამხედროში — კვლავ დაღესტნის მეთაურს. ოკრუგის მთიანი მაღალები გადაეცა სამხრეთ დაღესტანის სამურის ოკრუგს[10].

1874 წლის 29 იანვრის დადგენილებით ზაქათალის ოკრუგის მართა-გამგეობა ჩაბარდა უშალოდ ზაქათალის ოკრუგის მმართველს, რომელიც თავის მხრივ დაექვემდებარა კავკასიის მთის მეთაურს[11].

მოსახლეობა 1886 წლის აღწერით 74 449 ადამიანს შეადგენდა. მის მხოლოდ ოთხ სოფელში ცხოვრობდნენ ქრისტიანი ქართველები, დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი ქართველი მუსლიმებისგან შედგებოდა. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1886 წელს ასეთი იყო: 40225 ლეკი, 21090 მუღალი, 12430 ქართველი.

სადავო ტერიტორია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 26 მაისიდან 1920 წლის 29 აპრილამდე ზაქათალის ოლქი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა. მართალია, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე არ მისულა, მაგრამ საკითხი ვერც დიპლომატიური მოლაპარაკებით ვერ გადაწყდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ადმინისტრაციული მოწყობით ზაქათალის ოკრგუგს ავტონომია მიენიჭა.

1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საქართველო-რსფსრ შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში აღიარა, თუმცა ცოტა მოგვიანებით, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ, ბაქოელმა ბოლშევიკებმა მოსკოვში პროტესტი გაგზავნეს და ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნება მოითხოვეს. საქართველოს დელეგაცია იძულებული გახდა, რომ ძირითადი ხელშეკრულების გარდა, 12 მაისს ხელი მოეწერა დამატებით შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, ზაქათალის ოლქის კუთვნილების ბედი შერეულ კომისიას უნდა გადაეწყვიტა. ბოლშევიკთა ანტიქართული პოზიციის გამო მოლაპარაკება გაიყინა და პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.

საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კი, რუსეთის კომპარტიის კავბიუროს ზეწოლის შედეგად, საქართველოს რევკომი დათანხმდა ზაქათალის ოლქის აზერბაიჯანის სსრ-სადმი გადაცემას. ეს ფაქტი დაფიქსირდა 1921 წლის 5 ივლისის საქართველო-აზერბაიჯანის დელეგაციათა კონფერენციაზე (დადგენილების მე-4 პარაგრაფი), შემდეგ იურიდიულად გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ებს შორის 1921 წლის 15 ნოემბერს ხელმოწერილ სასაზღვრო შეთანხმებით (მე-3 მუხლი). თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაქათალის ოლქი იურიდიულად საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში 6 თვის განმავლობაში შედიოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ისტორია / მეტრეველი რ., თბ.: ქართული უნივერსიტეტი, 2015. — გვ. 125-156, ISBN 978-9941-9450-0-7.
  • პაპუაშვილი თ., რანთა და კახთა სამეფო (VIII-IX სს.), თბ., 1982
  • პაპუაშვილი თ., ჭარ-ბელაქანი, თბ., 1972
  • პაპუაშვილი თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970
  • ბერძენიშვილი ნ., აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან // საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 3., თბ., 1966

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]