ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110316135605/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"!ქართული ლუდის ისტორიისა და მისი გამოყენების ტრადიციის შესახებ"

!ელდარ ნადირაძე!

მსოფლიოს უძველესი ხალხებიდან ლუდს ამზადებდნენ შუმერები, ხეთები, ეგვიპტელები, ეთიოპიელები, ურარტუელები. თანამედროვე სამეცნიერო მონაცემების გათვალისწინებით ,უკვე სავსებით ნათლადაა გამოვლენილი ქართველ ტომთა კულტურულ– ეკონომიკური კავშირები ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციის შემქმნელებთან. აკად.გ.მელიქიშვილის მოსაზრებით, ,,ქართველმა ხალხმა თავისში მიიღო შუმერული, ხეთურ–ხურიტული, ურარტული ტომების მნიშვნელოვანი ნაკადი და ამ გზით მემკვიდრე შეიქმნა მათი კულტურისა"(გ. მელიქიშვილი, 1965, 50). ასეთი ურთიერთობა ერთგვარ წინაპირობას ქმნიდა იმისათვის, რომ სხვადასხვა კულტურულ–სამეურნეო ნოვაციებით კვალდაკვალ ქართველებს აეთვისებინათ ლუდის კულტურაც.

ძვ. წ.მე–5 საუკუნის ბერძენი გეოგრაფისა და სარდლის ქსენოფონტეს ურარტუში მოგზაურობის ჩანაწერებიდან ვგებულობთ, რომ ამ ქვეყანაში კარგად ყოფილა განვითარებული ლუდის სამეურნეო კულტურა და თავად მას ქერის ლუდი შეუსვამს დიდი ჭურჭლიდან ლერწმის ღეროს მეშვეობით (Ксенофонт 1951, 103).ურარტუს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ლუდის გასაფლიტრი თიხის ჭურჭელი, ლუდის შესაკაზმი მცენარის ურცის ნაშთები და ქერის მარცვლეული _ ძირითადი მასალა ლუდის მომზადებისათვის (Huber, 1926–28,103). როგორც ცნობილია,ურარტუს სახელმწიფოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართველური მოდგმის ხალხები. ურარტუს სახელმწიფოს დაცემის შემდეგ (ძვ.წ.580წ.),მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი მოექცა ქართველთა ჰეგემონიის ქვეშ და კულტურულ–სამეურნეო ურთიერთობის უაღრესად აქტიურ პირობებში შეუძლებელია ქართველებისათვის უცხო დარჩენილიყო ლუდის დამზადების ხელოვნება.

გასული საუკუნის 30–იან წლებში სამხრეთ საქართველოს პროვინციაში _ თრიალეთში,არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა ვერცხლის თასი, რომელზეც გამოსახული არიან ნიღბოსანი მამაკაცები. თითოეულ მათგანს ხელში უჭირავს გრძელი მოყვანილობის სასმისი და მწკრივში ჩამდგარნი მიემართებიან კომპოზიციის ცენტრში, სკამზე დაბრძანებული უფროსი ღვთაებისაკენ. ღვთაებას გვერდით ახლავს სამსხვერპლო პოზაში წარმოდგენილი ცხოველები, ხოლო უკან აღმართულია სიცოცხლის ხე. თასი წარმოადენს საიუველირო ხელოვნების უნიკუმს და თარიღდება ძვ.წ.მე–18 საუკუნით. ყველა მკვლევარი, ვინც კი შეეხო თასის შინაარს, ერთსულოვანია იმ ფაქტის აღიარებაში, რომ აქ წარმოდგენილია წმინდა სასმელის შეწირვის ცერემონიალი უფროსი ღვთაებისადმი. მსგავსი სიუჟეტი, სხვადასხვა ვარიანტებით, გავრცელებულია ძველი აღმოსავლეთის ხალხთა კულტურაში. სანიმუშოდ შესაძლოა დავასახელო შუამდინარეთში _ კერძოდ, ბაბილონში აღმოჩენილი საბეჭდავი, რომელზედაც გამოსახული არიან უმცროსი და უფროსი ღვთაებები, რომლებიც ლერწმის ღეროებით ეზიარებიან წმინდა ლუდს, აქაც როგორც თრიალეთურ სასმისზე, მთავარი ღვთაება ზის სკამზე. იქვეა სამსხვერპლო ცხოველი და სიცოცხლის ხის სტილიზებული გამოსახულება (Huber, 1926–28, ილ. 8) იმ სამეურნეო –კულტურული მასალის გაანალიზებითა და ისტორიული მონაცემების შეჯერებით, რომლებიც არსებობს წარმოდგენილი სიუჟეტების განხილვასთან დაკავშირებით, მეცნიერთაგან აღიარებულია, რომ აქ საქმე გვაქვს ლუდის,როგორც წმინდა სასმელის ზიარების ფაქტთან. მე–4–მე–3 ათასწლეულებში შუამდინარეთში ლუდის რამდენიმე ათეულ სახეობას ამზადებდნენ. იგი იყო ადგილობრივი სამეურნეო კულტურის პროდუქტი, მაშინ როცა ღვინო წარმოადგენდა ექსპორტის საგანს დას ამ რეგიონში მისი ფართო მოხმარება არ ხდებოდა. შუამდინარულ კრებულში ,,ხამურაბის კანონებში" საგანგებო ადგილი აქვს მიჩენილი ყალბი ლუდის დამამაზადებელთა დასჯას, რაც სასჯელის უმაღლეს ზომას იმსახურებდა. სხვათაშორის, თრიალეთის თასი და ამ კანონთა კრებული ერთი ეპოქით თარიღდება და კულტურული წრე, რომელიც იწყება ძველ შუამდინარეთში აშკარადაა გამოხატული სამხრეთ კავკასიაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებელია დავასკვანთ, რომ საქართველო მაშინდელ ეპოქაში უთუოდ სარგებლობდა მახლობელი აღმოსავლეთის კულტურული მონაპოვრებით, იქ მიღებული წმინდა სასმელის შეწირვის პრაქტიკა იმდენად იყო დამკვიდრებული ყოველდღიურ ყოფაში, შეუძლებელია მას ჩვენამდე არ მოეღწია. თრიალეთის თასიც ამის დასტურია. სხვათა შორის ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციის მკვლევართა შორის მიღებული აზრია, რომ ლუდის კულტურამ განვლო გზა ბაბილონიდან – ეგვიპტემდე, ხოლო ეგვიპტე–ეთიოპია –ურარტუ – სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში იქნა გავრცელებული(http://vinovodkapivo.ru/beer/2007/08/03/beer_1.htmlПиво - древнейший народный напиток).

შუამდინარეთსა და თრიალეთის მატერიალურ კულტურაში დაფიქსირებული სიუჟეტი ანალოგს პოულობს საქართველოს მთაში შემორჩენილ სასწესჩვეულებო რიტუალებთან, რომლებმაც თავისი არქაული ძირებითა და განვითარების მასშტაბებით ხევსურეთსა და თუშეთში მიაღწია უმაღლეს მწვერვალს.ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც ამ საკითხს ეხება არის ძალზე მდიდარი და მთლიანად ააშკარავებს, რომ ლუდი საქართველოს მთაში უძველესიდან მიიჩნეოდა წმინდა სასმელად და მათთან არ არსებობს სარიტუალო თუ საყოფაცხოვრებო ურთიერთობის საკითხი, რომელიც წყდებოდეს ლუდის გარეშე (ალ. ოჩიაური, 2005). ვინც ლუდის _ როგორც უძველესი სამეურნეო პროდუქტის საკითხს იკვლევს მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ხორბლეული კულტურისა და სამიწათმოქმედო იარაღების განვითარების მასშტაბი. თუ ხალხი არ ფლობს მიწათმოქმედების სათანადო დონეს და ელემენტარულად ,არ გააჩნია მარცვლეულის სათანადო მარაგი, შეუძლებელია ლუდის წარმოების კულტურას ფლობდეს. საქართველო არის უძველესი სამიწათმოქმედო ქვეყანა, იგი ითვლება ხორბლეულის კულტურების წარმოშობის ერთ–ერთ უძველეს ეპიცენტრად (Вавилов, Н.1926), ხოლო სამიწათმოქმედო იარაღების განვითარების თვალსაზრისით, უძველეს კულტურებში, ერთ–ერთ ყველაზე ძველი და დაწინაურებეული ცენტრია (გ. ჩიტაია, 1997, 9–24).

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთაში სახნავ–სათესი სავარგულები მცირე იყო, ქართველ მთიელებს საუკეთესოდ ჰქონდათ შეთვისებული მთური მიწათმოქმედების ყველა წესი, მათ გააჩნდათ ადგილობრივ–გეოგრაფიულ პირობებს მისადაგებული სახვნელი იარაღები და შრომის ორგანიზაციის სისტემური ხასიათი და ყველაფერს ახერხებდნენ საიმისოდ, რომ მოეყვანათ მარცვლეულის ის რაოდენობა, რომელიც დასჭირდებოდა სარიტუალო ლუდის მოდუღებას.

ზოგადად,ქართველ მთიელებში განსაკუთრებით ფშავ–ხევსურებთან და თუშებთან ლუდის მომზადება და მისი წმინდა სასმელად აღიარება არის უძირითადესი იდეა ღვთაებათა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ რელიგიური აქტის სამსახურშია ჩამდგარი სამეურნეო პროცესების დახვეწილი სისტემა, ესაა სახატო ორგანიზაციის მთელი კომპლექსი,რომელიც მოიცავს:ხატ–სალოცავს, დარბაზს, საზარეს, საკოდეს, ხატის ბეღელს, სადაც სალუდე მარცვლეული ინახება, ხატის კალოს, საკურატეს და სალუდეს _ სადაც ხდება ლუდის დადუღება და გაფილტვრა. ხატის მოსავალი მოიწევა ხატის მიწებზე და ბინავდება ხატის ბეღელში, რომელსაც გამოიყენებენ წმინდა ლუდისათვის.

ხატის საყმოს განაგებს ხევსურეთში_ ,,ხევისბერი", თუშეთში _ ,,დეკანოზი". ლუდს ადუღებენ განწმენდილი ადამიანები. ესენი არიან: ,,შულტა", ,,დასტური",,,მგოლავი", ,,მეძენგლე", ხოლო ასხამენ და არიგებენ ,,მშოებელნი" და ,,მელუდენი". სარიტუალო პროცესს წარმართავს ხევისბერი, რომელიც შუამდინარეთსა და თრიალეთში ზემოთ წარმოდგენილი სიუჟეტის მსგავსად ხელმძღვანელობს მთელ ამ რიტუალს.

ხატში ჩვეულებრივ წარმოდგენილია წმინდა სასმელი, სიცოცხლის ხე, სამსხვერპლო ცხოველები და წმინდა ლუდით ავსებული სახუცო კოჭობი, რომლითაც ხევისბერი ლოცავს ღვთაებასა და ხატის საყმოს. ამ ტრადიციულ წეს–ჩვეულებებში მკაცრადაა დაცული ყველა რიგის პრაქტიკული მოქმედება და მასში თავიდან ბოლომდე გამჟღავნებულია ლუდის კულტურის უძველესობა. ყოველივე ზემოთთქმული საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ ქართული ლუდის სამეურნეო სისტემა გამოირჩევა არქაულობით და უპრობლემოდ ექცევა იმ ისტორიულ–კულტურულ წრეში, რომელშიც შედიან მსოფლიოს უძველესი მელუდენი.

1. გ. მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965 2.Ксенофонт,Анабасис,Москва,1951 3.Hueber, Bier und Bierbeitung bei den Volkern der Urzeit, Berlin, 1926-1928 4.(http://vinovodkapivo.ru/beer/2007/08/03/beer_1.htmlПиво - древнейший народный напиток) 4.5.ალ. ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობების კალენდარი (ხევსურეთი), თბ., 2005 6.Вавилов, Н. Центры происхождения культурных растений,1926 7. გ. ჩიტაია, შრომები, ტ. 1, თბ., 1997