ვიქტორ გოგლიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგლიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვიქტორ გოგლიძე
Victor 1935.jpg
ვიქტორ გოგლიძე
სახელი ვიქტორ გოგლიძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი 1905
დაბადების ადგილი სადგური ურსატევსკაია, ტაშკენტის ოლქი
გარდაცვალების თარიღი 22 სექტემბერი, 1964
გარდაცვალების ადგილი თბილისი
წოდება ოსტატი

ვიქტორ არსენის ძე გოგლიძე (დ. 27 ნოემბერი 1905, სადგური ურსატევსკაია, ტაშკენტის ოლქი — გ. 22 სექტემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი მოჭადრაკე. პირველი ქართველი ოსტატი (1930) და საერთაშორისო ოსტატი (1950). საქართველოს ჩემპიონი (1928), 1930-იან წლებში სსრკ ჩემპიონატების სამგზის მონაწილე. სპორტის დამსახურებული ოსტატი (1941), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1949), ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1957), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე (1936-1953). პროფესიით მშენებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1922 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ტაშკენტის გიმნაზია და ჩააბარა გამოცდები ტაშკენტის კონსერვატორიაში სადირიჟორო ფაკულტეტზე. 1920-იან წლებში გახდა უზბეკეთის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე. 1925 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში. 1928 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და იმავე წელს გაიმარჯვა ამიერკავკასიის ჩემპიონატში. 1928 წელს წააგო საკვალიფიკაციო მატჩი ნიკოლაი გრიგორიევთან (4.5/5.5), მაგრამ 1930 წელს მოუგო მატჩი ვლადიმერ ნანაროკოვს (8/5) და გახდა საქართველოს პირველი ოსტატი ჭადრაკში. 1933 წელს გაიმარჯვა სსრ კავშირის ოსტატთა ტურნირში, 1934 წელს აიღო პირველი ადგილი თბილისის ტურნირში ცნობილი ავსტრიელი ოსტატის ჰანს კმოხის მონაწილეობით. მოსკოვის (1935 – +4–4=11) და მოსკოვი–ლენინგრადის(1939 – +4–5=8) საერთაშორისო ტურნირების მონაწილე. სამგზის სსრ კავშირის ჩემპიონატების მონაწილე (საუკეთესო შედეგი 5–7 ადგილი,1937 – +5–2=12). ვიქტორ გოგლიძეს შეხვედრია ემანუელ ლასკერს, ხოსე რაულ კაპაბლანკას, სალომონ ფლორს, პაულ კერესს, სამუელ რეშევსკის, ანდრე ლილიენტალს, მიხეილ ბოტვინიკს, ვასილ სმისლოვს და სხვა კორიფეებს. როცა კაპაბლანკასთან პარტია ყაიმით დასრულდა (1935 წლის მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი), კაპაბლანკას უთქვამს: ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი მოჭადრაკე ჰყავს.

1940 წლიდან ვიქტორ გოგლიძე გადავიდა სახელმწიფო სამსახურში. 1954 წელს უბრუნდება ჭადრაკს და 1957 წელს გიორგი მერკვილაძესთან ერთად ხსნის საჭადრაკო სკოლას. მომდევნო წლებში სკოლაში გაიზარდნენ საქართველოს წამყვანი მოჭადრაკეები (ზ. აზმაიფარაშვილი, ე. უბილივა, ნ. იოსელიანი და ბევრი სხვა).

22 სექტემბერს ვიქტორ გოგლიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალვის დღეს 26 სექტემბერს იგი ცენტრალურ საჭადრაკო კლუბში გადმოასვენეს. მოვიდა უამრავი ხალხი – გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. სამგლოვიარო მიტინგზე გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვეს ქართული სპორტის ამაგდარმა, სპორტის დამსახურებული ოსტატი გიორგი მერკვილაძემ და ვიქტორის უახლოესმა მეგობარმა საშა ფალანდიშვილმა. გიორგი მერკვილაძემ თავის გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაამთავრა:

ვიკიციტატა
„საქართველოში ჭადრაკის განვითარებაში ვიქტორ გოგლიძეს უაღრესად დიდი როლი მიუძღვის, მრავალი საჭადრაკო ტერნნირის მონაწილემ, შესანიშნავმა მოჭადრაკემ თავისი პერტიების მდიდარი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მუდამ კეთილი, გულისხმიერი, უაღრესად თავაზიანი და კარგი მეგობარი – ასეთი იყო სახელოვანი მოჭადრაკე, ასეთი დარჩება იგი ჩვენს ხსოვნაში.“

XX საუკუნის 70-80-იან წლებში ტარდებოდა ვიქტორ გოგლიძის მემორიალური ტურნირები. 1995 წელს გაიხსნა ვიქტორ გოგლიძის მემორიალური დაფა წარწერით: ამ სახლში 1945-1964 წლებში ცხოვრობდა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ქართული საჭადრაკო სკოლის ფუძემდებელი ვიქტორ გოგლიძე. ქუჩა, სადაც ცხოვრობდა ვიქტორ გოგლიძე ახლა ატარებს ვიქტორ გოგლიძის სახელს.

წიგნები[რედაქტირება]

  • ვიქტორ გოგლიძის პარტიები (1926–1941)– თბილისი: 1949 — 108 გვერდი. 10 000 (რუსულ ენაზე)
  • ვ. გოგლიძე, ჰ. კასპარიანი – გამოჩენილ მოჭადრაკეთა 100 კომბინაცია. თბილისი: 1958 – 50 გვერლბ. 12300

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Шахматный словарь. — Москва: Физкультура и спорт, 1964. — С. 225.
  • Шахматы: Энциклопедический словарь. — Москва: Советская энциклопедия, 1990. — С. 86-87. ISBN 5-85270-005-3.
  • საქართველოს სპორტული ენციკლოპედია. თბილისი, 2005
  • საქართველოს ენციკლოპედია. თბილისი, 1975-1987
  • თენგიზ გიორგაძე. ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა. თბილისი, "საბჭოთა საქართველო", 1985, 10000
  • Борис Вайнштейн. Воспоминания о Витеке. Шахматный журнал 64. 1965
  • სალომონ ფლორი. ვიქტორ გოგლიძე ქართული საჭადრაკო სკოლის უძემდებელი. გაზეთი "კომუნისტი" – 24.12.1969

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]