ვერმიკულიტი
| ვერმიკულიტი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | სილიკატების კლასის მინერალი |
| ქიმიური ფორმულა | (Mg+2, Fe+2, Fe+3)3 [(AlSi)4O10]•(OH)2•4H2O |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | მურა, ბრინჯაოსებრ-მოყვითალო-მომწვანო ელფერით |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 1-1,5 |
| სიმკვრივე | 2400-2700 კგ/მ³ |
ვერმიკულიტი (ლათ. vermiculus – ჭიაყელა) — სილიკატების კლასის ჰიდროქარსების ჯგუფის მინერალი; ქიმიური შედგენილობა: (Mg+2, Fe+2, Fe+3)3 [(AlSi)4O10]•(OH)2•4H2O. მინარევებია K, Ti, Cu, Mn, Ni და სხვ.
კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. სტრუქტურა ფენობრივი აქვს, აგრეგატები – ფირფიტისებრი, ქერცლისებრი. მურა ფერისაა, ბრინჯაოსებრ-მოყვითალო-მომწვანო ელფერით.
სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 1–1,5; სიმკვრივე 2400–2700 კგ/მ³. 900–1000°C გახურებისას ფუვდება (მოცულობა იზრდება 15-25 ჯერ). გაფუებულ ვერმიკულიტს ახასიათებს მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებები. ვერმიკულიტი წარმოიქმნება ულტრაფუძე და ტუტე ქანების გამოფიტვის ქერქში, მცირე რაოდენობით – ბიოტიტის და ფლოგოპიტის ჰიდროთერმული შეცვლის შედეგად.
ვერმიკულიტი მოიპოვება რუსეთში (კოლის ნახევარკუნძული, ურალი და სხვ.); უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში (კოლორადო, მონტანა, ვაიომინგი) და ა.შ.
ვერმიკულიტს იყენებენ მშენებლობაში თბოსაიზოლაციო ნაკეთობათა, ბგერათშთანმთქმელი მასალის, მსუბუქი ბეტონის (ვერმიკულიტბეტონი), საბათქაშე ხსნარისა და სხვა დამზადების დროს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 372, თბ., 1979 წელი.