ვოლგისპირა მაღლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოლგისპირა მაღლობი
კოორდინატები: 53°07′ ჩ. გ. 46°36′ ა. გ. / 53.117° ჩ. გ. 46.600° ა. გ. / 53.117; 46.600
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული პენზის ოლქი
ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
თათრეთი
ჩუვაშეთი
სიმაღლე 384 
სიგრძე 500 კმ
სიგანე 810 კმ
ვოლგისპირა მაღლობი — რუსეთი
ვოლგისპირა მაღლობი

ვოლგისპირა მაღლობი (რუს. Приволжская возвышенность) — მაღლობი რუსეთში, აღმოსავლეთ ევროპის ვაკის აღმოსავლეთით, მდინარე ვოლგის შუა დინების მარჯვენა ნაპირის გასწვრივ. გადაჭიმულია ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდან (ჩრდილოეთით) ქალაქ ვოლგოგრადამდე (სამხრეთით). აღმოსავლეთით ციცაბო კალთებითაა შეჭრილი ვოლგაში, დასავლეთით დამრეცად დაბლდება ოკა-დონის ვაკისკენ. სიმაღლე 370 მეტრამდე (ჟიგულის მთები).[1]

ჭარბობს მეწყრებით გართულებული ეროზიული რელიეფი მრავალი ღრმა ხრამითა და ხევით; ადგილ-ადგილ — კარსტული რელიეფის ფორმები (ძაბრები, ღრმულები, მღვიმეები, ჩანაქცევები).[1] მაღლობის ზედაპირი შედარებით ადვილად მსხვრევადი მთის ქანებისგან: თიხისგან, მერგელისგან, ქვიშაქვისგან და ცარცისგან შედგება. ასევე, შედგება პალეოგენური, ტრიასული და იურული ეპოქის ქანებისგან. მიმდებარე რაიონებში უფრო რთული და ძველი დანალექი ქანებიც გვხვდება — ქვანახშირის კირქვა და პერმის ქვიშაქვა. მაღლობის კრისტალური ფუნდამენტი ღრმადაა დაწეული (800 მეტრზე მეტი).[2]

ცალკეულ, ყველაზე მეტად ამაღლებულ მონაკვეთებს მთები ეწოდება: ხვალისნკის, ზმეევის, ჟიგულის და სხვ. წარმოადგენს მდინარეების ვოლგისა და დონის წყალგამყოფს.[1] ჩრდილოეთით ფართოფოთლოვანი ტყეებია, რომელსაც ენაცვლება ტყესტეპი, სამხრეთ ნაწილში სტეპია;[3] დიდი ნაწილი იხვნება. ცნობილია ნავთობის, საწვავი აირისა და ფიქლების, ფოსფორიტების და სხვათა საბადოები. ტერიტორიის ნაწილი შედის ჟიგულის ნაკრძალის და სამარსკაია-ლუკას ბუნების ეროვნული პარკის შემადგენლობაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Приволжская возвышенность // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 470.
  2. Энциклопедия | Приволжская возвышенность
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 443.