ვესტა (მითოლოგია)
ვიკიპედიიდან
ვესტა (ლათ. Vesta) - რომაელების ცეცხლის, ოჯახური კერის, ქალაქის თემის და კურიის მფარველი ქალღმერთი. ვესტას კულტი ერთერთი უძველესი ინდო-ევროპული კულტია და ოდითგანვე იყო რომში გავრცელებული. იგი მტკიცედ იყო დაკავშირებული ისეთ სიწმინდეებთან, როგორიცაა პალადიუმი, რომელიც ენეოსმა ჩამოიტანა და ვესტას ტაძარში ინახებოდა, როგორც რომის სიძლიერის სიმბოლო და რეგიუმი - მეფის საცხოვრებელი.
რომის დაარსების თქმულებებიდან ჩანს, რომ ვესტას კულტი რომზე ძველია, იგი ჯერ კიდე ალბა-ლონგაში იცოდნენ. რომის ლეგენდარული დამაარსებლის, რომულუსის დედაც ვესტას ქურუმი იყო.
ვესტას ტაძარი ააშენა რომის მეორე მეფემ ნუმა პომპილიუსმა პალატინის გორაზე. პლუტარქე დაწვრილებით აღწერს ამ ტაძარს, რომლის ცენტრშიც წმინდა ცეცხლი ენთო. იგი მიიჩნევს, რომ იგი მზის სიმბოლოა, რომელიც სამყაროს ცენტრშია.
ვესტას ქურუმბის შერჩევა ხდებოდა არისტოკრატიული ოჯახების ქალიშვილბიდან, მათ 6 - 10 წლის ასაკში ირჩევდნენ და 30 წლის მანძილზე უნდა შეენარჩუნებინათ ქალიშვილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცოცხლად მარხავდნენ. ვესტას ქალწულები ტაძარში მარადიულ ცეცხლს ინახავდნენ, რომელიც სახელმწიფოს ძლიერების და სტაბილურობის სიმბოლო იყო, მონაწილეობდნენ რიტუალებში და ამზადებდნენ ფქვილის, მარილისა და სამსხვერპლო ცხოველების ფერფლისგან მსხვერპლშესაწირავ ნარევებს (mola salsa).
თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ცუდ ნიშნად ითვლებოდა, მაგრამ ყოველი წლის პირველ დღეს ცეცხლს აქობდნენ და თავიდან ანთებდნენ წმინდა ხის ხეზე ხახუნით. მისგან ინთებოდა კურიების ცეცხლიც. ითვლებოდა, რომ ყოველ ცეცხლში არის ქალღმერთის სულის ნაწილი. ამასთან ერთად ტაძარში შენახული წმინდა ბზაც იცვლებოდა. კერძო სახლებში ვესტას ეძღვნებოდა შესასვლელი - ვესტიბიული.
შემდგომში ვესტას აიგივებდნენ დედამიწასთან, რომლის ბირთვშიც ცეცხლია. ვესტას ასევე პენატებს აკუთვნებდნენ, რადგან მაგისტრატუსები, როდესაც მოვალეობის შესრულებას იწყებდნენ, მსხვერპლს სწორავდნენ პენატებს და ვესტას.
ვესტას გამოსახავდნენ თავსაფრით დაფარული სახით, თასით, ჩირაღდნით, სკიპეტრით და პალადიუმით.
ვესტას დღესასწაული - ვესტალია, აღინიშნებოდა 9 ივნისს. დღესასწაულზე რომაელი ქალბი ფეხშიშველები მიდიოდნენ ვესტას ტაძარში და მსხვერპლს სწირავდნენ მას. ამ დღეს არ ამუშავებდნენ ვირებს, რადგან, თქმულების თანახმად, ვირის ყროყინმა გააღვიძა ქალღმერთი, როდესაც პრიაპუსი მის გაუპატიურებას აპირებდა.
ვესტას მსახურობა გრძელდებოდა 382 წლამდე, სანამ გრაციანუსმა არ შეწყვიტა იგი და არ ჩააქტო წმინდა ცეცხლი.
| რომის ღმერთები | |
| იუპიტერი | ბონა დეა | იანუსი | კვირინუსი | მარსი | მერკური | იუნონა | მინერვა | დიანა | ვენერა | ფლორა | ტელურა | ცერერა | ბაქუსი | ვერტუმნი | პომონა | ფავნი | ფავნა | ვესტა | ვულკანუსი | სატურნი | |


